"...უფრო ოპტიმალურად მუშაობაც შეიძლებოდა" - როგორ მოხვდა ბლოგერობიდან "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ბექა დავითულიანი? - კვირის პალიტრა

"...უფრო ოპტიმალურად მუშაობაც შეიძლებოდა" - როგორ მოხვდა ბლოგერობიდან "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ბექა დავითულიანი?

მართალია, პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს დგამს, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამ სფეროსთან ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ამის მიუხედავად მისი თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მისი მოხვედრა, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. გვესაუბრება მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეორე ნომერი ბექა დავითულიანი:

- შესაძლოა, პოლიტიკური ბექგრაუნდი არ მაქვს, თუმცა ჩემი საქმიანობით ამ სფეროსთან ყოველთვის მჭიდროდ ვიყავი დაკავშირებული. სწავლის დასრულების შემდეგ სხვადასხვა სფეროში ვმუშაობდი, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურებში. 2010 წლიდან კერძო სექტორს დავუბრუნდი და პარალელურად წერა დავიწყე - პუბლიკაციებსა და ბლოგებს ვაქვეყნებდი, ბუნებრივია, პოლიტიკურ პროცესებს თვალყურს აქტიურად ვადევნებდი და პერიოდულად ვეხმაურებოდი პუბლიკაციებით. 2012 წლის შემდეგ მმართველ გუნდში, საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით ჩავერთე. ასე რომ, ყოველთვის დატვირთული სამუშაო გრაფიკი მქონდა...

როდესაც პარტიის ხელმძღვანელებისგან საარჩევნო სიაში ყოფნის შემოთავაზება მივიღე, ცოტა ხანს ვიფიქრე და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას დავთანხმდი.

- და გაქვთ ჩამოყალიბებული, კონკრეტულად რა გინდათ შეცვალოთ დედაქალაქში ისე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ?

- თბილისში, ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა დიდქალაქში ძალიან ბევრი გამოწვევაა.

ვერ ვიტყვი, რომ დავით ნარმანიას მერობისას, რომელიმე მიმართულებით სტრატეგიულად არასწორი ნაბიჯი გადაიდგა,თუმცა ბუნებრივია, ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო ოპტიმალურ და ეფექტიან გადაწყვეტილებებს მივიღებთ.

მჯერა, გუნდი, რომელიც წინასაარჩევნო პროგრამაზე მუშაობდა, ურბანულ, ეკოლოგიურ თუ სატრანსპორტო პრობლემებს მოაწესრიგებს. მჯერა, რომ ჩვენს პირობებში არაფორმალური არასასკოლო განათლება, კულტურა და სპორტული ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ უბანში მცხოვრები, ნებისმიერი ახალგაზრდისთვის. ასევე, დარწმუნებული ვარ, თბილისი ეკონომიკური თვალსაზრისითაც უფრო აქტიური გახდება და საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებაც განვითარების სხვა ეტაპზე გადავა.

- სწორედ მსგავსი განცხადებების გამო გსაყვედურობენ ოპონენტები - როდესაც ცხოვრების "სხვა ხარისხსა" და ეკონომიკურ პროგრესს პირდებით დედაქალაქის მოსახლეობას, შეგახსენებთ, კახა კალაძე ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. რატომ არ გაწუხებდათ მანამდე ეს პრობლემები და თუ გაწუხებდათ, რატომ არ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები?

- ჩემი აზრით, თვითმმართველობა ხელისუფლების ცალკე შტოა, რომელსაც საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები გააჩნია და მიუხედავად იმისა, რომ კახა მართლაც იყო და რჩება გუნდის ერთ-ერთ ლიდერად, ის მერიის კომპეტენციაში პირდაპირ ვერ და არ ჩაერეოდა. მერია თავად უნდა იყოს მოქმედებების მთავარი სტიმულატორი - ვიმეორებ, მიმაჩნია, რომ დავით ნარმანიას მერობის პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი დადებითად გადაწყდა, თუმცა უფრო ოპტიმალურად მუშაობაც შეიძლებოდა.

