"სააკაშვილი უკრაინაში მრისხანების მტევნებს აგროვებს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი უკრაინაში მრისხანების მტევნებს აგროვებს"

ბოლო ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა... რა გეგმები, უფრო სწორად, დიდ პოლიტიკაში დაბრუნების რა შანსი აქვს სააკაშვილს, უკრაინელ პოლიტოლოგ ვიქტორ ნებოჟენკოს კიევში ვესაუბრეთ:

- სააკაშვილის მთავარი მიზანი ახლა იმ ინფორმაციული ბლოკადის გარღვევაა, რომელიც მას უკრაინაში ეფექტური დაბრუნების შემდეგ მოუწყვეს. ხელისუფლებამ მაშინ შეცდომა დაუშვა და ზედმეტი ყურადღება მიაქცია სააკაშვილს. ახლა კიევში ცდილობენ, ეს შეცდომა გამოასწორონ და სააკაშვილი, რაც შეიძლება, მიჩქმალონ.

- შეძლებს კი სააკაშვილი, უკრაინული ოპოზიციის ლიდერი გახდეს?

- ყველამ იცის, რომ ეს არის ძლიერი, ორიგინალური აზროვნების ადამიანი, მაგრამ უკრაინელი ხალხი მის გარშემო არ გაერთიანდება. სააკაშვილი, შეიძლება მისდა უნებლიეთაც კი, ერთგვარად კარგ საქმეს აკეთებს: ის ხელისუფლებას აკრიტიკებს, ამას კი დღეს ბევრი ვერ ბედავს. 30-იან წლებში ჯონ სტაინბეკმა დაწერა რომანი `მრისხანების მტევნები~ და სააკაშვილიც ამას აკეთებს - იგი, როგორც პოლიტიკური მეღვინე, მრისხანების მტევნებს აგროვებს უკრაინაში. დაიწურება თუ არა ამ მტევნებისგან ღვინო, ვერაფერს გეტყვით. მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანია - განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა ოპოზიცია ცდილობს, პოროშენკოს ბლოკს გაურიგდეს.

- წერდით, რომ არ გამორიცხავთ, სააკაშვილს აშშ-მა მოქალაქეობა მიანიჭოს. რამდენად სავარაუდოა ასეთი სცენარი?

- მთავარია, რას გადაწყვეტს სახელმწიფო დეპარტამენტი - რა სტატუსს მიანიჭებს სააკაშვილს უკრაინაში საქმიანობის გასაგრძელებლად. ასეთი სცენარი სავსებით რეალურია და ეს უკრაინისთვის ცეცხლთან თამაშად შეიძლება იქცეს. ამერიკელებს ბევრი სხვა ინსტრუმენტიც აქვთ უკრაინაში ვითარებაზე გავლენის მოსახდენად, მაგრამ ამ სცენარის გამორიცხვა არ შეიძლება.

- მოსალოდნელია სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში?

- პოროშენკო ამას არ გააკეთებს. ეს არც ერთ მხარეს არ აწყობს, არც კიევს და არც თბილისს. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მიშას არცთუ ცოტა მხარდამჭერი ჰყავს საქართველოში, რომლებსაც, რბილად რომ ვთქვათ, არ გაუხარდებათ, თუ სააკაშვილს ციხეში იხილავენ. საქართველოს მთავრობას ვითარების გართულება არაფერში სჭირდება. ეს არ სჭირდება კიევსაც, რადგან იგივე სიტუაცია შეიძლება შეიქმნას პრეზიდენტ იანუკოვიჩთან მიმართებაშიც. ეს არავის აძლევს ხელს...

- ერთგან წერთ, რომ არ გამორიცხავთ, ლიკვიდაციის მიზნით სააკაშვილს თავს დაესხან. რას ემყარება ეს ვარაუდი?

- ამას მაშინ ვწერდი, როდესაც უკრაინის მთავრობამ საინფორმაციო კრახი განიცადა და სრულიად უკრაინული და დასავლური მედია სააკაშვილის შესახებ გადმოსცემდა. მთავრობა დაბნეული იყო, არ იცოდნენ, რა დაეპირისპირებინათ ამ ადამიანისთვის. ასეთ ფონზე, არ იყო გამორიცხული, კიევს რადიკალური ზომებისთვისაც მიემართა. მაგრამ ახლა, როცა ხელისუფლებამ სააკაშვილი ინფორმაციულ ვაკუუმში გამოკეტა, ამის საჭიროება აღარ არის.

- ასევე წერდით, რომ სააკაშვილი ევროსასამართლოს მიაშურებს და პროცესს მოიგებს.

- სააკაშვილს სჭირდება ტრიბუნა და ეფექტური გამოსვლები. ევროსასამართლოში საქმის გადატანა ამის შესაძლებლობას მისცემს.

- როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი უკრაინის რეპუტაციაზე?

- უკრაინის რეპუტაცია ისედაც არ არის კარგ დღეში კორუფციისა და შეუსრულებელი დაპირებების გამო, ასე რომ, არა მგონია, სააკაშვილის საქმემ კარდინალური ცვლილება გამოიწვიოს.

- ამ პოლიტიკურ თამაშებში თუ აკისრია რაიმე როლი საქართველოს მთავრობას?

- მგონი, საქართველოში დაავიწყდათ, რომ ამ თამაშში თვითონაც ჩამოვიდნენ ფსონს. ვფიქრობ, მათ გაითავისეს როგორც რუსეთის არაორაზროვანი მინიშნება, ასევე ამერიკის დიპლომატიური თხოვნა და ცდილობენ, არაფერში ჩაერიონ, ამიტომაც სააკაშვილის საკითხში, ასე ვთქვათ, შეიარაღებული ნეიტრალიტეტი უკავიათ.

ვაჟა თავბერიძე