"ევროკავშირი არ არის კეთილი ძიებისა და დეიდების კლუბი, იქ ძალიან მაღალია კონკურენციაა"
23-10-2017
"ევროკავშირი არ არის კეთილი ძიებისა და დეიდების კლუბი, იქ ძალიან მაღალია კონკურენციაა"
"აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გეტყვით, დაივიწყეთ ნატო და ევროკავშირიო, მაინც არავინ მიგიღებთო, მაგრამ ბოლომდე ერთგული უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის ამბიციების"

ლიტვა-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობასა და პარტნიორობაზე "კვირის პალიტრა" ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გედრიუს პუოჯუნასს ესაუბრა.

- საქართველო-ლიტვის ურთიერთობების ერთ-ერთი ქვაკუთხედი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებია. როგორ მოახერხა ლიტვამ ის, რასაც საქართველო, სამწუხაროდ, დღემდე ვერ ახერხებს?

- ამ კითხვაზე პასუხის წარსულში ძიებას, აჯობებს მომავლისკენ გაიხედოთ და წარმატებაც მოვა. ჩვენი, ლიტველების გზაც
ევროკავშირისა და ნატოსკენ არ იყო ია-ვა­რდით მოფენილი. ლიტვური გამოცდილებიდან საქართველოს შეუძლია რამდენიმე გაკვეთილი გამოიყენოს. პირველ რიგში, აუცილებელია ერთსულოვნება. ყველას - პოლიტიკოსებს, საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, მედიას - ერთი გეოპოლიტიკური მიზანი უნდა ამოძრავებდეს. ჩვენ ვხუმრობთ ხოლმე, რომ ლიტვაში­ ორ კაცზე სამი პარტია მოდის, რომლებიც­ ვერასდროს რიგდებიან ერთმანეთში,
მაგრამ, როცა საქმე გეოპოლიტიკურ მიზნებზე მიდგება, ყველანი ერთად ვდგავართ, ერთი ხმით ვსაუბრობთ. მეორე - უნდა იყოთ ამბიციური და არ უნდა მოსწყდეთ რეალობას. თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრები გახდებით, ესე იგი, ერთ დღეს ასეც მოხდება. უნდა იყოთ თანამიმდევრულები და აკეთოთ თქვენი საშინაო დავალება. წინ უნდა გაიხედოთ, ბევრი იშრომოთ, დასახული გზიდან არ გადაუხვიოთ და მიზანსაც მიაღწევთ. აუცილებლად გამოჩნდება, ასე ვთქვათ, შესაძლებლობათა ფანჯარა, რომელსაც საქართველო გამოიყენებს. ზოგჯერ გაურკვეველი მომავალი ძალიან დამთრგუნველია, მაგრამ მხნედ უნდა იყოთ - სწორ გზაზე დგახართ და მჯერა, რომ მიზანს მიაღწევთ.

- დასავლელი პარტნიორები გვაქებენ, ქვეყანაში ვითარდება დემოკრატია, ვატარებთ რეფორმებს... კიდევ რა უნდა გააკეთოს საქართველომ? თანაც იმის ფონზე, რომ ნატოსა­ და ევროკავშირის წევრები ხდებიან ქვეყნები, რომელთაც საქართველო თუ არ აღემატება,­ ნამდვილად არ ჩამორჩება დემოკრატიული სტანდარტებით. არაფერს ვერჩით ალბანეთს, მონტენეგროსა და სერბეთს, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ დავალების შესრულებაზე, როგორც გადამწყვეტ ფაქტორზე აპელირება დასავლეთის ერთგვარი ორმაგი სტანდარტია?

- ვერ დაგეთანხმებით. რეფორმებს იმიტომ კი არ უნდა ატარებდეთ, რომ ნატოში ან ევროკავშირში მოხვდეთ, არამედ იმიტომ, რომ ეს თქვენს ქვეყანას წინ წასწევს. პირველ რიგში, თქვენივე ინტერესებშია სამთავრობო რეფორმები, ჯანსაღი კონკურენცია და მდგრადი ეკონომიკა. მე ვიყავი საქართველოში 16 წლის წინ და ფაქტია, დღეს ეს სულ სხვა ქვეყანაა. არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეთ, და იმავდროულად, არსებობს პოლიტიკური კონსენსუსის საკითხი. ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ საქართველოს გაუხსნა გზა მსოფლიოს ყველაზე მომგებიანი ბაზრისკენ - შეგიძლიათ ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოთ. ეს კარგი შანსია, მაგრამ როგორ გამოიყენებთ, თქვენზეა დამოკიდებული. ევროკავშირი არ არის კეთილი ძიებისა და დეიდების კლუბი, იქ ძალიან მაღალია კონკურენცია და ამისთვის მზად უნდა იყოთ. რაც შეეხება ნატოს, იქ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკურ კონსენსუსს - ყველა წევრი უნდა დაეთანხმოს იმას, რომ კლუბში ახალბედა მიიღონ.

- საქართველოს ნატოში გაწევრებაზე საუ­ბრისას ხშირად ხაზს უსვამენ, განსაკუთ­რებით ევროსკეპტიკოსი ექსპერტები, რომ საქართველოს აქვს ორი კონფლიქტური რეგიონი და სანამ არ მოგვარდება, ნატოშიც ვერ შევალთ...

- ვფიქრობ, მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკვე ძალიან ბევრს აკეთებს და ალიანსი და დასავლელი პარტნიორები ამას ხედავენ. თქვენც გაქვთ კონფლიქტის მოგვარების ბევრი ინიციატივა, ცდილობთ, ჩატეხილი ხიდების აღდგენას და ხალხთა შერიგებას. სწორედ ეს არის ერთადერთი მართებული გზა. ავიღოთ საფრანგეთისა და გერმანიის, პოლონეთისა და ლიტვის მაგალითი - ასეთმა მიდგომამ მოგვიტანა მშვიდობა. კონფლიქტის მოგვარების გასაღები თანამშრომლობაშია და არა ბრძოლაში­. საქართველო ყველაფერს სწორად აკეთებს. ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი.

- მაგრამ შერიგება მხოლოდ ერთ მხარ­ეზე­­ არ არის დამოკიდებული, ფაქტია, რომ საქართველოს მცდელობა, სოხუმისა და ცხინვა­ლის ე.წ. ხელისუფლებასთან საერთო ენა გამონახოს, მარცხით სრულდება. რა პოზიტიური შედეგი შეიძლება მოჰყვეს ერთი მხარის მცდელობას, თუ მეორეს ამის გაგონებაც არ სურს?

- საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება, თქვენი დაახლოება ევროპულ ოჯახთან საუკეთესო გზაა შერიგებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. ფაქტია, რომ ამ რეგიონებს არავინ აღიარებს დამოუკიდებელ ქვეყნებად - სოხუმი და ცხინვალი საქართველოს სუვერენული ტერიტორიებია და ასეც დარჩება.

- რუსეთზეც ვისაუბროთ. როგორ შეაფასებდით კრემლის ფაქტორს, მაგალითად, როდესაც საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება?

- ნატო და ევროკავშირი არ ცნობენ მესამე ძალის გავლენას, ან მათ მისწრაფებებს, შექმნან ბუფერული ზონები. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება,­ თავად გადაწყვიტოს, რომელ ალიანსსა თუ ბლოკში სურს გაწევრება. ეს საქართველოს­ გადასაწყვეტია და არა მოსკოვის. თუ გსურთ, ნატოსა და ევროკავშირის წევრები გახდეთ, არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმემ ამას ვეტო დაადოს. იმავდროულად, ფაქტია, რომ ძალიან რთულ სამეზობლოში ვართ. 2008 და 2014 წლების მოვლენებმა ძირეულად შეცვალა გეოპოლიტიკური რეალობა ლიტვისთვისაც. ვცდილობთ, ამ ახალ გამოწვევებს მოვერგოთ - ჩვენ გავზარდეთ თავდაცვის ბიუჯეტი, დავაბრუნეთ სავალდებულო გაწვევის სისტემა, ვყიდულობთ სამხედრო ტექნიკას.

- ანუ ომისთვის ემზადებით?

