"საქართველოს გარშემო სრულიად ახლებური და სახიფათო კონფიგურაცია ლაგდება" - კვირის პალიტრა

"საქართველოს გარშემო სრულიად ახლებური და სახიფათო კონფიგურაცია ლაგდება"

"ირანსა თუ თურქეთთან ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ქვეყანამ ღირსება უნდა შეინარჩუნოს და ჯერ თავისი ინტერესები დაიცვას!"

"თქვენ რომ მოუსმინოთ, რას ამბობენ არაბი და ირანელი გიდები, გაოგნდებით. მაგალითად, არაბ ტურისტებს საქართველოს ისტორიას უყვებიან მხოლოდ არაბული ხალიფატის კონტექსტში. ირანელებს კი უხსნიან, აბას მირზას როგორ წაართვეს რუსებმა დროებით საქართველო და როგორ უნდა დაიბრუნონ უკან!"

საქართველოსა და ჩვენს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ბოლო დღეებში ჩვენს რეგიონში ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ერთი ის, რომ საუდის არაბეთის მეფე ჩავიდა მოსკოვში, რაც რუსების ახლო აღმოსავლეთში წარმოებული პოლიტიკის მნიშვნელოვანი შედეგია. როგორც ვიცი, მოილაპარაკეს და რუსეთის ეკონომიკაში უდიდესი არაბული ინვესტიცია განხორციელდება. რაც მოხდა, ძალიან სერიოზულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მთავარი საყრდენია.

მეორე უმნიშვნელოვანესი თემაა ის, რომ ბლოკადაში მოქცეულმა ირანმა, რომელსაც საბანკო ოპერაციების შესრულება შეზღუდული აქვს, ამ ორიოდე დღის წინ თურქეთთან დადო სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ირანის ბანკებისთვის თურქული ბანკების ხაზი გაიხსნა, რაც ნიშნავს, რომ ირანმა ბლოკადა, ფაქტობრივად, გაარღვია. შედეგად ირანს ხვალ სულ სხვა გავლენა და შესაძლებლობები ექნება.

გაგახსენებთ - ირანის მთავარი მოწინააღმდეგე რეგიონში საუდის არაბეთია, მოკავშირე კი - რუსეთი. გამოდის, რომ ჩვენ გარშემო სრულიად ახლებური და სახიფათო კონფიგურაცია იქმნება. ვერ გამოვრიცხავთ, რომ თურქებმა ეს ნაბიჯი აშშ-ის კარნახით გადადგეს იმისთვის, რომ ირანი მიბმული იყოს აშშ-ის მოკავშირეზე და არა - მხოლოდ რუსეთზე. ასე რომ,

რეგიონში სხვა თამაშის წესები შემოდის და რუსეთი საკმაოდ ლაღად გრძნობს თავს, რაც ჩვენთვის, შესაძლოა, მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.

- დასაწყისში სამხრეთიდან მომდინარე საფრთხეები ახსენეთ. ამას გულისხმობდით?

- არა მხოლოდ ამას. დღეს ჩვენში შეიქმნა ცალკე საზოგადოება, რომელსაც აქვს თავისი ინფრასტრუქტურა, ბიზნეს და კულტურული სტრუქტურები და რაც ყველაზე სახიფათოა - უსაფრთხოების სამსახურიც კი... ესენი არიან არაბები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. მათ წიაღში კრიმინალური ჯგუფებიც გაჩნდა, რომლებიც ჯერჯერობით ერთმანეთს ერჩიან, მაგრამ ხვალ რა იქნება, არ ვიცით.

ეს ხალხი არ ცნობს იმ სულიერ სივრცეს, რომელიც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. მათ თავისი კულტურა მოიტანეს, ანუ ჩვენთანაც ის პროცესი მიმდინარეობს, რაც ევროპაში, აშშ-ში... ამერიკა დიდია, გერმანია და სხვა ევროპული ქვეყნებიც ჩვენზე გაცილებით მყარად დგანან ფეხზე და შეუძლიათ ამ ყველაფრის გაძლება, ჩვენ კი ეს ძალიან გაგვიჭირდება.

თქვენ რომ მოუსმინოთ, რას ამბობენ არაბი და ირანელი გიდები, გაოგნდებით. მაგალითად, არაბ ტურისტებს საქართველოს ისტორიას უყვებიან მხოლოდ არაბული ხალიფატის კონტექსტში.

ირანელებს კი უხსნიან, აბას მირზას როგორ წაართვეს რუსებმა დროებით საქართველო და როგორ უნდა დაიბრუნონ უკან!

თურმე, ჩვენი კანონმდებლობით გიდების საკითხი ლიცენზირებული არ ყოფილა და ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. ეს ხომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია!

მუსლიმების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, სულ იმას ვამბობ, რომ უნდა შეიქმნას საგანმანათლებლო ცენტრები, სადაც ამ აღმსარებლობის ადამიანები რელიგიურ განათლებას მიიღებენ. მედრესეები უნდა გაკონტროლდეს და ყველგან კვალიფიციური კადრები ასწავლიდნენ. ეს ხალხი ჩვენი საერთო კულტურის ნაწილია.

...

ყველაფერს ვერ იტყვი გაზეთის ფურცლებიდან. სუს-ს ნურაფერს დავაბრალებთ. ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლა მხოლოდ მთავრობის კონსოლიდირებული მოქმედებით შეიძლება. არჩევნებზე ვისაუბრეთ, მაგრამ არ გვიხსენებია, ვთქვათ, ქვემო ქართლი, სადაც არჩევნების შედეგს განსხვავებული პირობები განსაზღვრავს. აქამდე თუ ვიცოდით, რომ ადგილობრივები ზოგჯერ ბაქოდან ელოდნენ მითითებას, ახლა მათი ნაწილი თეირანიდან თუ ანკარიდან ელის ამგვარ მითითებას.

არ ვამბობ, რომ ამაში მაინცდამაინც ამ ქვეყნების სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობენ, მაგრამ არიან რელიგიური თუ ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც ამ ყველაფრის მიღმა პოლიტიკას ქმნიან. ისლამის წინააღმდეგი არ ვარ, ეს არის ჩვენი სულიერი სივრცის ნაწილი, არც ჩვენი მეზობლების საწინააღმდეგო მაქვს რამე, მივიჩნევ, რომ ირანსა თუ თურქეთთან ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, მაგრამ ქვეყანამ ღირსება უნდა შეინარჩუნოს და ჯერ თავისი ინტერესები დაიცვას!