როგორ "იჭრება" "შავი" ფული ქართულ პოლიტიკაში
23-10-2017
როგორ "იჭრება" "შავი" ფული ქართულ პოლიტიკაში
"პოლიტიკაში "შავი" ფულით ოპერ­ირება უკვე გამოცდილი სისტემით ხდება­ - ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული, თუმცა, არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც არალეგალურად, კრიმინალური გზებით ფინანსური უზრუნველყოფის გამო რომელიმე­ პარტია ან პოლიტიკოსი დასჯილიყოს. არადა, ყველა სპეცსამსახური როგორც "თეთრი", ისე "შავი" ფულის დიდ ნაწილს აკონტროლებს და ოპერატიული ინფორმაცია აქვთ ფინანსური ოპერაციების შესახებ. ქართულ პოლიტიკაში ეს საერთო თამაშის ნაწილად იქცა. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ მიიჩნევს, რომ კრიმინალთან აქვს საქმე"

სახელმწიფო
აუდიტის სამსახური პოლიტიკურ პარტიებში ე.წ. შავი ფულის შესაძლო არსებობაზე მიანიშნებს - პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, უკვე დაწყებულია მუშაობა არალეგალური ფულის აღმოსაჩენად, რომლის ფარგლებშიც 14 ფიზიკური პირი უკვე გამოჰკითხეს, ჯამში კი უწყებაში 31 საეჭვო შემოსავლების მქონე პირის დაბარება იგეგმება.
აუდიტის სახელმწიფო სამსახურის
განცხადებასა და პოლიტიკაში არსებულ­ არალეგალურ ფინანსებზე "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს:

"ყველა პარტია ლაფშია ამოსვრილი და არც ერთს არა აქვს მორალური უფლება, თითი ერთმანეთისკენ გაიშვიროს"

- ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართულ პოლიტიკაში "შავი" ფული დიდი ხანია ტრიალებს. ვერავინ დამაჯერებს, რომ პარტიული აქტივი, მათ შორის, აგიტატორები თუ საარჩევნო უბნებზე ორგანიზაციული ჯგუფები ენთუზიაზმით მუშაობენ. პარტიისთვის ეს ქვედა რგოლი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის მათი ფინანსურად უზრუნველყოფა პრიორიტეტია. როგორ უნდა დააფინანსოს ისინი პარტიამ, რომელსაც არა აქვს შესაბამისი ლეგალური ფინანსები? სწორედ ამ დროს ჩნდება "შავი" ფულის საჭიროება და არალეგალური გზებით თანხების მოძიება.

ფაქტობრივად, პარტიასა და საარჩევნო ჯგუფებს შორის ე.წ. ჩუმი შეთანხმება ფორმდება, რომ ანაზ­ღაურება არა საბანკო ანგარიშებით, არამედ ნაღდი ანგარიშსწორე­ბით გაიცემა და ამის შესახებ ინფორმაცია დახურული უნდა იყოს. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ფინანსური ქვედა დინებები ყოველთვის არჩევნების წინ აქტიურდება.
არ იფიქროთ, რომ ამ არალეგალურ მეთოდებს მხოლოდ ოპოზიციური პარტ­იები­ იყენებენ, რომლის დამფინან­სებ­ლებისთვისაც­ ოფიციალურად თანხის შეწირვა საფრთხის შემცველია,­ რადგან, შესაძლოა, ხელისუფლების ზეწოლის ობიექტები აღმოჩნდნენ, მმართველი გუნდიც აქტიურად იღებს ფინანსებს.­ თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურად­ 7 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა­ მიიღო, რაც ერთი პარტიისთვის სოლიდური თანხაა.

- რა სქემით ტრიალებს სახელისუფლებო პარტიასა თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებში "შავი" ფული? რამდენად შესაძლებელია უცხო ქვეყნიდან, მათ შორის, რუსეთიდან შემოდიოდეს არალეგალურად?

