ვინ იყო ყველაზე სკანდალური, ვინ - სააკაშვილის ფავორიტი და ვინ უყვარდა შევარდნაძეს?! - თბილისის მერების ისტორია - კვირის პალიტრა

ვინ იყო ყველაზე სკანდალური, ვინ - სააკაშვილის ფავორიტი და ვინ უყვარდა შევარდნაძეს?! - თბილისის მერების ისტორია

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ყველაზე დიდი ინტერესს, ბუნებრივია, რომ იწვევს დედაქალაქის მერის არჩევნები

თბილისის მერი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსია, რომელიც 1991 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიშნებოდა. 2006 წლის 12 ოქტომბერს ის თბილისის საკრებულოს მიერ აირჩა. 2010 წლის 30 მაისს კი პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები გაიმართა, სადაც თბილისის მერი პირდაპირი წესით აირჩიეს.

თბილისს 90-იანი წლებიდან დღემდე სულ 9 მერი ჰყავდა. გადავწყვიტეთ თითოეულის საქმიანობის პერიოდისთვის თვალი გადაგვევლო, რაშიც პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე დაგვეხმარა.

თამაზ ვაშაძე ქალაქ თბილისის პირველი მერი გახლდათ, რომელიც 1991 წლის 2 ოქტომბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე მართავდა დედაქალაქს. ამ ადამიანზე და მის საქმიანობაზე მწირია ინფორმაცია, თუმცა ერთ-ერთ სატატიაში ვკითხულობთ, რომ ის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მთავრობდან გახლდათ. შრომითი საქმიანობა 14 წლისას დამხმარე მუშის პოზიციაზე დაუწყია. 20 წლის ასაკში მასზე წიგნი დაუწერიათ. 24 წლის თამაზზე კი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაუღიათ.

პროფესიით მშენებელი 1991 წლის 29 აპრილს, რაჭა-იმერეთისა და სამაჩაბლოს მიწისძვრის დროს პირადად ხელმძღვანელობდა სარეაბილიტაციო შტაბს და სამშენებლო სამუშაოებს უძღვებოდაო. თურმე, მასვე მოუწია იმ პერიოდში მომხდარი აჭარის სტიქიის დროს მიყენებული ზარალის ლიკვიდაციაც...

მაგრამ ჩვენს რესპონდენტს, რამაზ საყვარელიძეს მასზე ინფორმაცია თითქმის არ აქვს, სამაგიეროდ, მშვენივრად ახსოვს ქალაქის შემდეგი მერი - ოთარ ლითანიშვილი.

"ის სხვა გაბარიტების ადამიანი იყო, პრაქტიკულად, ერთადერთი მერი გახლდათ, რომელსაც შეეძლო ქალაქისთვის არქიტექტურული კუთხით მიეხედა, მაგრამ მისი ეს პროფილი სამწუხაროდ, არ შეესაბამებოდა იმ პერიოდს, რომელშიც მოღვაწეობდა (1992 წლის 6 იანვარი - 1993 წლის 21 იანვარი) და ალბათ ამიტომაც, ბევრი მომენტი მისი მერობიდან დავიწყებულია იმის გამო, რომ მეტისმეტად მძიმე სიტუაცია იყო, მისი კვალიფიკაციის დაფასება თბილისს არ შეეძლო. მოკლედ, სპეციალისტს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ყოფნამ მაშინ მოუწია, როცა სპეციალისტი არ სჭირდებოდათ", - გვეუბნება ბატონი რამაზი.

ცნობილია, რომ 90-იანი წლები საქართველოსთვის მართლაც უმძიმესი იყო, რადგანაც ქვეყანა სოციალური პრობლემის, არაერთი ომის წინაშე აღმოჩნდა. ოთარ ლითანიშვილი მოგვიანებით კოტე გაბაშვილმა შეცვალა (1993 წლის 21 იანვარი - 1993 წლის 16 ოქტომბერი).

"კოტე ახლობელია, ამიტომ მისი დამოკიდებულება დედაქალაქის მერობის პოსტზე ყოფნისას კარგად მახსოვს. კოტე შევარდნაძეს ძალიან უყვარდა და მიაჩნდა, რომ მას უმძიმეს წერტილებში შეეძლო ჩასვლა, მაგრამ გაბაშვილს პრობლემა ის ჰქონდა, რომ ფართო განათლების ჰუმანიტარია და მერიის ლაბირინთები მისთვის უმძიმესი ტვირთი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, რადგან მიაბარეს ეს "უბანი," მედგრად იდგა. იმ დროს ვინაიდან აფხაზეთის ომი იყო, ომში ახალგაზრდების მობილიზაცია კოტემ აიღო თავის თავზე. თბილისს რომ ნორმალური ცხოვრება წამოეწყო, ამის საშუალება არ იყო. თავად დედაქალაქი იყო შეიარაღებული. ამიტომ, მერიის თანამშრომლებიც იარაღით მოძრაობდნენ, როდის რა მოხდებოდა, ვინ ვის დაესხმებოდა, არავინ იცოდა. მოკლედ, იარაღასხმულმა გაბაშვილმა მერობა სოხუმში გააგრძელა, სადაც შევარდნაძეს გაჰყვა, რადგან მის მიერ მობილიზებული ახალგაზრდები ფრონტის ხაზზე იმყოფებოდნენ და ბოლომდე მის გვერდით იყო. შემდეგ კი როცა ძალიან დამძიმდა მისი ამ სიტუაციაში ყოფნა, თვითონ მოითხოვა გათავისუფლება", - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

თბილისის შემდეგი მერი ნიკო ლეკიშვილი გახლდათ, მას ამ თანამდებობაზე ყოფნამ 1993წლის 16 ოქტომბერიდან - 1995 წლის 8 დეკემბერამდე მოუწია. ამ დროისთვის აფხაზეთის ომი დამთავრებული იყო, თუმცა ქალაქი სავსე იყო უამრავი პრობლემით.

რამაზ საყვარელიძე: "ნიკო გმოცდილი ადამიანია და კარგი ორგანიზატორი, საქმე კარგად იცის და ამიტომაც აღმოჩნდა მერის სავარძელში, მერე ძალიან უყვარდა ლეკიშვილი შევარდნაძეს. ცნობილია ასევე ნიკო თბილისისადმი დამოკიდებულებით, ქალაქი ძალიან უყვარს. როდესაც მერობას შეუდგა, უკვე დღის წესრიგში იდგა ქალაქის მოვლა. წინამორბედ მერებს, ასეთი პირობები სამუშაოდ არ ჰქონიათ და ბევრი მათგანის ყოფნა მცირე დროით ამ სტატუსში ამითაც იყო განპირობებული. ვიმეორებ, არ მიეცათ საკუთარი ინტელექტუალური და პროფესიული უნარების გამოყენების საშუალება. ლეკიშვილს კი ბედმა გაუღიმა, გამოევლინა პროფესიონალური და მენეჯერული უნარები".

- რას იტყვით დედაქალქის შემდეგომ მერზე - ბადრი შოშიტაიშვილზე, რომლის საქმიანობის პერიოდია 1995 წლის 8 დეკემბერი - 1998 წლის 8 აგვისტო.

- ეს წლები კიდევ უკეთესი იყო სამუშაოდ, რადგანაც იმხანად საქართველო აღმართში მიდიდოა, დიდი ტემპით იზრდებოდა ეკონომიკა, დემოკრატიის ხაზითაც ვითარდებოდა და ქალაქიც მაგ რიტმს მიჰყვებოდა. მოკლედ შოშიტაიშვილსაც ბედმა გაუღიმა, კარგ პერიოდში აღმოჩნდა თანამდებობაზე.

- თუმცა თბილისი მაგ პერიოდში ენერგობლოკადაში იმყოფებოდა და უამრავი სოციალური პრობლემის წინაშე იდგა...

- კი, მაგრამ გავიხსენოთ საიდან მოდიოდა ეს გასაჭირი, ჯერ კიდევ სამოქალაქო და აფხაზეთის ომებიდან და თუ ეს პრობლემები იყო, არ აღიქმებოდა, როგორც მხოლოდ ბადრი შოშიტაიშვილის გასაჭირი. იმდენი რამ აკლდა მაშინ ქალაქს, რომ შოშიტაიშვილის ძალა ამ პრობლემას ვერ აღუდგებოდა...

- შოშიტაიშვილი ივანე ზოდელავამ შეცვალა და ეს იყო 1998 წლის 10 აგვისტო. ბატონი ვანო ამ თანამდებობას 1998 წლიდან 2004 წლის 19 აპრილამდე იკავებდა...

- ზოდელავა ერთგული იყო პრეზიდენტ შევარდნაძის და, შეასაბამისად, როგორც კი "ვარდების რევოლუცია" მოხდა, საქართველო დატოვა. მის პერიოდშიც ისევ და ისევ იყო მცდელობა, ქალაქი სტაბილიზაციისკენ წასულიყო, გამოსწორებულიყო სიტუაცია, ეს ზოგადი ტენდენცია გახლდათ...

- თუმცა, ბატონი ზოდელავას შემთხვეაში საუბარი იყო კორუფციაზე, ისევე როგორც ნიკო ლეკიშვილის შემთხვევაში...

- როდესაც საუბარია კორუფციაზე და ადამიანები სახელდებიან, მიჭირს აყოლა, რადგანაც კორუფცია დანაშაულია. თუ კორუფციას სასამართლო დაადგენს, მაშინ მჯერა, რომ კორუფცია იყო, თორემ ადვილია ყველაზე თქვა კორუმპირებულია. ლეკიშვილმა შეძლო მაშინ ფინანსურად მოღონიერებულ ადამიანებთან ურთიერთობები ქალაქის სასარგებლოდ წარემართა, ეს უნარი მას ნამდვილად ჰქონდა.

- ზურაბ ჭიაბერაშვილი აღმოჩნდა "ნაციონალური მთავრობიდან" პირველი, ვინც ქალაქის მერი გახდა (2004 წლის 19 აპრილი - 2005 წლის 12 მაისი)...

- ჭიაბერაშვილის საქმიანობა დიდად არ მახსენდება... გაგრძელება