- და რა გვაძლევს გარანტიას, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უპირატესობით არ ისარგებლებენ თქვენთან დაახლოებული პირები და ფარცხალაძის საქმის მსგავსი პრეცედენტები აღარ განმეორდება?

- საქართველოში თითოეული მოქალაქე თანაბარი უფლებით სარგებლობს და არავინ დგას ვინმეზე წინ ნაცნობობისა თუ რაიმე სხვა ნიშნის გამო - ეს გუნდში ყველას კარგად გვაქვს გააზრებული.

- ისე, გუნდიც ბევრისთვის უცნობი ადამიანებით დაკოპლექტდა, რომელთა გამოცდილების შესახებ საზოგადოებამ, ფაქტობრივად, არაფერი იცის - რა კრიტერიუმით შეირჩნენ საარჩევნო სიის წევრები?

- მთავარი კრიტერიუმი კომპეტენცია და სტიმული იყო. როდესაც ახალი სახეებით კომპლექტდება გუნდი, ბუნებრივია, ისინი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობადი ადამიანები არიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წარსული და საქმიანი გამოცდილება არ აქვთ. გუნდის ახალ წევრებს პარტიაში კარგად იცნობენ და მათი შესაძლებლობების შესახებაც ზუსტი ინფორმაცია აქვთ.

- და საზოგადოებისთვის ეს უცნობი გუნდი უმრავლესობის მოპოვებას ან პირველივე ტურში ლიდერისთვის გამარჯვების მოტანას რამდენად მოახერხებს?

- არსებული მონაცემებით, ჩვენი კანდიდატის მხარდაჭერა მოსახლეობაში უფრო მაღალია, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი კანდიდატის ჯამური რეიტინგი. ეს ნიშნავს, რომ გამარჯვებას პირველივე ტურში ველოდებით და არც საკრებულოში უმრავლესობის მოპოვება იქნება დიდად რთული.

- პირადად თქვენ ბევრი, ალბათ, მაინც როგორც ყოფილ ბლოგერს გიცნობთ - საკმაოდ აქტიურად წერდით მედიაში ანალიტიკურ სტატიებს, რომელთა ნაწილი წინასაარჩევნოდ შეგახსენეს კიდეც, მაგალითად, ფიქრობთ, თუ არა, რომ ეკლესია მოძალადეა?

- ჩემს პუბლიკაციებზე, ასე სანახევროდ საუბარი არასწორი მგონია. თუ მომეცემა შესაძლებლობა, ერთხელ აუცილებლად დავჯდები, რომელიმე მედიასაშუალებაში და ყველაფერს ვრცლად გავცემ პასუხს, რადგან ყოველთვის, როცა ვწერ, ვარ გულწრფელი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტების გასაღებს ვფლობ და ყველაფერში მხოლოდ მე ვარ მართალი. ჩემი პუბლიკაციები, როგორც წესი, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობილი სტატიები არ გახლავთ, ზოგი მოთხრობიდანაა გადაკეთებული ბლოგად, ნაწილი ნოველიდან, ზოგი კი ცხადია რეაქციაა გარკვეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებზე, თუმცა ძირითადად მხატვრული ხასიათის.

ამაზე მსგავსი ბრალდებების გამოხატვა, დაახლოებით იგივეა, რომელიმე მწერალს მოვკითხოთ რატომ ყავს მაინცდამაინც იმ ტიპის პერსონაჟი როგორიც ყავს?! თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ მაქვს კლასიკური გაგებით პუბლიკაცია, რომელიც კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობა და საზოგადოებისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს, კი, ნამდვილად მაქვს, მეტიც, ზოგიერთზე თავიდანვე ვიცოდი, რომ შეიძლება არასწორად ყოფილიყო აღქმული და გამოყენებული, მაგრამ წერისას თუ ამაზე იფიქრე, ტექსტი გულწრფელობასაც დაკარგავს და აზრსაც. შემოქმედება ჩემთვის სულ სხვა თავისუფლების ნაწილია და არ ვფიქრობ, რომ ამაზე კიდევ უფრო ვრცელი კომენტარი უნდა გავაკეთო.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)