მიშამ უკრაინის რადასთან კარვები დასცა - სააკაშვილი კიევში ახალ რევოლუციას იწყებს? - კვირის პალიტრა

მიშამ უკრაინის რადასთან კარვები დასცა - სააკაშვილი კიევში ახალ რევოლუციას იწყებს?

17 ოქტომბერს, კიევში პარლამენტის შენობასთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინელი ოპოზიციონერების ინიციატივით აქცია მოეწყო, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ისინი დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვდნენ. საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, უკრაინის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა სამთავრობო უბანში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა გააძლიერეს და ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა გადაკეტეს.

აქცია დილით მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელი. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან მომიტინგეები კარვებისა და საძილე ტომრების შეტანას ცდილობდნენ.

საკანონმდებლო ორგანოსთან მომიტინგეებსა და პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრ ოლეგ ბარნას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დეპუტატს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ, ხელს კრავდნენ, რა დროსაც ინციდენტში მიხეილ სააკაშვილი ჩაერია.

"დეპუტატი ბარნა რადიდან რომ გამოვიდა, აქციისკენ გაემართა და აქციის მონაწილეებს ეკამათებოდა, ამ დროს კი, სამწუხაროდ, ვიღაც გამვლელები მას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. იქვე ახლოს ვიმყოფებოდი და იძულებული გავხდი ჩავრეულიყავი და გამომეყვანა ის უსაფრთხო ადგილას.

ნებისმიერი ფიზიკური დაპირისპირება ჩემთვის უსამართლო და არასასიამოვნოა, ეს დაპირისპირება ხალხისთვის არასასურველ დეპუტატებსაც კი რომ ეხებოდეს. ამ დეპუტატების ბედი ანტიკორუფციულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევქმნით. მანამდე კი ყველას მოვუწოდებ ემოციები შეიკავონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მიტინგზე შექმნილი დაპირისპირების შემდეგ.

უკრაინაში გამართულ აქციას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო:

"გაგებით ვეკიდები აქციებს და პატივს ვცემ მათ მონაწილეებს. გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვითხოვ სამართალდამცველებისგან აქციის მშვიდობად ჩატარება უზრუნველყონ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის დაშვება, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკანებმა ტრაგიკული მოვლენები გაიმეორონ, რომელიც 31 აგვისტოს მოხდა და რის შედეგადაც ეროვნული გვარდიის ოთხი წევრი დაიღუპა".

ამ დროისთვის კიევში დაძაბულობა განმუხტულია, თუმცა მომიტინგეებმა უკრაინის რადასთან 50-მდე კარავი გაშალეს. ერთ-ერთ კარავში კი საველე სამზარეულოც მოეწყო. შემცირებულია სამართალდამცველთა რაოდენობაც, თუმცა ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას მაინც აკონტროლებენ.

იხილეთ ასევე: "ვიღაცაში გეშლებით, ბიჭებო" - რაზე აფრთხილებს სააკაშვილი პოროშენკოს?

ეკა გადახაბაძე