"ოცნებას" "ნაციონალების" პრაქტიკა კიდევ უფრო დაუხვეწავს და ე.წ. მდედრიონი, პირდაპირ უბნებში დააყენეს" - კვირის პალიტრა

"ოცნებას" "ნაციონალების" პრაქტიკა კიდევ უფრო დაუხვეწავს და ე.წ. მდედრიონი, პირდაპირ უბნებში დააყენეს"

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესი ქვეყნის მასშტაბით 3 644 უბანზე ზუსტად 20:00 საათზე შეწყდა.

საარჩვენო პროცესის წინასწარი შეფასებით ის საკმაოდ მშვიდად და მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე მიმდინარეობდა. როგორც მოსალოდნელი იყო მცირე დაძაბულობა შეიმჩნეოდა ქვემო ქართლში, კერძოდ, მარნეულის რაიონში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია სპეცრაზმის გამოჩენამ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ეს მხოლოდ პრევენციული ზომა გახლდათ და არანაირი საჭიროება სპეცრაზმის გამოყენების არ ყოფილა.

არჩევნებს საკმოდ მასშტაბურად აკვირდებოდნენ ქართველი თუ უცხოელი დამკვირვებლები. მათი განცხადებით, ძირითადად ხდებოდა პროცედურული დარღვევები, რომელთა თაობაზე დაიწერა საჩივრები.

მასშტაბურ დარღვევებზე ლაპარაკობს ოპოზიცია.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ე.წ. კარუსელის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.

"აქამდე არსებულ პრობლემებს დაემატა "კარუსელის" რამდენიმე ფაქტი. წინა ბრიფინგზე წარმოვადგინეთ გარდაბანში ბიულეტენის გამოტანის და გაყალბების ფაქტი. "კარუსელის" ფაქტები ასევე დასტურდება ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, 59-ე უბანზე. იქაც, საუბარია იმაზე, რომ ორმა პირმა ხმა მისცა მარკირების გარეშე, ხოლო მოგვიანებით, სულ ცოტა ხანში უბანზე გამოცხადდა სამი პირი. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში მოხდა დანაშაულის პრევენცია და ეს სამი პირი ჩვენმა წარმომადგენლებმა არ შეუშვეს", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ამომრჩევლის ნების კონტროლთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან "ქართული ოცნების", "მემარცხენე ალიანსის" ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ახალი სიტყვის" წარმომადგენლები იდგნენ და უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს ინიშნავენ. ეს ხდებოდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

"ცესკოს განმარტებით, ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სახელი, გვარი და ასევე სიაში რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს და დამკვირვებლებს არ ეზღუდებათ მსგავსი მონაცემების ნახვა. სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს ფაქტებში ვერ ხედავს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და ამით ხელს უწყობს ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის ფაქტებს.

საქართველოს კანონმდებლობა იმპერატიულად განმარტავს, რომ ერთიანი სიის სამაგიდო ვერსია არ არის საჯარო ინფორმაცია და შესაბამისად, არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისათვის. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი ერთმანეთისგან განასხვავებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ორ ვერსიას: საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ სიას (ე.წ. სამაგიდო სიას) და სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. სამაგიდო სიაში, სიის საჯარო ვერსიისგან განსხვავებით, ამორჩევლის სხვა მონაცემებთან ერთად აღნიშნულია ამომრჩევლის პირადი ნომერი, რაც წარმოადგენს ამომრჩევლის პერსონალურ ინფორმაციას. სამაგიდო სიებში ასევე ფიქსირდება უბანზე მისული ამომრჩევლის ხელმოწერა.

ცესკოს 2012 წლის დადგენილების თანახმად (N 42/2012 - ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ, მუხლი 1.3), "კენჭისყრის შენობაში დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციისა თუ მასალის გადაღება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსია", - განაცახდეს "ახალგაზრდა იურისტებმა".

"ვინაიდან სიის სამაგიდო ვერსია არ არის საჯარო ინფორმაცია, შესაბამისად - არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის, განურჩევლად იმისა, მესამე პირთა ინტერესი ამ სიიდან პერსონალური ინფორმაციის ამოწერაა თუ არა. ამასთან, ამომრჩევლის მხოლოდ რეგისტრაციის ნომრის საფუძველზეც მარტივადაა შესაძლებელი, სიის საჯარო ვერსიის მეშვეობით, სიაში რიგითი ნომრის მფლობელი ამომრჩევლის ვინაობის იდენტიფიცირება", - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი ფაქტები და მათი მასშტაბი სერიოზულ ეჭვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური სუბიექტების ინტერესია არა უბანზე მისული ამომრჩევლის რაოდენობის, არამედ უბანზე მოსული ამომრჩევლების ვინაობის დადგენა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი, რაც გამოიხატება უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის აღრიცხვაში და არმისული ამომრჩევლის იდენტიფიცირებაში (რათა, სავარაუდოდ, მოხდეს მათი მობილიზება და არჩევნებზე მიყვანა.)

ყველაზე მეტჯერ სწორედ ამ პრობლემას აღიშნავდნენ როგორც პოლიტიური პარტიების , ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ალეკო ელისასვილის თქმით, ეს იყო "დაბრუნება წარსულთან", როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" კორდინატორები, რომელთაც ძირითადად ქალები წარმოადგენდნენ და მეტსახელად "მდედრიონიც" კი შეარქვეს, მხარდამჭერებს აღრიცხავდნენ არჩვენების დღეს, თუმცა ისინი ამას აკეთებდნენ საარჩვენო უბნის გარეთ და არა უშუალოდ უბანში.

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ფეისბუკგვერდზე" წერს:

"ოცნებას" „ნაციონალების" პრაქტიკა კიდევ უფრო დაუხვეწავს და ახლა მარტო უბნის გარეთ კი არ ჰყავს მობილიზებული ე.წ. მდედრიონი, არამედ უბნებში ე.წ. დამკვირვებლებიც დაუყენებიათ, რომლებიც სიებს ამოწმებენ. თავს იმით იმართლებენ, კანონდარღვევა არ არისო. როგორ არ არის კანონდარღვევა, როდესაც ამომრჩევლის ნების აშკარა კონტროლი ხდება. შეიძლება ადამიანმა წინასწარ შენს მხარდამჭერად თავი იმიტომ ჩაგაწერინა, რომ სადმე საჯარო სექტორშია დასაქმებული და ეშინია, არ გაათავისუფლოთ (ეს პრაქტიკაც ხომ გადმოიღეს "ნაციონალებისგან!"), მაგრამ სინამდვილეში სულაც არ გიჭერს მხარს და არ უნდა არჩევნებზე მოსვლა, შენ კი ამოწმებ, ურეკავ და ძალით მოგყავს უბანზე. ეს თუ კანონის დარღვევა არ არის, აბა რა ჯანდაბაა?!

იხილეთ ასევე: "ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლი: კალაძე - 54%, უდუმაშვილი - 15%, ელისაშვილი - 14%

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით