თავდასხმა "ქართული ოცნების" შტაბთან, დაჭრილია 4 ადამიანი - სისხლიანი გარჩევა წინასაარჩევნოდ?! - კვირის პალიტრა

თავდასხმა "ქართული ოცნების" შტაბთან, დაჭრილია 4 ადამიანი - სისხლიანი გარჩევა წინასაარჩევნოდ?!

19 ოქტომბერს, საღამოს მარნეულის რაიონის, სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბთან თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანია დაიწრა. მათ შორის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. ადგილზე წუხელვე ჩავიდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელიც სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

მომხდარის გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს,თუმცა შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დაწყებული გამოძიების კვალიფიკაცია შეიცვალოს.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე ხდება ინფორმაციების მოძიება და მუდმივ რეჟიმში განახლება. მისივე თქმით, გამოძიების ფარგლებში მუშაობა სხვადასხვა ვერსიაზე მიმდინარეობს.

"გთხოვდით, რომ წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ. ნუ განვიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი თხოვნა იქნება, პოლიტიკური სარჩული მოვუხსნათ ამ თემას, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, როგორც ყოველთვის. მიმდინარეობს გამოძიება, გვაქვს გარკვეული ოპერატიული ინფორმაციები, ასე რომ, უნდა დაველოდოთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ყოველწუთიერად ინფორმაციებს იღებენ და ამუშავებენ. საქმეზე კვალიფიკაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, კონკრეტულს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

თავდასხმის შედეგად დაშავებული ოთხივე პირი მკურნალობას საავადმყოფოში გადის. როგორც ჟურნალისტებს მარნეულში არსებული "ჯეოჰოსპიტალის" ექიმმა თეა ზარიძემ გაუცხადა, ორ პაციენტს ოპერაცია დაუყოვნებლივ ჩაუტარდა და ახლა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"შემოყვანილია ოთხი პაციენტი. ორი მათგანის გადაყვანა დაუყოვნებლივ მოხდა საოპერაციოში - ჩატარდა ოპერაცია და ახლა ორივეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რჩებიან რეანიმაციულ განყოფილებაში. ერთ მათგანთან იყო მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობები, ნაწლავების დაზიანებით, მეორეს კი კიდურების დაზიანება აქვს. რაც შეეხება კიდევ ორ პაციენტს, მათ რბილი ქსოვილების დაზიანება აღენიშნებათ, სტაბილურად არიან, თუმცა რჩებიან ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ", - განუცხადა ჟურნალისტებს თეა ზარიძემ.

სოფელ ყიზილაჯლოში დაშავებული "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც მოინახულა.

მისივე თქმითაც, ორ დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და მათ ინტენსიურ თერაპიაში დასჭირდებათ მკურნალობის გაგრძელება, თუმცა ასევე კლინიკაში რჩება კიდევ ორი დაშავებული.

"ორი ოპერაცია დამთავრდა. პაციენტების მდგომარეობა ასეთია: ერთის მძიმეა, ერთის კი საშუალო სიმძიმის. დანარჩენი ორი პაციენტი, რომლებიც ასევე ამ კლინიკაში არიან მოთავსებული, საბედნიეროდ, მსუბუქად არიან დაჭრილები. მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი დახმარება", - განაცხადა სერგეენკომ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით