"დოკუმენტები, თუ რა დამსახურებისთვის მიანიჭეს ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება, გამქრალია"
16-10-2017
"დოკუმენტები, თუ რა დამსახურებისთვის მიანიჭეს ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება, გამქრალია"
"წლების წინ მერაბიშვილს დავპირდი, სასამართლო დარბაზში მოგიყვან-მეთქი, მიშასაც იგივე ვუთხარი და პირობას აუცილებლად შევასრულებ - სასამართლოში მე კი არა, ქართველი ხალხი მოიყვანს"

მოსამართლემ გოგა ხაინდრავას მოთხოვნა დააკმაყოფილა და ეკა გიგაურთან დავის საქმეში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროს ბადრი ბიწაძეს დაჰკითხავენ. შეგახსენებთ, 2015 წელს ხაინდრავამ განაცხადა, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დარბევის გამო მიიღეს პრემიები, გიგაურს კი დარბევაში მონაწილეობისთვის კაპიტნის წოდება მიენიჭა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"
ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივლა. რატომ მოითხოვა ვანო მერაბიშვილისა და ბადრი ბიწაძის დაკითხვა სასამართლო პროცესზე, "კვირის პალიტრის" კითხვებს გოგა ხაინდრავა პასუხობს:

- 2015 წელს სოციალურ ქსელში გაჩნდა სამი დოკუმენტი, სადაც მითითებული იყო, რომ ვანო მერაბიშვილი განსაკუთრებული მუშაობისა და
დამსახურებისთვის აჯილდოებს უმცროს ლეიტენანტ ეკა გიგაურს კაპიტნის წოდებით. ბრძანება გამოცემულია 2007 წლის 21 ნოემბერს - ეკა გიგაურმა ვანო მერაბიშვილისგან კაპიტნის წოდება წარბშეუხრელად მიიღო. 14 ნოემბერს, ანუ სანამ ეკა გიგაური მერაბიშვილისგან კაპიტნის წოდებას მიიღებდა, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების რაზმის ოთხი წევრი და სხვა თანამშრომლებიც ეტაპობრივად 1000-1500-ლარიანი პრემიებით დაჯილდოვდნენ მიტინგის წარმატებით დაშლისთვის, მათთვის ჯილდოების გადაცემა კი ბადრი ბიწაძის ბრძანებით ეკა გიგაურს, მის პირველ მოადგილეს დაევალა. სწორედ ამ ბრძანების შესრულებას მოჰყვა 21 ნოემბერს ეკა გიგაურის კაპიტნად დაწინაურებაც. აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, გამოვთქვი გონივრული ეჭვი, რომ გიგაურისთვის კაპიტნის წოდების მინიჭება 7 ნოემბერს ქართველი ხალხის ხერხემალში გადამტვრევის ავტორების პრემიებით დაჯილდოებასთანაა კავშირში.

ჩემი ამ ვარაუდის საპასუხოდ ეკა გიგაურმა სასამართლოში მიჩივლა პატივისა და ღირსების აყრისთვის და ბოდიშის მოხდასთან ერთად, 30 თეთრი, ანუ 30 ვერცხლი მოითხოვა. ბუნებრივია, გამოწვევა მივიღე, შესაგებელი სარჩელი შევიტანე, ორი წლის შემდეგ კი სასამართლოში მიბარებენ, სადაც ვიგებ, რომ თურმე ეკა გიგაურის ადვოკატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური წერილები გაგზავნეს, გამოითხოვეს საბუთები, თუმცა, მოტივაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ რა დამსახურებისთვის მიანიჭეს ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება, არქივიდან გამქრალია. ამის შემდეგ სასამართლო პროცესზე ეკა გიგაურის მოსვლა მოვითხოვე, რათა თავად აეხსნა, რა დამსახურებისთვის მიიღო კაპიტნის წოდება, თუმცა, ადვოკატებმა მოთხოვნა გააპროტესტეს. ეკა გიგაური არც ერთ პროცესზე არ გამოცხადებულა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ტელევიზიით, ისე უშუალოდ სასამართლო პროცესზე სამჯერ მოვუწოდე მოსულიყო და კითხვებისთვის პასუხი გაეცა.

