"გვეშველება რამე?!" - ქართველი ამომრჩევლის ფსიქოლოგიის თავისებურებანი
26-10-2017
"გვეშველება რამე?!" -  ქართველი ამომრჩევლის ფსიქოლოგიის თავისებურებანი
"მშველელის ძებნისას ქართველი ამო­მრჩეველი პოლიტიკოსის ენერგ­იასა თუ მომავლის ხედვას კი არ აქცევს ყურადღებას, არამედ ჰაბიტუსს - ჰგავს თუ არა პოლიტიკოსი იმ მშველელს, რომელიც მას სჭირდება"

ბოლო წლებში ჩატარებულ კვლევებს თუ გადავხედავთ, ფსიქოლოგები და სოციოლოგები თანხმდებიან, რომ ქართველი ამომრჩევლის ფსიქოლოგია სხვებისგან რადიკალურად არ განსხვავდება, თუმცა, გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, მაგალითად, გადაწყვეტილების სპონტანურად მიღება. რა კრიტერიუმით ვირჩევთ ფავორიტ პოლიტიკოსებს და რა ფაქტორები ახდენს ჩვენზე გადამწყვეტ გავლენას ხმის მიცემისას, "კვირის პალიტრას" სოციოლოგი რამაზ საყვარელიძე­
ესაუბრება:

- ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თვისებებით ორიგინალური ნამდვილად არ არის, მაგალითად, ქარიზმატული ლიდერი მსოფლიოს ნებისმიერ განვითარებულ სახელმწიფოში მოსწონთ, თუმცა, პარადოქსული ჩვენს შემთხვევაში ის არის, რომ თუ აშშ-ში ქარიზმატულობასთან ერთად, კომპეტენციასაც მიაქცევენ ყურადღებას, ჩვენთვის
ლიდერის ენერგიული მანერები და ომახიანი შეძახილი მხარდაჭერის მოსაპოვებლად სავსებით საკმარისია.

ასეთი ქარიზმატული ლიდერი ქართულ პოლიტიკურ რეალობაში მაშინ ჩნდება, როდესაც ერი მშველელს ეძებს, თუ ამომრჩეველში აქტუალურია შეკითხვა: "გვეშველება რამე?" და მას აქვს განცდა, რომ ვიღაც მათ გადასარჩენად უნდა გამოჩნდეს, ე.წ. ქარიზმატული პოლიტიკოსი აუცილებლად გამოიძერწება, ანუ მოთხოვნა-მიწოდების მარტივი ფორმულა მოქმედებს.

მშველელის ძებნისას ქართველი ამო­მრჩეველი პოლიტიკოსის ენერგ­იასა თუ მომავლის ხედვას კი არ აქცევს ყურადღებას, არამედ ჰაბიტუსს - ჰგავს თუ არა პოლიტიკოსი იმ მშველელს, რომელიც მას სჭირდება.
ეს ქართველი ამომრჩევლის მარტივი­ ფსიქო­ლოგიური მდგომარეობაა, რაც კარ­გად­ იციან პოლიტიკოსებმა და ცდილო­ბენ, ვითარება ისე წარმოაჩინონ, რომ ხალხი დაღუპვის პირასაა და მხსნელი სჭირდება.

- ზოგადად, ბელადომანია ჩვენთვის დამახასიათებელი თვისებაა და პერსონებიც ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობენ არჩევნებში. რა განაპირობებს მსგავს დამოკიდებულებას და რამდენად დინამიკურად იცვლება არჩევნებიდან არჩევნებამდე მსგავსი არჩევანი?

