სად არიან და რას საქმიანობენ ქართული ოცნების "ჩამქრალი" ვარსკვლავები? - კვირის პალიტრა

სად არიან და რას საქმიანობენ ქართული ოცნების "ჩამქრალი" ვარსკვლავები?

მე-9 მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების" ბევრი ისეთი "ვარსკვლავი" ვერ მოხვდა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ წინა პარლამენტში ეკრანიდან ჩამოუსვლელად "კაშკაშებდა".

თუმცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, "დედა პარტია" დაპირდა , "გიპატრონებთ" და ყველა სადღაც დასაქმდებითო. გადავწყვიტეთ გაგვერკვია სად არიან და რას საქმიანობენ ეს ადამიანები დღეს, რომელთაგან ზოგმა ფრთიანი ფრაზებით, ზოგმაც მუშტი-კრივით გაითქვა სახელი.

ომარ ნიშნიანიძე მე-8 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომრის მოადგილე იყო და ყველაზე მეტად ქუთაისის საპორტო ქალაქად გადაქცევის იდეით დაგვამახსოვრა თავი.

როგორც ნიშნიანიძემ kvirispalitra.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ამჟამად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა.

"პროფესიით ისტორიკოსი, სრული პროფესორი ვარ და ლექციებს მსოფლიოს ისტორიაში, ანტიკურ და ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციაში ვკითხულობ. გარდა ამისა ინფრასტრუქტურის სამინისტროში მყარი ნარჩენებისა და გარემოს დაცვითი ღონისძიებების საკითხებში სამინისტროს მრჩეველი ვარ.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. პირადად მე კენჭს არ ვიყრი, მაგრამ ვინც იყრის, მათ დავყვები და ამ კუთხით ვაქტიურობ. მომავალში ვნახოთ სიტუაცია რას გვიჩვენებს, შეიძლება აქტიურ პოლიტიკაშიც დავბრუნდე. ყოველ შემთხვევაში პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ და კვლავ აქტიურ მოქალაქედ ვრჩები," - განაცხადა ნიშნიანიძემ.

მრავალგზის დეპუტატი თამაზ მეჭიაური მერვე მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების" სიით შევიდა, სადაც მოხვედრის ერთ-ერთი მიზეზი მისი და ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელობაც იყო.

მეჭიაურმა საკუთარი ხისტი პოზიციის და მკაცრი, ზოგჯერ იუმორისტული განცხადებებით იმდენს მიაღწია, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტსაც კი იკავებდა.

ამჟამად პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერი თიანეთის მერობის კანდიდატია და არჩევნებისთვის ემზადება.

"დიდი გაერთიანება რომ მომხდარიყო, ისეთი პოლიტიკური ძალების, რომლებიც ჩემს პოლიტიკურ გემოვნებასთან უფრო ახლოს იქნებოდა, შეიძლება თბილისში რაიმე პოზიციისთვისაც მებრძოლა. მხედველობაში მაქვს იმ პოლიტიკური ძალების გაერთიანება, რომლებიც ნატო-ს სკეპტიკურად უყურებენ. ასეთი ძალების გაერთიანება თუ მოხდებოდა, ძალიან დიდი შანსი ექნებოდა მინიმუმ მთავარი ოპოზიციური ძალა გამხდარიყო.

ამიტომ არჩევანი თიანეთზე გავაკეთე, რადგან იქით ვარ დაბადებული, ბევრი რამ მაკავშირებს. ჩემი არჩევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მომიწევს", - განაცხადა მეჭიაურმა.

"ქართული ოცნების" წევრი დავით ლორთქიფანიძე მე-9 მოწვევის პარლამენტში აღარ არის, თუმცა როგორც kvirispalitra.ge-სთან საუბრისას აცხადებს, წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული.

"ნამდვილად არ მქონდა სურვილი რომ არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა და საკრებულოს წევრი გავმხდარიყავი. ამ ეტაპზე ჩავთვალე, რომ ოთხწლიანი ძალიან დაძაბული წლები საკმარისი იყო. თუმცა ისევ პარტიაში ვარ და წინასაარჩევნო კამპანიაში ვარ ჩართული, ამჟამად კახის ვეხმარებით, რომ პირველივე ტურში თბილისის მერი გახდეს.

პოლიტიკაში ვრჩები და პოლიტიკურად აქტიურ ცხოვრების გაგრძელებას ვაპირებ. ჟურნალისტებიც უყურადღებოთ არ მტოვებენ ..." - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი ზურაბ ზვიადაური, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში იყო და ძირითადად მუშტის იმედად დეპუტატობდა, პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს. როგორც ზვიადაურმა kvirispalitra.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ამჟამად გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში მუშაობს.

როგორც ცნობილია, ყოფილი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი შპს "თეთნულდი დეველოპმენტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს, თუმცა ინფორმაციის გადასამოწმებლად kvirispalitra.ge სოსო ჯაჭვლიანს ვერ დაუკავშირდა.

გთავაზობთ რამდენიმე ფრთიან ფრაზას, რომელის ქართული პოლიტიკის ისტორიას ამ ადამიანებისგან დარჩა:

თამაზ მეჭიაური პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე:

"ბიძინა ივანიშვილს დავადანაშაულებ იმაში, რომ მან ერთ "ენჯეოელ სოროსელს", რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა, რომლითაც ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც"

რას ნიშნავდა სოსო ჯაჭვლიანისთვის EBRD-ი:

"ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი "იბიარდზე" იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე "იბიარდზე" ვერასოდეს ვერ ვიქნები - მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ "იბიარდზე" 10 წლის განმავლობაში. ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას. ამიტომ "ნაიბიარდები" ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ"

ომარ ნიშნიანიძე:

"ახალი აბრეშუმის გზა, ჭოგნარიდან დანახული. შორს, ბოლოში ვარციხე (ვარდციხე-როდოპოლისი) ჩანს, საიდანაც სანაოსნო რიონი იწყება, უფრო სწორედ იყო ერთ დროს, და მალე მოვა დრო როცა კვლავ აგუგუნდება "პარახოდი" რიონზე, უცხოელი ინვესტორები დაინტერესდნენ პროექტითო... ვოტ!"

იხილეთ ასევე: "ყველაფერს დაფიქრებით ვამბობ და ბოლომდე "ვაწვები" - სოსო ჯაჭვლიანი იმ ქალებს ასახელებეს, ვისთანაც "უმუშავია"

ლიკა ამირაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

EBRD