"მან პატივი უნდა სცეს თავის სამშობლოს, რომლის მოქალაქეობაზე უარი თქვა" - რა განაცხადა მარგველაშვილმა სააკაშვილსა და ივანიშვილზე? - კვირის პალიტრა

"მან პატივი უნდა სცეს თავის სამშობლოს, რომლის მოქალაქეობაზე უარი თქვა" - რა განაცხადა მარგველაშვილმა სააკაშვილსა და ივანიშვილზე?

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსულ ტელეკომპანია «ТВ Дождь»-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ისაუბრა, თუ როგორ შეიცვალა ქართული პოლიტიკა პოსტსაბჭოთა პერიოდში, როგორი ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა მისმა ქვეყანამ და თანახმაა თუ არა საქართველო მშვიდად შეურიგდეს იმ ცვლილებებს, რომელიც 2008 წლის "აგვისტოს ომმა" მოიტანა, მათ შორის ტერიტორიულ დანაკარგებს. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველოს ურთიერთობაზე რუსეთთან, ევროკავშირთან, ნატოს სამხედრო ბლოკთან. მან ილაპარაკა იმის შესახებაც, თუ რა რეაქციას მოახდენს თბილისი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმების ჩატარების შემთხვევაში (რუსეთთან მათი მიერთების მიზნით). გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა აგრეთვე კითხვებს ბიძინა ივანიშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან მისი ურთიერთობის თაობაზე", - ნათქვამია ინტერვიუს დასაწყისში.

გთავაზობთ ამონარიდებს:

- ბატონო პრეზიდენტო, მე მინდოდა იმით დამეწყო, თუ რა ხდება რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებში. საქართველოს ხელისუფლების ბევრი კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ უცნაური სიტუაციია შექმნილი - ერთი მხრივ, საქართველო არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის მიმართ შექმნილ სიტუაციას, მეორე მხრივ - გსურთ ურთიერთობა რუსეთთან ეკონომიკის, ვაჭრობის და სხვა სფეროებში. თქვენ ხედავთ რაიმე წინააღმდეგობას ამ თვალსაზრისში?

- მივესალმები თქვენს სატელევიზიო არხს, რომელიც საინტერესო არხია, მას ბევრი უყურებს საქართველოში.. თქვენ ახსენეთ წინააღმდეგობა... გერმანიაც დაყოფილი ქვეყანა იყო საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, მაგრამ ასევე იყო იმედები, რომ გაერთიანდებოდა... რუსეთმა საქართველოს ნაწილის ოკუპირება მოახდინა და არა მარტო ოკუპირება, არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაც აღიარა, რაც ანომალიას წარმოადგენს ისტორიაში. მაგრამ, რადგანაც ჩვენ რეალობაში ვცხოვრობთ, აუცილებლად უნდა განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება და პრობლემები მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ. რასაკვირველია, მე მესმის, რომ ეს არ თავსდება რაღაც საერთო სტანდარტებში, იდეალურ ურთიერთობებში, შესაძლოა ეს ძნელი ასახსნელიც იყოს... მაგრამ რას ვიზამთ, რეალობა ყოველთვის არაა ადვილი ასახსნელი... ჩვენ დასჯილები ვართ ჩვენი სურვილის გამო - ვიყოთ დამოუკიდებლები. ჩვენ რუსეთმა დაგვსაჯა, რაც ოკუპაციაში გამოიხატა, თუმცა ჩვენმა პატარა ქვეყანამ რუსეთის დიპლომატიაზე გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა.

- მიდის ლაპარაკი სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების შესახებ, რუსეთთან შეერთების მიზნით. თუ მართლაც ჩატარდება რეფერენდუმი (შედეგი როგორი იქნება, ალბათ, გასაგებია), რა რეაქციას მოახდენს საქართველო?

- გულახდილად რომ გითხრათ, მე არ მესმის მცდელობა იმისა, რომ ეს ყველაფერი ლეგიტიმურ პროცესად წარმოაჩინონ, რაღაც რეფერენდუმის და რაღაც ხელშეკრულებებით მოსკოვსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის, რაღაც საელჩოების გახსნით... ეს ხომ რეალური პროცესების მხოლოდ იმიტაციაა? არ შეიძლება იქ რეფერენდუმის ჩატარება, სადაც ეთნიკური წმენდაა განხორციელებული. ხომ მოხდა ეთნიკური წმენდა? დიახ, მართლაც მოხდა. ჰოდა, არ შეიძლება იმის იმიტაცია მოახდინო, რომ ეთნიკური წმენდის შემდეგ ეს რეფერენდუმი ლეგიტიმური იქნება. ეს უკვე დაცინვა იქნებოდა რეფერენდუმის არსისა და ყველა იმ პროცესის მიმართ, რისი იმიტაციასაც ცდილობენ. არ შეიძლება რაღაც ე.წ. საერთაშორისო ხელშეკრულება გააფორმო იმ ტერიტორიასთან, რომლის ოკუპაციაც შენ მოახდინე. ვისთან დებ ხელშეკრულებას, საკუთარ თავთან?