- ასეთი დამოკიდებულება პირდაპირ­ მიმანიშნებელია, რომ ამომრჩეველი ნაკლებად განვითარებული და ნაკლებად თავისუფალია. ეს არც არის გასაკვირი - საბჭოთა პერიოდში მიზანმიმართულად გვაჩვევდნენ, ვიღაცას ჩვენ ნაცვლად უნდა მიეღო გადაწყვეტილება, მოქალაქეები არ უნდა ჩართულიყვნენ ქვეყნის მართვაში, ეს მხოლოდ "დიადი" ადამიანების საქმე გახლდათ. დღესაც უამრავი ადამიანი სრულიად დარწმუნებული გეტყვით, რატომ უნდა მივიდე არჩევნებზე, მაინც ხომ ისე იქნება ყველაფერი, როგორც მმართველებს უნდათო.
ქართველ ამომრჩეველს არ სურს თავად­ მართოს საკუთარი ცხოვრება, სწორედ ამიტომაც ჩნდება - მამის,­ ბელადის მოთხოვნილება, რომელიც მას მიხედავს, ცხოვრებას მოუწყობს, პრობლემებს გადაუჭრის და თუ საჭირო გახდება, მას გადააბრალებს, რომ სახლში რაღაც აკლია და ა.შ.
გავყვეთ ქრონოლოგიურად, როგორ ვეძებდით მშველელს ქართველები.

90-იან წლებში ხალხს კომუნისტებისგან­ გათავისუფლება უნდოდა და მხსნელად ზვიად გამსახურდია აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია. ზუსტად ერთ წელიწადში ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების წინაშე დადგა და ამომრჩევლის ისევ აბსოლუტურმა უმრავლესობამ ჩათვალა, რომ საქართველოს შევარდნაძის საერთაშორისო ავტორიტეტი გადაარჩენდა. შემდეგ შევარდნაძე გააგდო და სააკაშვილი აირჩია­ ასევე სრული უმრავლესობით, თუმცა, მალე იმედი გაუცრუვდა და ანალოგიური მშველელის მანტია მოარგო ბიძინა ივანიშვილს.­ მათი არჩევისას,­ საზოგადოების უმრავლესობამ არ იცოდა,­ ვინ როგორი პრეზიდენტი თუ ლიდერი იქნებოდა, არავინ დაფიქრებულა მართვის უნარებსა და თვისებებზე და არჩევანს მხოლოდ იმპულსურად აკეთებდა. ეს ნიშნავს, რომ გასაჭირზე ვავლენთ რეაქციას, ვიდრე მმართველს ვირჩევთ.

- დღესაც რეაქციულ არჩევანს ვაკეთებთ?

- დღეს შედარებით გაზრდილია მოთხოვნა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ნახტომისებური ნაბიჯები გადავდგით, რადგან დააკვირდით - ამომრჩეველი ისევ ითხოვს უფასო სწავლას, უფასო სამედიცინო მომსახურებას, ანუ სოციალიზმს, მაგრამ თან კაპიტალისტურ წყობაში ცხოვრება უნდა.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება საარჩევნო სიაში ცნობილი სახეების ყოფნას, რომლებიც სულაც არ არიან კომპეტენტურები კანონშემოქმედებით საქმესა თუ თვითმმართველ­ობებში - არც მართვის გამოცდილება აქვთ და არც რაიმე ღირებული­ შეუქმნიათ, უბრალოდ, საზოგადოე­ბისთვის ცნობად და მისაღებ სახეს წარმოადგენენ ჰაბიტუსითა თუ ბუტაფორიული მიდგომებით.
ისევ დღის წესრიგშია ორპოლუსიანი არჩევანი და შიშის დანერგვის ეფექტი, რომ, მაგალითად, თუ "ქართულ ოცნებას" არ ავირჩევთ, აუცილებლად სააკაშვილი დაბრუნდება.

პროპაგანდის მსგავსი მეთოდის ეფექტზე საუბრისას ყოველთვის ბორის ელცინის შემთხვევა მახსენდება - როდესაც­ ელცინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელმეორედ გამარჯვების სურვილი გაუჩნდა, მისი რეიტინგი მხოლოდ 6%-ს შეადგენდა, თუმცა, მან პიარის ამერიკელი სპეციალისტები დაიქირავა, რომლებმაც რეიტინგის გაზრდა 60%-მდე მოახერხეს და იცით, როგორ? არჩევნები ორპოლუსიანი გახდა, ელცინის მთავარ კონკურენტად კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი ზიუგანოვი გამოაცხადეს და ამომრჩეველს არწმუნებდნენ, თუ ელცინს არ აირჩევთ, ხელისუფლებაში კომუნისტური პარტია დაბრუნდებაო.