- თუ დოკუმენტები გამქრალია, ეკა გიგაურიც პროცესზე არ მოდის, რა ბერკეტი გაქვთ, რომ თქვენი გონივრული ეჭვი დაადასტუროთ?

- მაშინ კითხვაზე პასუხის გამცემი ორი პირი რჩება - ბადრი ბიწაძე და ვანო მერაბიშვილი. მათზე უკეთესად არავინ იცის, რატომ მიიღეს გიგაურის დაწინაურების გადაწყვეტილება...
სიმართლე, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამჟღავნდება, შესაძლოა, დოკუმენტები მოსპონ, მაგრამ ფაქტს ვერ გააქრობენ.
ამიტომაც 7 ნოემბერთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან ვანო მერაბიშვილი და გოგა ხაინდრავა - მოძალადე და მსხვერპლი.

- რატომ გაქვთ მოლოდინი, ვანო მერაბიშვილი ან ბადრი ბიწაძე დაადასტურებენ, რომ ეკა გიგაური, როგორც თქვენ აცხადებთ, 7 ნოემბერთან კავშირის გამო დააწინაურეს?

- მერაბიშვილი ყველაფერზე ილაპარაკებს - ეს მისთვის შანსი იქნება, საკუთარი საქციელი მოინანიოს, თორემ 7 ნოემბერს დასახიჩრებული ადამიანები დღესაც არსებობენ და ყველაფერს დეტალურად ჰყვებიან. ბიწაძის მეუღლე დღემდე 26 მაისზე ლაპარაკობს, მაგრამ 7 ნოემბერზე რატომ არაფერს ამბობს, თუ ორმაგ მორალთან გვაქვს საქმე? მობრძანდეს ბადრი ბიწაძე და მოჰყვეს, როგორ დაიგეგმა სპეცოპერაცია, ვინ მონაწილეობდა მასში და რატომ მიანიჭეს გიგაურს კაპიტნის წოდება. წლების წინ მერაბიშვილს დავპირდი, სასამართლო დარბაზში მოგიყვან-მეთქი, მიშასაც იგივე ვუთხარი და პირობას აუცილებლად შევასრულებ - სასამართლოში მე კი არა, ქართველი ხალხი მოიყვანს.

- ეკა გიგაურის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს ის სასაზღვრო პოლიციაში მუშაობდა და ამ დეპარტამენტს არ ჰქონდა კავშირი სპეცრაზმის საქმიანობასთან.

- ეკა გიგაური 2008 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ვანოს დაჯილდოებული კადრი და ბადრი ბიწაძის მარჯვენა ხელი იყო და უცებ არასამთავრობო სექტორში გადახტა. სასამართლოზე დავამტკიცებ, რომ მის სამოქალაქო სექტორში გადასვლაშიც ვანო მერაბიშვილის ხელი ურევია. ადამიანი, რომელიც მთელ საქართველოს მოძღვრავს, როგორ იცხოვრონ გამჭვირვალედ, თავად უარს ამბობს საკუთარი წარსულის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას გააცნოს. საზოგადოებასაც ვპირდები, რომ არა მხოლოდ ამ საქმეს, მთლიანად სისტემას ავხდით ფარდას - როგორ ჯილდოვდებოდნენ ზონდერები თუ ჯალათები და ახლა რატომ გვმოძღვრავენ ცხვრის ტყავში გახვეული მგლები. არასამთავრობო სექტორში გადახტნენ უტიაშვილი, რურუა, ონიანიც და საკუთარი ძალადობის მსხვერპლებს გვაბრალებენ, უკანონოდ ცხოვრობთო.

P.S. გოგა ხაინდრავასთან საუბრის შემდეგ, ეკა გიგაურს დავუკავშირდით, ის აშშ-ში კონფერენციაზე იმყოფება და ამიტომ ადვოკატებთან გადაგვამისამართა, თუმცა, ადვოკატებისგან კომენტარი ვერ მივიღეთ, მას შემდეგ, რაც კითხვის წერილობით გადაგზავნა გვთხოვეს, ტელეფონის ზარებს აღარ უპასუხეს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით