რას პასუხობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გოგა ხაინდრავას ბრალდებებს? - კვირის პალიტრა

რას პასუხობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გოგა ხაინდრავას ბრალდებებს?

მოსამართლემ გოგა ხაინდრავას მოთხოვნა დააკმაყოფილა და ეკა გიგაურთან დავის საქმეში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროს ბადრი ბიწაძეს დაჰკითხავენ.

შეგახსენებთ, 2015 წელს ხაინდრავამ განაცხადა, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დარბევის გამო მიიღეს პრემიები, გიგაურს კი დარბევაში მონაწილეობისთვის კაპიტნის წოდება მიენიჭა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივლა. (იხილეთ)

გოგა ხაინდრავას ბრალდებებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პასუხობს, მათ კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

"ხაინდრავას და ადამაშვილის ცილისმწამებლური განცხადებების გამო დავა სასამართლოში სწორედ ეკა გიგაურმა დაიწყო, რადგან თავის სიმართლეში დარწმუნებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში არ უჩივლებდა. სიმბოლურად ორივე მათგანისგან ითხოვს 30 თეთრს და გაკეთებული განცხადებების უარყოფას. მათ განცხადებს სიმართლესთან არაფერი საერთო არ აქვს, სრულიად უსაფუძვლოა, ფაქტების კომპილაციისა და მათი ფანტაზიის ნაყოფია. სრულიად ცხადია, რომ უბრალოდ ეს ეკას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის დისკრედიტაციის მცდელობაა.

ხაინდრავა ყოველი პროცესის დროს ხმაურით ცდილობს ყურადღების მიქცევას და იაფფასიან შოუს დგამს. ამ შოუს ნაწილია მერაბიშვილის და ბიწაძის პროცესზე დაბარებაც, რისთვისაც ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. ესაა მცდელობა მერაბიშვილის მიმართ არსებული უარყოფითი დამოკიდებულება როგორმე ეკაზე გადაიტანოს და ცადოს ყველა ხერხი გამოიყენოს საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. საინტერესოა როგორ წარმოუდგენია, რომ მერაბიშვილმა გაიხსენოს ათი წლის უკან ერთ -ერთი მოხელისათვის უმცროსი სპეციალური წოდების მინიჭების საკითხი, როცა შეიძლება დღეში რამდენიმე ათეულ ასეთ გადაწყვეტილებას ურტყამდნენ მის ფაქსიმილიას.

უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეკას თანამდებობრივად გაცილებით უფრო დიდი წოდება ეკუთვნოდა. მას თავად არასდროს მოუთხოვია რაიმე სახის წახალისება მიუხედავად იმისა, რომ საზღვრის დაცვის პოლიციის რეფორმირებაში, ევრო ინტეგრაციის პროცესში საზღვრის თანამედროვე სტანდარტებთან მოყვანაში უდიდესი პირადი წვლილი აქვს შეტანილი და დიდი დამსახურება მიუძღვის, რასაც დღემდე მუდმივად ხაზს უსვამენ დასავლელი პარტნიორები. სწორედ დარბევებთან შეუგუებლობა და ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ეკამ საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა, რის გამოც თავად გახდა მერაბიშვილის უწყების დევნის სამიზნე. ძალიან კომიკურია, რომ ახლა მერაბიშვილს იყენებენ მოწმედ. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, მითუმეტეს იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც ამგვარ საქმეებზე აქამდე დამდგარა".