"სეპარატიზმის ამ ახალ ტალღას მსოფლიო ჯერ ვერაფერს პასუხობს" - კვირის პალიტრა

"სეპარატიზმის ამ ახალ ტალღას მსოფლიო ჯერ ვერაფერს პასუხობს"

ესპანეთში კონსტიტუციური კრიზისია. 1-ლ ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, კატალონიელთა 90%-ზე მეტს მიაჩნია, რომ კატალონია ესპანეთს უნდა გამოეყოს და ცალკე სახელმწიფოდ იქცეს, მადრიდს კი ამის გაგონებაც არ სურს. წინა კვირას ქურთისტანის დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდა ერაყშიც, სადაც ასევე 90%-ზე მეტს სურს ქურთისტანის ცალკე სახელმწიფოდ ხილვა. საერთაშორისო თანამეგობრობა და განსაკუთრებით დასავლეთი, საგონებელშია ჩავარდნილი - თითო კატალონია ხომ ყველას ჰყავს. უდავოა, რომ კატალონიის პრეცედენტის სათავისოდ გამოყენებას ეცდებიან სოხუმსა და ცხინვალშიც - მათ უკვე დაიწყეს ბარსელონასთან დიპლომატიური უვერტიურები. რა გავლენას მოახდენს კატალონიის რეფერენდუმი მსოფლიოსა და საქართველოზე? ამის შესახებ "კვირის პალიტრა" პოსტსაბჭოთა სფეროს კონფლიქტების მკვლევარს, პოლიტოლოგ ავიგდორ ესკინს ესაუბრა:

- ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორი რეფერენდუმი ვნახეთ - ქურთისტანსა და კატალონიაში. ორივე დამოუკიდებლობის მომხრეთა გამარჯვებით დასრულდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად დასაბუთებულია ამ რეგიონების პრეტენზიები, იქცნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად? და დღევანდელ მსოფლიოში რა განსაზღვრავს, გეკუთვნის თუ არა დამოუკიდებლობა?

- თუ გაეროს ქარტიას ჩახედავთ, იქ ორ ურთიერთგამომრიცხავ დოქტრინას იხილავთ - ერთი მხრივ, თვითგამორკვევის უფლება და მეორე მხრივ, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების პატივისცემა. მეორე მსოფლიო ომიდან 90-იან წლებამდე სახელმწიფო საზღვრები მეტ-ნაკლებად ხელშეუხებელი იყო. სეპარატიზმის ნიშნები იყო ირლანდიაში, იყო ბასკებთან, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება ახერხებდა ამ ყველაფრის კონტროლს, არსებობდა ერთგვარი პოლიტიკური ჯებირი. ასე გრძელდებოდა იუგოსლავიის კრიზისამდე, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ამერიკის ჩარევამ და კოსოვოს აღიარების პრეცედენტმა, თანაც - რეფერენდუმის გარეშე, გადამწყვეტი როლი ითამაშა და რეგიონებმა წესრიგის გადაფასება დაიწყეს. ვხედავთ, რომ თვითგამორკვევის ტენდენცია უფრო და უფრო მძაფრდება და საზღვრების გადახედვაა საჭირო.

- ეს მტკივნეული თემაა საქართველოსთვის. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ქურთული და კატალონიური რეფერენდუმები აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთზე? მით უმეტეს, რომ ცხინვალში სურთ, რეფერენდუმი ჩაატარონ და რუსეთს შეუერთდნენ...

- აფხაზებსაც და ოსებსაც სრული უფლება აქვთ, მოითხოვონ თვითგამორკვევა, მაგრამ თუ ამაზე მიდგა საქმე, ჯერ ის 200 000 ქართველი დევნილი დააბრუნონ, რომელიც ომის შემდეგ გამოაძევეს საკუთარი სახლებიდან და შემდეგ ჩაატარონ რეფერენდუმი.

ეს ხალხი აფხაზეთში უმრავლესობა იყო. თუ დამოუკიდებლობა სურთ, და სურთ, მსოფლიომ მათი ეს მისწრაფება სერიოზულად აღიქვას, ორი პირობა უნდა შეასრულონ. ჯერ დააბრუნონ ყველა დევნილი, რადგან დაუშვებელია, ხალხი აყარო საკუთარი სახლებიდან, ეთნიკური წმენდის შემდეგ კი ჩაატარო რეფერენდუმი და განაცხადო, რომ დამოუკიდებლობა გსურს. ასე არ გამოვა - ჯერ დევნილები დააბრუნონ და შემდეგ ერთად გადაწყვიტონ, როგორი იქნება აფხაზეთის მომავალი.

- და რაც შეეხება სამაჩაბლოს?

- მე ორი პირობა ვახსენე... მეორე პირობა ის არის, რომ დაცული იყოს ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები. ჩემზე კარგად იცით, როგორი დისკრიმინაციის ატანა უწევთ იმ ქართველებს, რომლებიც გალში ცხოვრობენ. ასეთ პირობებში რა რეფერენდუმზე შეიძლება ლაპარაკი?! მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ქართველები არიან ამ რეგიონის ავთენტური მოსახლეობა. აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარება დევნილების დაბრუნების გარეშე წარმოუდგენელია.

არც აფხაზეთსა და არც ე. წ. სამხრეთ ოსეთს ცალკე არავინ აღიქვამს სერიოზულად, მით უმეტეს, სუვერენულ სახელმწიფოდ არც ერთი თავმოყვარე სახელმწიფო არ აღიარებს. რაც შეეხება რუსეთთან შეერთებას, კრემლში უკვე მერამდენედ აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიის ანექსიით ისინი ვერაფერს მოიგებენ.

- ისევ კატალონიის თემას დავუბრუნდეთ... აშკარაა, რომ მადრიდი არ აპირებს, ამ სიტუაციას შეეგუოს და, როგორც ჩანს, არც კატალონია გეგმავს ფარ-ხმლის დაყრას. სად და რა არის ის ბარიერი, რომლის იქით არც ერთი მხარე არ წავა?

- ესპანეთის ისტორიას არაერთი სამოქალაქო ომი ახსოვს, ასე რომ, ვერაფერს გამოვრიცხავ. ირონიით ვიტყვი - მადრიდმა ყველაფერი იღონა, რომ სეპარატისტული განწყობა გაეღვივებინა. ისეთი სისულელეები აკეთეს - მიტინგის დაშლა, ძალის გამოყენება... ვერაფერს მიაღწიეს, გარდა იმისა, რომ ასეულობით ადამიანია დაშავებული და კატალონიაში უკვე ის ხალხიც კი, ვინც მანამდე ყოყმანობდა, ახლა დამოუკიდებლობას ემხრობა, რადგან არ სურთ, ამ ძალმომრეობის ჩამდენი მთავრობა მართავდეთ.

თუ მადრიდი ასე გააგრძელებს, კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდება. ისინი ზედიზედ უშვებენ უპატიებელ სტრატეგიულ შეცდომებს და შეიძლება ყველაფერი სწორედ კატალონიის დამოუკიდებლობით დამთავრდეს.

- როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება შემდეგი - ბასკები? შოტლანდიელები? ბავარიელები? ვალონელი ბელგიელები?

- დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ნაციონალიზმისა და სეპარატიზმის ამ ახალ ტალღას მსოფლიო ჯერ ვერაფერს პასუხობს. ისლამის ფაქტორიც არ დაგავიწყდეთ... თუ დღეს კატალონია ითხოვს დამოუკიდებლობას, შესაძლებელია, ხვალ იგივე მუსლიმმა ეთნიკურმა ჯგუფებმა მოითხოვონ ესპანეთსა და საფრანგეთში, ან თუნდაც გერმანიაში. ევროპას ისევ უჭირს, გაიაზროს, რომ რაც გუშინ ურყევი ჭეშმარიტება ეგონათ, დღეს დამაჯერებელი აღარ ჩანს.

- შეუძლია თუ არა კატალონიას, იარსებოს, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით დამოუკიდებელმა სახელმწიფომ?

- თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, რატომაც არა? თუ მათ ექნებათ ღია საზღვრები ესპანეთსა და დანარჩენ სამყაროსთან, თუ იქ დაცული იქნება დემოკრატიული პრინციპები და ა.შ., პრობლემა რაღა იქნება? თუ ლუქსემბურგს, ანდორას, გიბრალტარს შეუძლიათ, დამოუკიდებელი სახელმწიფოები იყვნენ, კატალონია რატომ ვერ შეძლებს ამას?

ვაჟა თავბერიძე