- ვთქვათ და თქვენ შეთხვევით შეხვდით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, სადღაც, რომელიმე საერთაშორისო ფორუმზე... რას ეტყოდით?

- თქვენი კითხვა საკმაოდ არაორდინარულია, რადგან სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრები და მოლაპარაკებები ჩვეულებრივად ზუსტად ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, წინასწარ "დახაზული ოქმების" მიხედვით ხდება... იცით, მე ვერ გეტყვით, როგორ და რა სიტყვებით გამოვხატავ და საერთოდ, გადავწყვეტდი თუ არა ამგვარ არაოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობას, მაგრამ ჩემი მთავარი ემოცია რუსეთის პრეზიდენტის მიმართ კი არ იქნებოდა (მე მასთან არანაირი პირადი ურთიერთობა არ მაკავშირებს), არამედ რუსეთის ფედერაციის და რუსი პოლიტიკოსების მიმართ. ეს იმაში გამოიხატება, რომ საჭიროა მოიძებნოს მომენტი და ვისაუბროთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ქართველებისა და რუსების თვალსაზრისით და არა ისე, რომ ვთქვათ, მე პოლიტიკოსი ვარ და ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ჩვენი ინტერესები ამაში და იმაშია, რომ აქ ჩვენ "წითელ ხაზს" გავავლებთ და ა.შ. იცით, ეს მხოლოდ სიტყვებია, რომლებიც რიგითი ქართველებისა და რუსების ურთიერთობის საკითხებს ვერ წყვეტს.

- როგორია თქვენი წინამორბედის, ვინც ამ კაბინეტში ადრე მუშაობდა, მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობა?

- მიხეილ სააკაშვილს, ისევე როგორც ყველა სხვა პოლიტიკოსს, აქვთ თავისი მინუსები და პლუსები. მან რეალურად გაიმარჯვა კორუფციაზე, მან შექმნა სახელმწიფო მომსახურების სტრუქტურა, რომელიც დღესაც ეფექტურად მუშაობს მოსახლეობისათვის (მაგალითად, პოლიციის პატრული, საბაჟო და სხვა სამსახურები). ეს ფაქტია და ეს სამსახურები დღესაც ეფექტურად მუშაობენ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვის ხარჯზე მოხდა, ასევე ხდებოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეზღუდვა... ესენიც ფაქტებია. შესაბამისად, ქართველმა ხალხმა ამგვარ ფაქტებზე რეაგირება მოახდინა და მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ჩვენი მთავრობით - "ქართული ოცნების" მთავრობით შეცვალა.

- დასავლეთში ზოგიერთები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უსამართლოდაა აღძრულიო. რა თქმა უნდა, ამას თქვენ არ აკეთებთ, ამას პარლამენტის დეპუტატები ითხოვენ პროკურატურისაგან ექს-პრეზიდენტისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ, თუმცა მათ რაიმე გიგანტური მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. მოკლედ, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია თუ არა საქართველოში დაბრუნება ისე, რომ აქ რაიმე სისხლის სამართლის დევნა არ დაუწყონ?

- მე ვფიქრობ, რომ, რასაკვირველია, რაღაც საქმეები არსებობს, მაგრამ მე მათ კომენტირებას არ მოვახდენ, ეს პროკურატურის საქმეა... მოდით, მე გულწრფელად გეტყვით არა როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც წინა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი: შეიძლება თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული იყოს ჩადენილი? მე ეს კითხვა არც ადრე მაკვირვებდა და არც ახლა მაკვირვებს. რაც შეეხება დაბრუნებას... საერთოდ, მან პატივი უნდა სცეს თავის სამშობლოს, რომლის მოქალაქეობაზე უარი თქვა.

- თქვენ როცა პრეზიდენტი გახდით, მჭიდრო ურთიერთობა გქონდათ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა ერთი წლის თუ წლინახევრის შემდეგ მან განაცხადა, რომ თქვენს მიმართ იმედი გაუცრუვდა. როგორია დღეს თქვენი დამოკიდებულება იმ ადამიანთან, რომელსაც საქართველოს რეალურ მეფედ მიიჩნევენ?

- ჩვენ შორის ურთიერთობა უკვე ოთხი წელია შეწყდა.

- და რატომ?

- ეს პირადი საკითხების გამო მოხდა... მე არ მაქვს იმის სურვილი, რომ სატელევიზიო ინტერვიუში განვიხილო და არც არასდროს მისაუბრია ამის შესახებ მასმედიით. მე ვფიქრობ, რომ მათი განხილვა საჭირო არაა. ეს არის ურთიერთობა ერთ სახელმწიფო ჩინოვნიკს (რომელიც მე გახლავართ) და მოქალაქეს შორის. ეს პირადი ურთიერთობებია. მე არ მსურს მათი საჯაროდ განხილვა, თუმცა საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს იმის უფლება, რომ ჩემს შესახებ ილაპარაკოს. ეს დემოკრატიის პრინციპია. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