სააკაშვილის კარვების ქალაქი უკრაინელმა სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით აიღეს - კვირის პალიტრა

სააკაშვილის კარვების ქალაქი უკრაინელმა სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით აიღეს

კიევში საპროტესტო აქციის მეორე დღეს ყველაფერი მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა დღის მეორე ნახევარში სამართალდამცავები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეების გაშლილი კარვებისკენ გაემართნენ. მათ მომიტინგეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და სწორედ ამის შემდეგ გამოიყენა უკრაინულმა პოლიციამ ცრემლსადენი გაზი.

როგორც ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალება იტყობინება, დაშავებულთა შორის უკრაინის სახალხო დეპუტატი ეგორ სობოლევია.

ამ წუთებში გრუშევსკის ქუჩაზე გაკეთებულია კორდონი, რომელსაც  ეროვნული გვარდიის დაახლოებით 300 წარმომადგენელი ამაგარებს.

შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს უკრაინაში პარლამენტის შენობასთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ საკაშვილისა და უკრაინელი ოპოზიციონერების ინიციატივით აქცია მოეწყო.

აქციაზე მომიტინგეები დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვდნენ. საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, უკრაინის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა სამთავრობო უბანში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა გააძლიერა და ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა გადაკეტა.

აქციაზე მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა რომ პეტრო პოროშენკოს თანამდებობა დაეტოვებინა.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