- პოლიტიკაში "შავი" ფულით ოპერ­ირება უკვე გამოცდილი სისტემით ხდება­ - ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული, თუმცა, არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც არალეგალურად, კრიმინალური გზებით ფინანსური უზრუნველყოფის გამო რომელიმე­ პარტია ან პოლიტიკოსი დასჯილიყოს. არადა, ყველა სპეცსამსახური როგორც "თეთრი", ისე "შავი" ფულის დიდ ნაწილს აკონტროლებს და ოპერატიული ინფორმაცია აქვთ ფინანსური ოპერაციების შესახებ. ქართულ პოლიტიკაში ეს საერთო თამაშის ნაწილად იქცა. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ მიიჩნევს, რომ კრიმინალთან აქვს საქმე.

- არალეგალურ ფინანსებზე მიანიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა­ არჩილ თალაკვაძემ. მან "ნაცმოძრაობისთვის" თვის განმავლობაში შეწირული­ 5 ათასი­ ლარი საეჭვოდ მიიჩნია. ეს მხო­ლოდ განცხადება იყო განცხადებისთვის, თუ აუდი­ტის სამსახურის მუშაობის შემდეგ პოლიტიკური ჯგუფების პასუხისმგებლობაში­ მიცემას უნდა ველოდოთ?

- თალაკვაძისა და სხვა სახელისუფლებო ლიდერების განცხადებები რიტორიკას არ გასცდენია და მსგავსი დამოკიდებულება არც მომავალში შეიცვლება - როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიციაც "შავ" ფულზე" შეთანხმებული არიან და ამ საკითხს მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებენ. დარწმუნებული ვარ, აუდიტის სამსახურმა დარღვევები რომც გამოავლინოს, სამართლებრივი პროცესი არ დაიწყება - ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ­ და ვეჭვობ, ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მსგავსი უკანონო ქმედებებით ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა არც ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ მოიქცევა პატიოსნად, პირიქით, რაც მეტი შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა მიზნისთვის "შავ" ფულს ბევრად მასობრივად გამოიყენებს. კი ბატონო, მეც არ მჯერა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სულ რაღაც ასი ათასი ლარით ჩაატარა წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა, ხელისუფლებამ სხვისკენ თითი მაინც არ უნდა გაიშვიროს, რადგან თავადაც იმავეს აკეთებს.

- "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მწირი შემოწირულობის გამო რეგიონებში ოფისები და მოძრავი ქონება გაყიდეს­ და ამ თანხით დააფინანსეს წინასაარჩევნო კამპანია. ამასთან, რა სქემაზე მიუთითებთ "ქართულ ოცნებაზე" საუბრისას?

- "შავი" ფულის"ანალოგია შემოწირულობები, რომლებსაც ბიზნესი სახელისუფლებო პარტიებს გულუხვად აძლევს, რასაც მმართველი უტიფრად ამართლებს­ - ბიზნესი გავაბედნიერეთ და სოლიდური შემოწირულობები არ უნდა გაგიკვირ­დეთო. სააკაშვილიც იმავეს ამბობდა, მაგრამ მისი განცხადებები რეალობასთან ახლოს იყო? ბიზნესის ბუნებას კარგად ვიცნობ და ვიცი, რატომ შეიძლება მან ფული გასცეს,­ მით უმეტეს, პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად. ვგულისხმობ კორუფციულ გარიგებებს, ე.წ. ატკატებს, კეთილგანწყობის ყიდვას და ა.შ.
რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", შესაძლოა, მანქანებიც და ოფისებიც გაყიდონ, თუმცა, ეს მაინც არ არის საკმარისი თანხა პოლიტიკისთვის, მით უმეტეს, ისეთი აქტიური კამპანიისთვის, როგორიც ამ პარტიას ჰქონდა.
ფაქტია, ყველა პარტია ლაფშია ამოსვრილი და არც ერთს არა აქვს მორალური უფლება, თითი ერთმანეთისკენ გაიშვიროს. ეს არის დანაშაული, რომელიც, ფაქტობრივად, ჩრდილოვანი კანონის დონეზე მოქმედებს.

