ლიტვა საქართველოს რუსული Грузия-ს ნაცვლად Georgia-ს უწოდებს - კვირის პალიტრა

ლიტვა საქართველოს რუსული Грузия-ს ნაცვლად Georgia-ს უწოდებს

ლიტვა საქართველოს რუსული Грузия-ს ნაცვლად Georgia-ს უწოდებს - იდეა ეკუთვნის ლიტვის პარლამენტის სპიკერ ვიქტორას პრანცკეტისს, რომელსაც ვილნიუსში დავუკავშირდით და ვთხოვეთ, მოეყოლა, რატომ და როგორ გადაწყვიტეს ლიტველებმა ჩვენთვის ამ მართლაცდა სასიამოვნო საჩუქრის გაკეთება:

- მინდა მადლობა გადაგიხადოთ სასიამოვნო გადაწყვეტილებისათვის. როგორ ფიქრობთ, რა პრაქტიკული და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ამ ცვლილებას?

- 2015 წლის 19 თებერვალს ვიმყოფებოდი საქართველოში, სასტუმროში ადმინისტრატორს ვესაუბრებოდი, რომელმაც მითხრა, რომ სიტყვა "გრუზია" თქვენთვის უცხო და არასასიამოვნოა, რომ ეს თავს მოხვეული სიტყვაა; რომ ქართულ ენაში გაქვთ სიტყვა "საქართველო". მაშინ ეს ყოველივე მივიღე როგორც უბრალო ინფორმაცია. უკვე ორი წლის მერე, როდესაც შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მარგველაშვილს, ვკითხე, ბატონო პრეზიდენტო, როგორ ფიქრობთ, თქვენთვის, ალბათ, სასიამოვნო სიახლე იქნება, თუ გამოვაცხადებთ, რომ ლიტვურ ენაში არსებული სიტყვა "გრუზია" შეიცვალოს სიტყვა "Georgia"-თი-მეთქი და მან მიპასუხა, ბატონო სპიკერო, ეს ჩვენთვის ძალზე სასიამოვნო საჩუქარი იქნებაო. ამგვარად, უბრალო ადამიანისგან წამოსულმა ამ იდეამ ხორცი შეისხა და ახლა მე მაქვს საშუალება, მივმართო როგორც ქართველ, ასევე ლიტველ ერს, რათა ჩვენმა ხალხმა, გარდა ოფიციალური სახელწოდებისა Georgia, ასევე მიიღოს და საუბრისას გამოიყენოს მეორე სახელწოდებაც - "საქართველო". შესაძლოა, თავდაპირველად არა როგორც ძირითადი სიტყვა, არამედ როგორც სინონიმი.

- საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ ამბიციური მიზნები აქვს. რით შეუძლია ლიტვას დაეხმაროს საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში?

- პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ბრიუსელსა და სტრასბურგში საქართველოზე საუბრისას ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც მთელ ევროკავშირში წინ გამოაქვს საქართველოს პრობლემები და მოუწოდებს დანარჩენ წევრ ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე.

- თქვენ იმყოფებოდით საქართველოში როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- ძალიან დათრგუნვილი ვიყავი, როდესაც ვნახე ხალხი, რომელიც მავთულხლართების მიღმა ცხოვრობს... ისინი ამბობდნენ: "მე ვცხოვრობ საქართველოში, ჩემი ქვეყანა საქართველოა, მაგრამ ამჟამად ვარ მავთულხლართებს მიღმა"... შემდეგ კი ვნახე ლტოლვილების საცხოვრებელი... ჩვენ რუსული ოკუპაციის საერთო გამოცდილება გვაქვს და ძალიან კარგად გვესმის იმ ხალხის, რომელიც თავს გრძნობს ისე, როგორც ჩვენ 50 წელზე მეტხანს ვგრძნობდით. რაც შეეხება იმას, რისი გაკეთება შეგვიძლია: ჩვენ ვიყავით ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მშვიდობიანად და თანამიმდევრულად ტოტალიტარული რეჟიმიდან დემოკრატიულ სახელმწიფოდ გადაქცევა, ეროვნული და იმავდროულად, თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა. ალბათ, სწორედ ასეთი მაგალითით უნდა იხელმძღვანელოს თქვენმა ქვეყანამაც.

ვაჟა თავბერიძე