"სახიფათოა, რომ "რაიონის მაყურებლებს" პოლიტიკის მართვის ამბიციები გაუჩნდათ!" - "კომკავშირელები" ხელისუფლებაში?! - კვირის პალიტრა

"სახიფათოა, რომ "რაიონის მაყურებლებს" პოლიტიკის მართვის ამბიციები გაუჩნდათ!" - "კომკავშირელები" ხელისუფლებაში?!

მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენითაც მიიღო და ამით საკონსტიტუციო ცვლილებები დასრულდა.

თუმცა, სავარაუდოდ, პრეზიდენტი მიღებულ ცვლილებებს ვეტოს დაადებს. ყველასთვის მოულოდნელად, პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს მოუწოდა, ვეტოს გამოყენების შემდეგ პარლამენტს წარუდგინოს ბონუსის სისტემის გაუქმებისა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნების ინიციატივა, რომლის განხორციელების ვალდებულებაც მმართველმა გუნდმა აიღო. პრეზიდენტმა კონსუტაციები გამართა ოპოზიციასთან და ასევე საპარლამენტო უმრევლესობასთან, რომელსაც ირაკლი კობახიძე არ დასწრებია. ჯერჯერობით უცნობია, პრეზიდენტი საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- მთლიანობაში კონსტიტუციაში, ალბათ, ბევრი რამ პროგრესული და კარგიც წერია, მაგრამ შესაძლოა, ქვეყნის ძირითად კანონში ყველაფერი დემოკრატიულ პრინციპებს შეესაბამებოდეს და მხოლოდ ერთი გაუმართავი საკითხით მოხდეს მმართველობის უზურპაცია.

მთელი ამ ცვლილებების პროცესში სულ ორი მთავარი საკითხი იყო: პრეზიდენტის არჩევის წესი და პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლა, რაც სტაბილური, დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საქმე ის არის, რომ ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება, კონსტიტუციურად ჰქონდეს გამაგრებული პოლიტიკური და ინსტიტუციური ბალანსები, დღეს კი "ქართული ოცნება" უარს აცხადებს ხელისუფლების დაბალანსებაზე, რითაც აძლიერებს ძალაუფლების უზურპაციის რისკებს.

ინსტიტუციურ ბალანსზე როდესაც ვლაპარაკობ, ვგულისხმობ მაღალი ლეგიტიმაციის პრეზიდენტის ინსტიტუტს მანამდე, სანამ რეალური პოლიტიკური ბალანსის შესაძლებლობა გაჩნდება; ანუ მანამ, სანამ მულტიპარტიული სისტემა და კონკურენცია პარტიებს შორის ისე გაძლიერდება, რომ ისინი დააზღვევენ ერთმანეთს ძალაუფლების უზურპირებისგან. ამის უზრუნველყოფა კი პროპორციულ სისტემაზე გადასვლითაა შესაძლებელი. ეს იქნებოდა სტიმული პარტიული ინფრასტრუქტურის, პარტიული ელიტის განვითარებისთვის, რაც დღეს, სამწუხაროდ, სავალალო დღეშია.

ამასთან, დასრულდებოდა მაჟორიტარების, ფაქტობრივად, "რაიონების მაყურებლების" მანკიერი სისტემა, რაც გააჩენდა რეალურად პოლიტიკური ბალანსის შექმნის საფუძველს. პარტიების განვითარების შემდეგ, ამოიწურებოდა პრეზიდენტის საყოველთაო წესით არჩევის აუცილებლობაც. ხელისუფლებამ კი ყოველივე ამის ნაცვლად თავისი მოქმედებით განაცხადა, რომ არც ინსტიტუციური და არც პოლიტიკური ბალანსი არ სჭირდება.

ამის მიზეზად "მაჟორიტარების აჯანყება" დაასახელეს, რაც ძალიან სასაცილოა. რომელ მაჟორიტარებზე გველაპარაკებიან, რომლებიც მიშა სააკაშვილს ყველაფერს "უპრავებდნენ"?! ესენი რისი ამჯანყებლები არიან?

ერთადერთი, რაც მათ ამოცანას წარმოადგენდა და წარმოადგენს, სავარძლებიდან თავიანთი ბიზნესის "გადახურვაა". დღეს ჩვენ ვიხილეთ, რომ მაჟორიტარებს, იგივე "რაიონის მაყურებლებს", რომლებიც სააკაშვილის დროს თავწახრილები აჭერდნენ პულტებზე ხელს, ოღონდ კი მათ ბიზნესებს არ შეხებოდნენ, ამბიცია გაუჩნდათ, რომ თავიანთIი დღის წესრიგი შექმნან და მართონ პოლიტიკა, რაც ძალიან სახიფათოა.

ხელისუფლებამ კი გვითხრა, კი ბატონო, გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ მანამდე ოთხი წელი კიდევ მინდა ძალაუფლებით ტკბობა. მაცალეთ ეს ოთხი წელი და 2024 წლის მერე ან ვირი მოკვდება, ან იმის პატრონიო.

რაც შეეხება კობახიძის შეთავაზებას, პრაქტიკულად, მან პრეზიდენტს უთხრა, შემოიტანე ვეტოს სახით ის საკითხები, რისი გადაწყვეტის პრობლემაც მაქვს, გამიადვილე ცხოვრებაო.

ეს უკვე პოლიტიკური უტიფრობაა და მეტი არაფერი. ამ ახალგაზრდებს ახალ კომკავშირელებს ვუწოდებ. ზუსტად ასეთები იყვნენ ძველებიც. ეს ორგანიზაცია კი არ იყო მხოლოდ, იყო ცხოვრებისეული ფილოსოფია, რომელიც ამტკიცებდა თეთრზე შავს და პირიქით, თანაც სხვასაც აიძულებდა, ეს დაეჯერებინა.

კობახიძე პრეზიდენტს ეუბნება, პროტესტის გამო კი არ დაადო ვეტო, მე მჭირდება, ამიტომ ვეტოს ტექსტს დაგიწერ და იმაზე ხელი მოაწერეო, თან ამას ბედავს მთელი იმ პერიპეტიების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტის მიმართ პროტესტს მუდმივად გამოხატავდა. ეს წმინდად კომკავშირული საქციელია. საკვირველი ის არის, ასე რამ დაამსგავსა ეს ახალგაზრდები კომკავშირელებს?!

ვეტო პრეზიდენტისთვის არის პროტესტის გამოხატვის ფორმა, იმის ჩვენება, რომ არ იღებს ამ პროცესზე პასუხისმგებლობას. მას კარგად ესმის, რომ გრძელვადიან პერიოდში არა მთლიანად კონსტიტუცია, არამედ მხოლოდ ეს ორი საკითხი გახდება საჯილდაო ქვა ქართულ პოლიტიკაში, რამაც ქვეყანა შეიძლება მასშტაბურ კრიზისში გადაისროლოს (იხილე სრულად).