"ვიღაცაში გეშლებით, ბიჭებო" - რაზე აფრთხილებს სააკაშვილი პოროშენკოს? - კვირის პალიტრა

"ვიღაცაში გეშლებით, ბიჭებო" - რაზე აფრთხილებს სააკაშვილი პოროშენკოს?

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომლეშიც ლაპარაკობს, რომ მის მხარდამჭერებს ბრალს სდებენ აქციისთვის შეიარაღებული პროვოკაციის მზადებაში. მან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და პირადად პეტრო პოროშენკო გააფრთხილა, რომ 17 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე პროვოკაციები არ დაუშვან.

სააკაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის ზორიან შკირიაკის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ თითქოს დავით საყვარელიძის დაცვის წევრი იარაღის ყიდვის მცდელობისას დააკავეს და ეს უკავშირდება დღევანდელ აქციას.

"იძულებული გავხდი ვიდეოჩართვა გამეკეთებინა, რადგან ერთი საათის წინ, უკრაინის შსს-მ განაცხადა, რომ სააკაშვილის მარგინალური დაჯგუფება ყიდულობს იარაღს, რომ საყვარელიძის დაცვის წევრები დააკავეს, რომ აქციაზე მოსალოდნელია შეიარაღებულ პროვოკაცია. მინდა ვუთხრა, სამთავრობო პროპაგანდისტებს და ყველა იმას, ვინც ამ ისტორიას ავრცელებს, ვიღაცაში გეშლებით ბიჭებო, თქვენი მასშტაბი ჩემზე არ გეყოფათ.

მე, მიხეილ სააკაშვილი არ ვარ მარგინალური ჯგუფის ლიდერი, არც ვიღაც არამკითხე, რომელიც ციდან ჩამოვარდა. არც ის ადამიანი ვარ, რომელიც პუტჩს და ძალადობას ამზადებს. მე ვიყავი მშვიდობიანი, "ვარდების რევოლუციის" ლიდერი და ეს რევოლუცია იყო მაგალითი, მათ შორის უკრაინის მთავრობისთვის, თუ როგორ უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი გზით ხელისუფლება.

ვიყავი იმ რეფორმების ლიდერი, რომელიც უკრაინაში ვერ განხორციელდა. ჩემი შეიარაღებული პროვოკაციების მომზადებაში დადანაშაულება სისულელეა. ნუთუ მართლა თვლით ხალხს ხროვად და ფიქრობთ, რომ ნებისმიერ სისულელეს მიჰყიდით? მშვიდობიანი აქციისას პროვოკაციებზე პასუხისმგებლობას პირადად პოროშენკოს და ავაკოვს ვაკისრებ. ჩემი მხარდამჭერები მშვიდობიანი უკრაინელი პატრიოტები არიან, რომელთაც საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის კარგად ყოფნა სურთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

"უკრაინული პრავდას" გავრცელებული ინფორმაციით, კიევში დაანონსებული აქციებისთვის სამთავრობო უბნის მიმდებარე ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს.  თვითმხილველთა განცხადებით, სამთავრობო უბანი მთლიანად დაბლოკილია.

ჟურნალისტი ტატიანა დანილენკო ამბობს, რომ ოქტიაბრსკის სასახლის ეზოში ეროვნული გვარდიის მებრძოლები ემზადებიან, მათი რაოდენობა კი იმაზე მეტია, ვიდრე "აღლუმის დროს იყო".

"ასეთი მასშტაბური გადაკეტვა მე ჯერ არ მინახავს", - აღნიშნა დანილენკომ.

როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, პარტია "ახალი ძალების" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, საკუთარ თანამოაზრეებთან, ერთად უკრაინის პარლამენტის წინ დაგეგმილ მიტინგში მიიღებს მონაწილეობას.

აქციის დროს სააკაშვილი და აქციაში მონაწილე პოლიტიკური პატრიები აპირებენ დააყენონ სამი მოთხოვნა: ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნა, დეპუტატის ხელშეუხებლობის გაუქმება და ახალი საარჩევნო კანონის მიღება.