თუ "შავი" ფული ოფიციალურად, შესაბამისი მექანიზმებით არ გაკონტროლდა, სახელმწიფოს მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის.
დღეს ეს საკითხი მწვავედ არ დგას, თუმცა, მომავალში აუცილებლად გაჩნდება რისკი, რომ ქვეყანაში დიდძალი არალეგალური რუსული ფული შემოვიდეს და ეს შესაბამის პოლიტიკურ დღის წესრიგსაც შექმნის - ქართველი ამომრჩევლის ფინანსურად მართვა ხომ პოლიტიკოსებისთვის ყველაზე იოლი ამოცანაა?! თანაც მხოლოდ რუსეთის პოლიტიკური ელიტა არ ქმნის ამ მხრივ საფრთხეს, იგივე შეიძლება ითქვას თურქეთსა და ირანზეც.

აუდიტის სამსახური: საქმის მასალები შესაძლოა აუდიტის სამსახურს გადაეგზავნოს


"კვირის პალიტრა" აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსს ზურაბ აზნაურაშვილს დაუკავშირდა.

- ბატონო ზურაბ, როგორც აღნიშნეთ, პოლიტიკურ პარტიებში ე.წ. შავი ფულის არსებობის გამოსაკვლევად 14 პირია დაკითხული და კიდევ 31 პირის მიმართ არსებ­ობს შეკითხვები. კონკრეტულად, რა კითხვები გაუჩნდა აუდიტის სამსახურს და რომელი პოლიტიკური ძალების მიმართ?

- აუდიტის სამსახურის ანგარიშში საუბარია წინასაარჩევნო პროცესებში ყველა შესაძლო დარღვევის შესწავლაზე. ასევე შევისწავლით როგორც შემოწირულობებს, ისე ღონისძიებებზე დახარჯული თანხების დეკლარირების პროცესს. ამ პროცესში არის ალბათობა, გამოყენებული იყოს არადეკლარირებული ხარჯები, რადგან კამპანია საკმაოდ დიდ მასშტაბებზეა გასული და ყველა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.
შემომწირველებთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები. ამიტომაც ვთხოვთ შემომწირველებს აუდიტის სამსახურში­ გამოცხადებას. შუალედურ ანგარიშში აღნიშნული 31 ფიზიკური პირი "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" შემომწირველია. მოკვლევა გრძელდება სხვა სუბიექტების შემომწირველებთან დაკავშირებითაც და მომდევნო დღეებში გაანალიზებული იქნება სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის თვეში განხორციელებული გადარიცხვებიც.

კითხვები არადეკლარირებული თანხების შესახებ არსებობს როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე მონიტორინგის პროცესში სხვადასხვა­ დამკვირვებლის მიერ გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე.
ასევე საუბარია სარეკლამო ხარჯებზე, პლაკატებისა თუ ვიდეორგოლების დამზადებისა და განთავსების ხარჯებზე, რომლებიც არ ასახულა დეკლარაციის გრაფაში.

- როდის აპირებთ დასკვნის გასაჯაროებას და უკვე არსებული მასალებით თუ იკვეთება დანაშაულის ნიშნები?

- აუდიტის სამსახური სისტემატურად აქვეყნებს მონაცემებს. პერ­იოდულად გასაჯაროვდება ინფორმაცია თითოეული განცხადების შესწავლისა და პირების დაჯარიმების შესახებაც. დარღვევის არსებობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომა ადმინისტრაციულ­ ჯარიმას გულისხმობს, რომელიც შესაძ­ლებელია დახარჯული თანხის ორმაგი ოდენობა იყოს.
იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების ფორმით ვერ მოხდება­ საკითხის შესწავლა, საქმის მასალები მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება, მაგრამ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით