როგორ იქმნებოდა ქართული დროშა - კვირის პალიტრა

როგორ იქმნებოდა ქართული დროშა

სტატია გაზეთ "კვირის პალიტრის" 2017 წლის არქივიდან:

"საბჭოთა საქართველოს დროშაზე ცისფერი მზე მთლიანი სხივებით გამოსახეს, რაც ცუდი სიმბოლო იყო. მთლიანი სხივებით გამოსახული მზე ჰერალდიკაში დაისს ნიშნავს და ის სიკვდილისა და უბედურების სიმბოლოა. ჩვენს დროშასა და გერბზეც სწორედ ჩამავალი მზე იყო გამოსახული"

სახელმწიფო დროშა ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლოა და მას ერის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დანიშნულება ეკისრება.

"კვირის პალიტრასთან" საქართველოს გერბის ავტორი, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძე საუბრობს:

- 1918 წელს, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს დროშის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, მსოფლიოში ძირითადად სამფეროვანი დროშა იყო მიღებული, რაც მაშინ რესპუბლიკანიზმის სიმბოლოდ აღიქმებოდა. დიდხანს ბჭობდნენ, როგორი უნდა ყოფილიყო დროშა, როგორც ქართველი ხალხის თვითმყოფადობის სიმბოლო - დროშების ესკიზის შექმნა მაშინ იაკობ ნიკოლაძემ დაიწყო. საქართველოს დროშის თავდაპირველ ვარიანტში სამი ფერი მთლიანი ზოლებით განიხილებოდა, თუმცა პოლიტიკოსების გავლენით და ჩვენ ვიცით, რომ მაშინ ქვეყანას სოციალ-დემოკრატები განაგებდნენ, სამი ფერიდან წითელი დომინანტი გახდა. სოციალ-დემოკრატები სახელმწიფო დროშას ბოლომდე მაინც არასოდეს აღიარებდნენ - 1920 წელს, როდესაც საქართველოში ინტერნაციონალი გაიმართა, სახელმწიფო დროშა გამოფენილი არ იყო და სხვა სახელმწიფოების დროშებთან საქართველოდან მხოლოდ წითელი - უშუალოდ სოციალ-დემოკრატების დროშა ფრიალებდა. არქივიდან ირკვევა, რომ მაშინდელმა საზოგადოებამ დიდი ძალისხმევით მოახერხა წითელი დროშის ჩამოხსნა, რათა სამფეროვანი დროშა აღემართა.

1918 წლის კანონში წერია, რომ "სახელმწიფო დროშა წითელი ანუ შვინდისფერი" უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ ჩანაწერმა მოგვიანებით შეაცდინა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები - 1988 წელს, როდესაც პირველად აფრიალდა საბჭოთა კავშირის მმართველობის პერიოდში სამფეროვანი დროშა, სიტყვა - "შვინდისფერი" წაიკითხეს, როგორც ნამდვილი შინდისფერი, არადა, 1918 წელს შინდისფრად ალისფერ წითელს მოიხსენიებდნენ. შესაბამისად, 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყნის სახელმწიფო დროშა გამუქდა, თუმცა

ვისაც ლევილში საქართველოს დროშა ჰქონდა ნანახი, ყველა აღნიშნავდა, რომ 1918 წელს სახელმწიფო სიმბოლო წითელი იყო.

- რა დატვირთვა ჰქონდა სამფეროვანი დროშის შექმნისას შავ-თეთრის კომბინაციას?

- შავი, თეთრი და წითელი იმდროინდელი გერმანიის დროშის ფერები გახლდათ, გერმანია კი, მოგეხსენებათ, საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე იყო. მეტიც, ჰიმნი "დიდება", რომელიც ასევე 1918 წელს დაიწერა, პირველი ტაქტებით მიმსგავსებულია იმდროინდელი გერმანიის ჰიმნთან. როგორც ჩანს, დროშის ფერები სწორედ გერმანიის პოლიტიკური გავლენით შეირჩა. ამბობდნენ, რომ დროშაზე შავი ფერი წარსულის მაჩვენებელი იყო, თეთრი კი - მომავლის, მაგრამ ეს დოკუმენტურად არ მტკიცდება. პარალელურად, მუშაობა დაიწყო სახელმწიფო გერბის შექმნაზეც. არქივში შემონახულია ოქმები, სადაც ჩანს, რომ სოციალ-დემოკრატები გერბში წმინდა გიორგის გამოსახვას კატეგორიულად ეწინააღმდეგებონენ და ესკიზს წმინდა გიორგის ჯერ ნიმბი მოხსნეს, შემდეგ ურჩხული ამოიღეს, მის მაგივრად შავი მთა ჩასვეს და ამბობდნენ, მთა სტამბოლის აია-სოფიას ტაძრის გუმბათის სიმბოლოაო. 1918 წელს საქართველოს გერბის შექმნაზე ევგენი ლანსერე მუშაობდა, მოგვიანებით მან შექმნა საბჭოთა საქართველოს გერბის ესკიზიც.

- საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს დროშა სხვა ქვეყნებისგან რადიკალურად გამოირჩეოდა, რატომ?

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საბჭოთა იმპერიის ნაწილი იყო, ჩვენი დროშა და გერბი განსაკუთრებულობას მართლაც ინარჩუნებდა. 1922 წელს იოსებ შარლემანმა და ევგენი ლანსერემ გერბში გამოიყენეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბის მოტივი - შვიდქიმიანი ვარსკვლავი და ცენტრალურ ნაწილში - საბჭოთა სიმბოლიკა, ნამგალი და ურო დაურთეს თავთავებისა და კავკასიონის ფონზე. აღსანიშნავია, რომ გერბის ორნამენტირებული ვარსკვლავი თითქმის ძველი გერბის იდენტურია. ოფიციალური მოსკოვი დიდხანს ცდილობდა გერბიდან სხვადასხვა კომპონენტის ამოცლას, თუმცა საქართველომ და სომხეთმა, საბჭოთა რეჟიმის მიუხედავად, გარკვეული იდენტურობის შენარჩუნება მაინც მოახერხეს როგორც უძველესი კულტურის სახლმწიფოებმა. საბჭოთა კავშირის დანარჩენი ქვეყნების გერბები აბსოლუტურად იდენტური იყო და მხოლოდ ნამგლის, უროსა და თავთავების კომპოზიციას წარმოადგენდა. მოგეხსენებათ, ჰერალდიკაში დროშის მარჯვენა და მარცხენა კუთხეებს საკუთარი დატვირთვა გააჩნია - საბჭოთა საქართველოს დროშის ზედა მარჯვენა კუთხეში ცისფერი მზე მთლიანი სხივებით გამოსახეს, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი სიმბოლო იყო. მთლიანი სხივებით გამოსახული მზე ჰერალდიკაში დაისს ნიშნავს და ის სიკვდილისა და უბედურების სიმბოლოა. ჩვენს დროშასა და გერბზეც სწორედ ჩამავალი მზე იყო გამოსახული და სპეციალისტს, რომელმაც ესკიზები დახატა, ეს კარგად უნდა სცოდნოდა.

- დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რატომ გადაწყდა სოციალ-დემოკრატების მიერ შექმნილი დროშის შენარჩუნება?

- დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე ზვიად გამსახურდიამ კომისია შექმნა, რომელსაც ახალი დროშისა და გერბის შექმნაზე უნდა ემუშავა. მიხეილ მაყაშვილმა და მალხაზ ბუთხუზმა გერბის ახალი რედაქცია შექმნეს და მას, შვიდქიმიან ვარსკვლავთან ერთად, ჯვრებიც დაამატეს. ლევილში მყოფი ემიგრაცია ამხედრდა - მათთვის სახელმწიფო სიმბოლიკაზე რელიგიური ნიშნების გამოსახვა მიუღებელი აღმოჩნდა. სხვათა შორის, საფრანგეთის ემიგრაცია დღესაც წინააღმდეგია სახელმწიფო სიმბოლიკაზე რელიგიური სიმბოლოების გამოსახვის. გერბის ვარსკვლავები მაშინდელი ბანკნოტებიდან ამოიღეს, რომელიც ქართულ ორნამენტიკაში ფრიად გარკვეულმა სომეხმა მხატვარმა შექმნა. გერბის შეცვლა შევარდნაძის პერიოდშიც გაგრძელდა, თუმცა კომიკური ვითარება შეიქმნა - გერბის სიმბოლოები - მაღალ სკულპტურაზე აღმართული შვიდქიმიანი ვარსკვლავის ფორმა ოდნავ შეიცვალა მხოლოდ პრეზიდენტის ბეჭდებსა და ბლანკებზე, სხვა დოკუმენტებში კი, მათ შორის პასპორტსა და ფულზე, ასიმეტრიული ბორჯღალი იყო გამოსახული და თანაც არატრადიციული სახით, რომელსაც გაუგებარი ორი ფოთოლი ერთვოდა. ანუ, ქვეყანას გააჩნდა გერბი და დროშა, მაგრამ პასპორტსა და დოკუმენტებზე არარეგისტრირებული ბორჯღალი იყო გამოსახული. მეტიც, პასპორტებზე ბორჯღალი ფრანგებმა უკუღმა დაბეჭდეს - მაშინ საფრანგეთში ქართულ შრიფტს არ იცნობდნენ და ეგონათ, არაბული ქვეყანა ვიყავით, ამიტომაც ბორჯღალის პასპორტზე ბეჭდვისას ათვლა პასპორტის ბოლო გვერდიდან დაიწყეს.

- ახლანდელ დროშასა და სახელმწიფო გერბზე როდის დაიწყო მუშაობა? - მოქმედი დროშის განხილვა ჯერ კიდევ გამსახურდიას პერიოდიდან დაიწყო, მას სურდა, თეთრი ჯვარი წითელ ფონზე, რომელიც შემოსაზღვრული იქნებოდა შავი კანტებით.

გამსახურდიამ კარგად იცოდა სამფეროვანი დროშის წარმომავლობა და ისიც, თუ როგორ დაამტკიცეს სოციალ-დემოკრატებმა სამფეროვანი დროშა, რომ სამფეროვანი დროშა არ შეესაბამებოდა დამოუკიდებელი საქართველოს რეალობას. როგორც გითხარით, 1918 წელს სამფეროვანი დროშა რესპუბლიკანიზმის სიმბოლო იყო, საქართველოს კი ბევრად დიდი ისტორია აქვს, რაც სიმბოლოებით უნდა წარმოჩენილიყო.

გამსახურდიას ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, შევარდნაძის მმართველობის მეორე წელსვე დროშის საკითხზე მომუშავე კომისია აღდგა. მუშაობა გაჭიანურდა და 1999 წელს დასრულდა. კომისიაში 200 კაცი იყო ჩართული, მათ შორის ფოთის პორტის დირექტორიც კი!

- რატომ გაგრძელდა კომისიის მუშაობა თითქმის შვიდი წელი?

- კომისიის 200-სავე წევრს საკუთარი შენიშვნები ჰქონდა - ისტორიკოსების დიდ ნაწილს ამ დროშისა ეშინოდა. მართლაც, ასეთი მძლავრი დატვირთვის მქონე დროშის აღმართვას გამბედაობა სჭირდება, მარტივი ქვეყანა მას ვერ ატარებს და ვერც ასწევს. მახსოვს, კომისიის წევრების ნაწილი ამბობდა, ისლამურ გარემოში ვცხოვრობთ და ამ დროშის აღმართვით ყურადღებას მივიპყრობთო. რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ნება გაჩნდა, რომ სახელმწიფო სიმბოლო შეცვლილიყო, თუმც ბევრმა ჩათვალა, რომ ეს პარტიული დროშა გახლდათ, არადა, როგორც გითხარით, მასზე მუშაობა 1999 წელს უკვე დასრულებული იყო. ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი საბჭოს თავმჯდომარეს, ელდარ შენგელაიას მიუძღვის. ჰერალდიკა არის სახელმწიფო ენა, სადაც სიმბოლოებით უნდა გადმოსცე, ვინ ხარ, რა შეგიქმნია - ჩვენი დროშა თემატიკურად დატვირთულია, ის მაცხოვრის სიმბოლოა, მასზე დიდი მნიშვნელობის დროშა, მოქმედ დროშებს შორის, არ არსებობს. საგულისხმოა, რომ ასეთივე დროშა აქვს იერუსალიმს, თუმცა მასზე სხვა ფერებია გამოყენებული და ოფიციალურ დროშას არ წარმოადგენს. უამრავ მოგზაურს აქვს აღწერილი, რომ იერუსალიმში, ქართველი მეფის გარდა, ცხენით ვერავინ შედიოდა, დანარჩენები უნდა შებობღებულიყვნენ, ხუთჯვრიანი დროშის ტარება კი საქართველომ სწორედ ბრძოლით მოიპოვა. გერბი აგებულია სხვადასხვა სიმბოლოსგან. როდესაც მასზე მუშაობა დავიწყე, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი წმინდა გიორგის ვერსია გამოვიყენე. ასევე, ჩემს თავდაპირველ ესკიზში წარმოდგენილი იყო ოქროს საწმისი და ოქროს მთა, როგორც დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ერთიანობის სიმბოლო და კვართი, თუმცა პოლიტიკოსების ჩარევით, სიმბოლოები შეიკვეცა და დომინანტ სიმბოლოდ წმინდა გიორგი მივიღეთ, რაც, თავისთავად, საქართველოს მთავარი სიმბოლოა. რაც შეეხება გვირგვინს, რომლის გერბზე გამოსახვაზეც კითხვები გაჩნდა, მონარქიული სახელმწიფო ხომ არ ვართო, მარტივი ახსნა აქვს - მსოფლიოს ჰერალდიკაში ჩვენ ისეთივე სახელმწიფო ვართ, როგორიც სერბეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ფინეთი და ა.შ. ანუ სახელმწიფოები, რომლებიც საბჭოთა რეჟიმიდან გათავისუფლდნენ. იბერიული გვირგვინი სწორედ სუვერენიტეტის აღდგენის სიმბოლოა და ის მეფის სტატუსს სულაც არ გამოსახავს. სწორედ ასე მოხდა ბულგარეთის, ჩეხეთის, ფინეთისა და სხვა სახელმწიფოების გერბშიც საკუთარი სუვერენიტეტის აღდგენის წარმოჩენა.

რუსუდან შელია