"მგონი, ეს მშენებლები მარსიდან არიან ჩამოსული" - კვირის პალიტრა

"მგონი, ეს მშენებლები მარსიდან არიან ჩამოსული"

მომღერალი თემურ წიკლაური ფიქრობს, რომ დედაქალაქის მთავარი პრობლემა გადატვირთული მოძრაობაა და კარგი ხელმძღვანელი უპირველესად ამაზე უნდა დაფიქრდეს:

- კარგ მერს ქალაქი უნდა უყვარდეს და ეს არ არის ბანალური განცხადება, ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელმა გაამართლოს. ბევრი პრობლემა დაგროვდა თბილისში, განსაკუთრებით სატრანსპორტო მიმართულებით. მესმის, რომ დედაქალაქი ქვეყნის თავკომბალად გადაიქცა და მოსახლეობის დიდი ნაწილი თბილისში ლუკმაპურის საშოვნელად ჩამოდის, ისიც მესმის, რომ ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა და ეს არ არის მერის დანაშაული, თუმცა, იქნებ არსებობდეს გამოსავალი, როგორ განვტვირთოთ დედაქალაქი ამდენი საცობისგან?! მაგალითად, გმირთა მოედანთან ორი ავტოგასამართი სადგურია და ხომ შეიძლებოდა მისი ქალაქის სხვა ტერიტორიაზე გადატანა? მხოლოდ ხელისუფლებას ვერ მოვთხოვთ პასუხს, მოსახლეობამაც ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ და სიგარეტის ნამწვი ქუჩაში არ დავყაროთ. სწორედ ამიტომ არის ქალაქის სიყვარული მნიშვნელოვანი - მერი თბილისს როგორც საკუთარ დიდ ოჯახს უნდა უყურებდეს. სახლში რემონტს ხომ აკეთებს ადამიანი, შვილებსაც ხომ უვლის და მათზე ზრუნავს? აი, ასეთი მერი მინდა, მოსიყვარულე და მზრუნველი, რომელსაც ნებისმიერი ოჯახის გასაჭირი გულთან მიაქვს. ხეებს არ მოჭრის და გარემოს არ დაამახინჯებს.

- ახლა ჯერ კიდევ მოქმედ მერზე მიანიშნეთ, თუ არის თბილისის არსებულ კანდიდატებს შორის ადამიანი, ვინც არც ხეს მოჭრის და არც გარემოს დაამახინჯებს?

- სხვათა შორის, ჩემი სახლიდან ზუსტად ას ნაბიჯზე სკოლაა. ერთ დღესაც მშენებელი მოგვადგა, სკოლასა და თქვენს სახლს შორის 15-სართულიანი სახლი უნდა ჩავდგაო - მერიისგან ნებართვა უკვე აღებული ჰქონდა. ომი გამოვაცხადეთ და საბედნიეროდ, მშენებლობა შეჩერდა, სკოლის ეზო გადავარჩინეთ. მგონი, ეს მშენებლები მარსიდან არიან ჩამოსული, ასეთ ადგილებში მშენებლობა გაგონილა? ან დედაქალაქის ხელმძღვანელობა არ უნდა იყოს საქმის კურსში, სად გასცემს ნებართვას? მეტი ყურადღებაა საჭირო ჩვენი მხრიდანაც - უნდა გავაკონტროლოთ, სად რა შენდება, რა იჭრება და ა.შ. გულწრფელად მინდა ასეთი მერი გვეღირსოს, ოდესღაც მაინც. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, თავიდან ყველა ლამაზ დაპირებებს გასცემს. ხელმძღვანელად რომ მოდიან, რაღაცები იცვლება ხოლმე, თბილისი კი ამას არ იმსახურებს.

რუსუდან შელია