"თბილისი პანორამაზე" 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოიყო"
09-10-2017
"თბილისი პანორამაზე" 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოიყო"
"ჩვენ ვიღებთ­ პასუხისმგებლობას, რომ დედაქალაქი უნიკალურ საჯარო სივრცეს მიიღებს"

"თაბორის პროექტი წარმოადგენს სამსაფეხუროვანი სისტემის მესამე ნაწილს, რომელიც სოლოლაკისა და თავისუფლების მოედნის კომპლექსებს საბაგირო გზით დაუკავშირდება, რასაც მსოფლიოში ანალოგი არა აქვს"


დედაქალაქის საკრებულოში მორიგი ხმაურიანი სხდომისთვის ემზადებიან - პუშკინის სკვერის მიმდებარე და თაბორის მთის ტერიტორიის საკითხი მერიამ საკრებულოში უკვე გადაგზავნა და ახლა საბოლოო კენჭისყრის მოლოდინშია. საკრებულოში უკვე აცხადებენ, რომ 29 სექტემბრის მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი ზომების მიღებას გეგმავენ, თუმცა "ზომების
მიღებაში" სამართალდამცავი ორგანოების მობილიზება იგულისხმება­ თუ არა, ჯერ არავინ აკონკრეტებს. და მაინც, რა კეთდება თავისუფლების მოედანთან და რას მოიცავს ე.წ. პანორამა თბილისის პროექტი, რომელსაც თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს, სწორედ ფონდის ხელმძღვანელს ირაკლი ქარსელაძეს დავუკავშირდით:

"ტყუილია, რომ ეს კომპლექსი მხოლოდ სასტუმროს სტუმრებ­ისთვის იქნება ხელმი­საწვდომი"


- ის, რასაც
ოპოზიცია აკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით, სრული ნონსენსია - ცდილობენ საზოგადოებას მაქსიმალურად მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ და მეტიც, ეს სიცრუე დააჯერონ. რეალურად რა კეთდება "პანორამა თბილისის" ფარგლებში, დეტალურად გიამბობთ: მოგეხსენებათ, პროექტზე საუბარი 2014 წელს დაიწყო, ერთი წლის განმავლობაში­ საჯარო განხილვები და დისკუსია მიმდი­ნარეობდა, რომლის დასრულების შემ­დეგაც აბსოლუტურად რაციონალური პროექტი მივიღეთ.

თავისუფ­ლების მოედანთან აშენდება შვიდვარსკვლავიანი კომპლექსი, სადაც მოეწყობა საზო­გადოებრივი სივრცეები და ტყუილია, რომ ის მხოლოდ სასტუმროს სტუმრებ­ისთვის იქნება ხელმი­საწვდომი. მოგეხსენებათ, ამ ადგილას ადრე ცეკავშირის­ შენობა იდგა და ადრეც საჯარო სივრცეს­ წარმოადგენდა, თუმცა, ამჯერად გაკეთდება ე.წ. მწვანე შეჭრები, რაც რეკრეაციული სივრცის მოწყობას გულისხმობს, სწორედ ისეთის, როგორიც განვითარებულ ქვეყნებშია. პირველ სართულზე განთავსდება მაღალი დონის რესტორნები და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, მეორე სართულზე კი ორი საკონფერენციო დარბაზი,­ რომელთა ფართობია ჯამში 1000 კვმ. ერთი საკონფერენციო დარბაზი ოვალური ფორმის იქნება და დატვირთვაც განსხვავებულად წარმოგვიდგენია - ერთი საკონფერენციო დარბაზი იქნება გალერეის ტიპის, მეორე კი წმინდა საკონფერენციო, ეს ყველაფერი კი "მერიოტის" საერთაშორისო სტანდარტებით კეთდება. ტერიტორიის ზედა ნაწილზე საბაგირო მოეწყობა. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება საბაგიროთი ავიდეს სასტუმრომდე, სადაც 6 კატეგორიის 220 ნომერი მოეწყობა­ შესანიშნავი ხედებით თბილისზე. სასტუმროში ასევე იქნება A კლასის საოფისე და კომერციული ფართები, სპა, ფიტნესცენტრი და ინფინიტი-აუზი.

- რაც შეეხება "პანორამა თბილისის" ზედა ნაწილს - რა მოეწყობა მთაწმინდის ტერიტორიაზე და რატომ გახდა აუცილებელი თაბორის­ ორკილომეტრიანი ნაწილის კომპლექსისთვის დამატება?

- პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ 30 ჰექტარი საჯარო აუქციონით შევიძინეთ, რომელსაც წლების წინ ასევე შეძენილი 10 ჰექტარი კომპანიამ ამ კომპლექსისთვის მიამატა. ამ მასშტაბის ტერიტორიის მხოლოდ მაქსიმუმ ორ ჰექტარზე იგეგმება სასტუმროს აშენება, ისიც 2-3 სართულზე მაღალი კომპლექსის მშენებლობა თავიდანვე გამოვრიცხეთ. დანარჩენი სივრცე იქნება აბსოლუტურად რეკრეაციული ზონისთვის, სადაც გაკეთდება გოლფის მოედნები, ხელოვნური ტბა, ჩოგბურთის მოედნები, ველობილიკი და ა.შ. თაბორის ქედზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები მასშტაბური რეკრეაციული ზონის მოსაწყობად. ეს იქნება ახალი ფილტვები დედაქალაქისთვის.
თაბორის პროექტი წარმოადგენს სამსაფეხუროვანი სისტემის მესამე ნაწილს, რომელიც სოლოლაკისა და თავისუფლების მოედნის კომპლექსებს საბაგირო გზით დაუკავშირდება, რასაც მსოფლიოში ანალოგი არა აქვს.

სხვათა შორის, პერიოდულად ვეცნობით ტერიტორიაზე ხეების მდგომარეობას და უმძიმესი ვითარებაა - ხეები გახმობის პირასაა. მთელი ამ სივრცის მოსარწყავად და ასევე ბოტანიკური ბაღის­ ირიგაციით სრულად უზრუნველყოფისთვის ამერიკულმა კომპანიამ მოგვაწოდა პროექტი, თუ როგორ უნდა მივაწოდოთ მცენარეს ზუსტად იმ რაოდენობის წყალი, რაც მისთვის აუცილებელია. სწორედ ამ სარწყავი სისტემის მშენებლობისთვის გახდა აუცილებელი დამატებითი ტერიტორია. უნიკალური სისტემა მოეწყობა - გამოვიყე­ნებთ მტკვრის წყალს, რომელიც ამოიტუმბება და ტერიტორიის უმაღლეს მწვერვალამდე მივა. გზად დაემატება ტუმბოები იმისთვის, რომ წყლის პრობლემა ბოტანიკურ ბაღსაც არასოდეს შეექმნას.

- დოკუმენტურად დადასტურებული გაქვთ, რომ თაბორის ტერიტორიაზე საირიგაციო­ სისტემის გარდა სხვა ნაგებობის მშენებლობა­ არ იგეგმება?

- საცხოვრებელ სახლებს "პანორამა თბილისის" ტერიტორ­იაზე ვერავინ ააშენებს. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის რეკრეაციული ზონის მოწყობაზეა ლაპარაკი, ვაკის პარკის ტერიტორია 15 ჰექტარს მოიცავს, "პანორამა თბილისი" კი 40 ჰექტარ სიმწვანეს გულისხმობს, რაც უდიდესი შენაძენი იქნება დედაქალაქისთვის.

- თუ ამ მასშტაბის მშენებლობაზეა საუბარი და წყლის სისტემაზეც კი ამერიკული კომპანიის დასკვნით კოლოსალური ხარჯები გაითვალისწინეთ, რატომ მოითხოვეთ სახელმწიფო საკუთრების 1 ლარად გადმოცემა?

- ჩვენი განვითარების არც ერთ ეტაპზე არ გვიფიქრია სახელმწიფო კუთვნილების სიმბოლურ ფასად გადმოცემაზე. როგორც გითხარით, ფართობი ჯერ აუქციონზე შევიძინეთ, ნაწილი კი კერძო მესაკუთრეებისგან.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ ტერიტორიას, რომელიც ჯერ 1 ლარად არ გადმოგვცემია და მილიონობით ლარის ვალდებულებას გვაკისრებს - ჩვენ ვიღებთ­ პასუხისმგებლობას, რომ დედაქალაქი უნიკალურ საჯარო სივრცეს მიიღებს და ამისთვის კოლოსალურ თანხას დახარჯავს.

- სულ რამდენ მილიონს მოიცავს თქვენი ინვესტიცია?

- "პანორამის" ფარგლებში, რვა პროექ­ტისთვის 680 მილიონი დოლარის ინვესტიცია გვაქვს საორიენტაციოდ განსაზღვრული, რომელიც მოიცავს ხუთ პროექტს დედაქალაქში, სამს კი ზღვისპირეთში - განმუხურში, შეკვეთილსა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე.
კონკრეტულად "თბილისი პანორამაზე" 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოიყო.

"თბილისის ღირებული კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფა სახეზეა"


განსხვავებული მოსაზრება აქვს არქიტექტორ ირაკლი მასხარაშვილს:

- "პანორამა თბილისის" მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება თავიდანვე ჩამომიყალიბდა. მართალია, ხელმძღვანელებმა პროექტი განსახილველად გამოიტანეს, თუმცა, საღი აზრი არავინ გაითვალისწინა. ეს მხოლოდ საჯარო დისკუსიის ინსცენირება იყო, სადაც ყველა საუბრობდა, მაგრამ განსხვავებული აზრი არავის ესმოდა. შედეგს უკვე ვხედავთ - თბილისის ღირებული კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფა სახეზეა, არადა, თითქოს პროექტის განხორციელება კეთილი მიზნებით დაიწყო.

- რას გულისხმობთ კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფაში?

- ის, რაც თბილისისთვის დამახასიათებელია, აღარ არსებობს - შენობამ დაანგრია თავისუფლების მოედნის შერწყმული არქიტექტურა. რაც შეეხება თაბორის მთაზე მიმდინარე მშენებლობებს, აბსოლუტურად გაუგებარი კონცეფციაა და ზოგჯერ მგონია, რომ მშენებლობა დაგეგმილად კი არა, ინერციით მიმდინარეობს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით