ლიტვა საქართველოს რუსულ დასახელებას - "გრუზიას" აღარ უწოდებს - კვირის პალიტრა

ლიტვა საქართველოს რუსულ დასახელებას - "გრუზიას" აღარ უწოდებს

"ეს სახელწოდება ქართველებს ახსენებს, რუსეთი, მათი დიდი მეზობელი ჩრდილოეთში, 1801 წლიდან თითქმის 200 წლის განმავლობაში ხისტი ხელით მართავდა მათ პატარა ქვეყანას, ავიწროვებდა კულტურასა და ენას"

შვეიცარიული გამოცემა «Neue Zürcher Zeitung» აქვეყნებს ანდორით ბოის სტატიას სახელწოდებით, "რატომ უნდა ლიტვას "გრუზიას" "საქართველოთი" შეცვლა?" , რომლის მიხედევითაც ვიგებთ, რომ ლიტვა საქართველოს რუსული დასახელებას აღარ უწოდებს

"ისევე, როგორც ბევრ სახელმწიფოს საქართველოსაც სახვადასხვა ენაზე სხვადასხვანაირი სახელწოდება აქვს. "საქართველო, ანუ ქართველთა ქვეყანა" - ასე ეძახის უძველესი ქართველი ხალხი თავის სამხრეთკავკასიურ სამშობლოს. სამხრეთელი და აღმოსავლელი მეზობლები მას "ვრასტანს"(სომხეთი) და "გურჯისტანს" (თურქეთი, აზერბაიჯანი) უწოდებენ. ინგლისურენოვან სახელმწიფოებში საქართველო "ჯორჯიას" სახელით არის ცნობილი (არ აურიოთ ამერიკული შტატის დასახელებაში!). რუსულად და სხვა სლავურ სახელმწიფოებში საქართველოს "გრუზია" ჰქვია.

ქართველებს ყველა ზემოთჩამოთვლილი დასახელება მოსწონთ, ერთის გარდა: "გრუზია" თბილისელ პოლიტიკოსებს თვალში დირესავით აქვთ. ეს სახელწოდება ქართველებს ახსენებს, რომ რუსეთი, მათი დიდი მეზობელი ჩრდილოეთში, 1801 წლიდან თითქმის 200 წლის განმავლობაში ხისტი ხელით მართავდა მათ პატარა ქვეყანას, ავიწროვებდა კულტურასა და ენას. როცა 2008 წლის ზაფხულში რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ, ქვეყნის რუსული დასახელება საბოლოოდ არასასურველი გახდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2011 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, გამოვიდა განცხადებით, რომ ყველა მეგობრულ ქვეყანას საქართველოსთვის რუსულ-სლავური "გრუზია" კი არა, ქართული "საქართველო" ეწოდებინათ. ბევრი წერილი გაიგზავნა სხვადასხვა ქვეყნებში ამ თხოვნით, მაგრამ იმ ხანებში სახელის შეცვლაზე მხოლოდ სამხრეთი კორეა დათანხმდა. იაპონიამ უარი განაცხადა, ასევე ლატვიამ და ლიტვამ, რომლებსაც, მართალია, კრემლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ მაინც. ჩეხეთმა ცნობად მიიღო ქართველების თხოვნა, მაგრამ არ განუხილავს. ამის შემდეგ სახელწოდების შეცვლის წინადადება თვითონ თბილისმაც დაივიწყა.

მაგრამ ახლა, ექვსი წლის შემდეგ, ლიტვამ მოულოდნელად თავისი პოზიცია შეცვალა. 2018 წლიდან მას განზრახული აქვს სამხრეთკავკასიური ქვეყნის დასახელებად Gruzija-ს ნაცვლად "საქართველო" – «Sakartwelo» შემოიღოს. "ქართველებს სიტყვა "გრუზია" არ უყვართ, - როგორც მასმედია იტყობინება, ასე უთქვამს ლიტვის პარლამენტის სპიკერს ვიქტორას პრანცკეტისს, - სახელის შეცვლა ქართველებისთვის ვილნიუსიდან მირთმეული კარგი საჩუქარი იქნებაო’. თუმცა, პირველ რიგში, ეს იქნება პანღური რუსეთისათვის".(წყარო)

შენიშვნა:

სტატიის ავტორს შეცდომა აქვს დაშვებული: 2011 წელს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ "გრუზიას" "საქართველო"-თი შეცვლის წინადადება კი არ წამოაყენა, არამედ "ჯორჯიათი", ანუ ვინც "გრუზიას" გვეძახდით, ახლა "ჯორჯია" გვიწოდეთო (იხ. წყარო).

მოამზადა სიმონ კილაძემ "ეს სახელწოდება ქართველებს ახსენებს, რუსეთი, მათი დიდი მეზობელი ჩრდილოეთში, 1801 წლიდან თითქმის 200 წლის განმავლობაში ხისტი ხელით მართავდა მათ პატარა ქვეყანას, ავიწროვებდა კულტურასა და ენას"