- ჩვენ ვემზადებით თანამედროვე გამოწვევებისთვის. როგორც ამბობენ, თუ მშვიდობა გსურს, ომისთვისაც უნდა იყო მზად. ნატო კოლექტიური თავდაცვის პრინციპზეა დაფუძნებული და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შეგიძლია დაელოდო, როდის მოვა ვინმე და დაგიცავს.

- თუ ნატოს წევრი ლიტვა ასე შეშფოთ­ებულია, პატარა საქართველომ რაღა თქვას?

- საქართველო ძალიან საჭირო რეფორმებს ატარებს, ეს თქვენი ქვეყნის სამხედრო თავდაცვისუნარიანობას გაზრდის. რაც შეგიძლიათ, ის უნდა გააკეთოთ...

- და იმედი გვქონდეს, რომ გადავრჩებით...

- ისევ ლიტვის მაგალითს მოვიყვან - 2003 წელსაც კი, ერთი წლით ადრე, სანამ ნატოსა და ევროკავშირში შევიდოდით, ბევრი ამბობდა, რომ ამას ვერ მოვახერხებდით, რომ შანსი არ გვქონდა, რომ ლიტვა ნაცრისფერ ზონად გადაიქცეოდა და ა.შ. მაგრამ ჩვენ არჩეულ გზას არ გადავუხვიეთ და მან საბოლოოდ მიგვიყვანა კიდეც მიზნამდე. ის პატარა გეოპოლიტიკური სასწაული დღეს რეალობად იქცა.
საქართველოსაც აქვს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ ერთ დღეს თქვენ ნატოს წევრები გახდებით. ასე რომ, პოლიტიკურ შანსს უნდა დაელოდოთ. აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გეტყვით, დაივიწყეთ ნატო და ევროკავშირი, რა გინდათ იქ, მაინც არავინ მიგიღებთო, მაგრამ ბოლომდე ერთგული უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის ამბიციების.

- აქ ერთი დეტალია - პოსტსაბჭოთა სივრცის მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ დასავლეთმა ერთ დროს დაკარგული ბალტიისპირეთი, ასე ვთქვათ, ევროპულ ოჯახში დააბრუნა, მაგრამ საქართველოზე ევროპაში მსგავსი­ განცდა და სენტიმენტები არ არსებობს...

- დიახ, დასავლეთს არასდროს უღიარებია ლიტვა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები საბჭოეთის ნაწილად. ეს მართალია, მაგრამ დღეს თქვენ, ქართველებს, გაქვთ დასავლეთის დაპირება, მეტიც, გარანტია, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუ საჭირო რეფორმებს გაატარებს. ვფიქრობ, ასოცირების შეთანხმების რეალიზება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და ამ შეთანხმებაში ჩაწერილი რეფორმების გატარება იოლი ნამდვილად არ იქნება. მეტიც, ეს იქნება მტკივნეული პროცესი, რომელსაც ხალხი ზოგ­ჯერ არ დაუჭერს მხარს. მაგალითისთვის ავიღოთ ერთ-ერთი მოთხოვნა: მანქანების ტექდათვალიერება, რომელიც 1-ლი იანვრიდან უნდა აღდგეს. თბილისში საშინლად არის ჰაერი დაბინძურებული. ამის გაკეთება იაფი არ დაჯდება, თან ეს იქნება არაპოპულარული ნაბიჯი, მაგრამ უნდა შეეგუოთ, რადგან თუ ევროკავშირში გინდათ შესვლა, მაშინ ევროპულ სტანდარტებთან ადაპტაციაც მოგიწევთ.

ვაჟა თავბერიძე
evrokavShiri=3 raixi
01 ნოემბერი 2017 21:34
ლიტვა-ლატვია-ესტონეთი არიან სტატისტები ევროკავშირში,მაგათ ვინმე რამეს ეკითხება?თურმე არ არის ორმაგი სტანდარტები ევროპაში,ან ნატო Fუფუნებისთვის ჭირდება ვითომ საქართველოს...საქართველოზე რა უნდა თქვან როცა ევროპელ მამებს თვითონ მაგენიც ერთ ადგილზე კიდიათ,,

რედაქტორის რჩევით