დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს - კვირის პალიტრა

დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქართველი დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს. როგორც ნაყოფიამ "უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადა, მას ბორისპოლის აეროპორტში მესაზღვრეებმა გადასცეს დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული აქვს. მისივე თქმით, მიზეზები არ განუმარტავთ.

კობა ნაყოფია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მისივე თქმით, ამჟამად ბორისპოლის აეროპორტის ლაუნჯ ზონაში იმყოფება და სთავაზობენ საქართველოში საღამოს რეისით დაბრუნდეს.

აღნიშნულ ინციდენტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმიანება. მისი თქმით, ნაყოფია მისი თანამებრძოლია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, რომლის საპატიო თავმჯდომარეც თავად არის.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად მონაწილეობდა უკრაინაში, ღირსების რევოლუციაში. მისი წევრი დავით ყიფიანი "ზეციური ასეულის“ წევრი გახდა. ჩვენმა რამდენიმე აქტივისტმა სიცოცხლე შესწირა დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ბრძოლისას. "ნაციონალური მოძრაობა“ არის რუსი ოლიგარქის, "გაზპრომის“ ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რადიკალურ ოპოზიციაში, რომელთან შეხვედრაზეც საქართველოში ჩავიდა პოროშენკო, ვიდრე მოქალაქეობას ჩამომართმევდა. ქართველი პარლამენტარები ჩემი პარტიიდან, შავ სიაში იანუკოვიჩმა 2013 წელს, მაიდანის წინ შეიყვანა. ყველას გვახსოვს, ეს რით დასრულდა. თუმცა, მალტაზე, პოროშენკოსთან ჩვენი უკანასკნელი შეხვედრის დროს, მან მითხრა, რომ ის უფრო მაგარია, ვიდრე იანუკოვიჩი...“, - წერს სააკაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"