ბუნებრივია, კანდიდატისთვის მთავარი ყოველთვის შედეგია და არა აქვს მნიშვნელობა, ამომრჩეველი სიყვარულის გამო აირჩევს თუ კონკურენტის შიშიდან გამომდინარე, ამიტომაც ისინი ამ უმარტივესი ფორმულით მოქმედებენ - თუ დედას სურს ბავშვმა საშინაო დავალება­ შეასრულოს, მოტივაციისთვის მხოლოდ ორი გზა აქვს, ან ბავშვი დააშინოს - თუ არ ისწავლის, ცხოვრებაში დაიჩაგრება და ხელმოცარული იქნება, ან წაახალისოს და გაკვეთილების მომზადების შემდეგ ხუთი ლარით დაასაჩუქროს... არჩევანი იმის მიხედვით კეთდება, რისი შესაძლებლობა და რესურსი აქვს პოლიტიკოსს.

ჯერჯერობით ჩვენ განვითარების ამ ეტაპზე ვართ. მაგალითად, ამერიკელები მხოლოდ ორ პარტიას შორის აკეთებენ არჩევანს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა არაერთი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი, რადგან ფიქრობენ, რომ უკვე გამოცდილი პოლიტიკური გაერთიანება უფრო სანდოა ხელისუფლებაში, ვიდრე გამოუცდელი, ჩვენ კი ამ მხრივ ისევ შეცდომებს ვუშვებთ და თუ ხელისუფლება არ მოგვწონს, ვირჩევთ­ გუნდს, რომელსაც პოლიტიკასთან ურთი­ერთობა არასოდეს ჰქონია.

- და რა ახსნა აქვს იმას, რომ ამომრჩეველი მაჟორიტარების დიდი ნაწილის ერთგული მხარდამჭერია და 16 წელია პარლამენტში ერთსა და იმავე კანდიდატს ირჩევს?

- იცით, რატომ არასდროს გაუმარჯვია არჩევნებში ოპოზიციონერ მაჟორიტარ კანდიდატს? საქართველოში ამომრჩეველი დარწმუნებულია, რომ თუ თუნდაც­ მის ფავორიტ ოპოზიციონერ მაჟორიტარს მისცემს ხმას, ის ვერაფერს გააკეთებს, რადგან ცენტრალური ხელისუფლებისგან მხარდაჭერა არ ექნება. ანალოგიურად აზროვნებს მაჟორიტარიც და ყოველთვის ცდილობს ერთი პარტიიდან მეორეში იმის მიხედვით გადახტეს, რომელი პოლიტიკური­ ძალაა ხელისუფლებაში. ერთი სიტყვით, პოლიტიკოსებს საკუთარი ამომრჩეველი კარგად ჰყავთ შესწავლილი და ამიტომაც­ სთავაზობენ ილუზორულ დაპირებებს. არჩევნების სიმრავლემ ერთი დადებითი შედეგი მაინც მოიტანა - ბოლო პერიოდში ამომრჩეველმა მართალია, სულ მცირედით, მაგრამ ფიქრი მაინც დაიწყო და კონკრეტულ რაღაცებზეა ორიენტირებული. ყველას სურს მიიღოს მეტი კეთილდღეობა და ამ კეთილდღეობის განსხვავებული აღქმა არსებობს.

ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ თავისუფალი ბაზრისა და დემოკრატიის პირობებში ცხოვრება. თავისუფალი ბაზრის­ პირობები ნიშნავს იმას, რომ აქამდე ამომრჩევლის დიდ ნაწილს ჰქონდა ფუფუნება, არჩევნის გაკეთებისას­ კანდიდატი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით შეერჩია და არა იმის მიხედვით, როგორ მომავალს შეუქმნის მათ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, როდესაც თავისუფალი ბაზარი კიდევ უფრო განვითარდება, არჩევანი უფრო გათვლილი გახდება.

- ბიზნესს რა კავშირი აქვს პოლიტიკურ არჩევანთან?

- ბიზნესელიტა ფეხს ახლა იდგამს, ძლიერდებიან ბიზნესჯგუფები და მერწმუნეთ, ქვეყნის ბედის გადამწყვეტნიც უახლოეს მომავალში სწორედ ისინი გახდებიან. შესაბამისად, მოთხოვნა ხარისხზე, რომელი პოლიტიკოსი გვპირდება უკეთეს და რეალურ მომავალს, კიდევ უფრო გაიზრდება. ასე მოხდა აშშ-ში და დღემდე სწორედ ბიზნესელიტა წარმოადგენს ქვეყნის მთავარ ფაქტორს. სანამ მდიდარი, თვლის უნარის მქონე, პროგნოზსა და მომავალზე ორიენტირებული ადამიანები არ მომრავლდებიან ქვეყანაში, ყოველთვის გაუთვლელ არჩევანს გავაკეთებთ. წლების განმავლობაში ვცხოვრობდით რეჟიმში, როდესაც საათზე არც კი ვიყურებოდით, ახლა კი გაჩნდა ტენდენცია - შესაძლოა, ადამიანი საქეიფოდ არ წავიდეს იმ მიზეზით, რომ საქმე აქვს გასაკეთებელი. კომპეტენციასა და პროფესიონალიზმს ფასი იქ უჩნდება, ვისთანაც ფულია.

- ბიზნესის გავლენა ახლაც დიდია პოლიტიკაზე, თუმცა, თუ კვლევებს მოვიშველიებთ,­ პოლიტიკოსი ბიზნესმენები მხოლოდ საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის იყენებენ ძალაუფლებას.

- ეს სწორედ იმის შედეგია, რომ მონოპოლისტი ბიზნესმენები გვყავს, თუმცა, მათ ქვეყანაში კონკურენტები ეტაპობრივად უჩნდებათ და მათი გავლენა დიდხანს არ გაგრძელდება.
ქვეყანას თავისუფალი ბაზრის პირობებში რეალიზებული ადამიანების ტვინი სჭირდება და ვფიქრობ, ბიზნესწრეებიდან წამოსული ფენები პოლიტიკაში უფრო მრავლად შემოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის მოვიყვანთ ჩვენნაირს, ანუ არარეალიზებულს, რომელიც ძალაუფლებას გამოიყენებს იმისთვის, რომ მოიპოვოს მეორე ძალაუფლება - სიმდიდრე.

არსებობს გამონაკლისებიც - საკუთარ საქმეში არარეალიზებული ადამიანი კარგი­ მმართველი ყოფილა, თუმცა, ეს კანონზომიერი არ არის, მხოლოდ გამონაკლისია. რა თქმა უნდა, ეტაპები გვაქვს გასავლელი, რომ გავარჩიოთ, ვის უნდა პოლიტიკაში ფულის გასაკეთებლად მოსვლა და ვის ქვეყნის ინსტიტუციების გაძლიერება, რომ საკუთარი სიმდიდრე არ დაკარგოს და პატიოსანი თამაშის წესებით ითამაშოს. ამისთვის კი უპირველესად შეცდომების გაანალიზებაა აუცილებელი და იმის გარჩევაც, სიმპათიური და დემაგოგი მოვიყვანოთ ხელისუფლებაში, თუ საქმის მცოდნე და რეალური ხედვების მქონე ადამიანი. ვფიქრობ, არჩევნების სიმრავლე უახლოეს მომავალში ამ გამოცდილებას აუცილებლად მოგვცემს.

რუსუდან შელია

რედაქტორის რჩევით