მასების მართვის ხელოვნება - კვირის პალიტრა

მასების მართვის ხელოვნება

რა მეთოდებს იყენებდნენ ქართველი ლიდერები ხალხზე ზემოქმედებისთვის

თუ საქართველოს უახლეს ისტორიას გადავავლებთ თვალს, ლიდერებმა კარგად იცოდნენ, როგორ მოეხდინათ გავლენა მასებზე, როგორ ემართათ საზოგადოება, რომ სასურველი შედეგი მიეღოთ - პოლიტიკოსების მართვის ტექნოლოგიებზე პიარკონსულტანტი კახა მაღრაძე საუბრობს:

- დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ყველა მმართველი საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას ცდილობდა და მასებზე ზემოქმედებისთვის ბერკეტებს განსხვავებულად იყენებდა. პროცესებს თუ ქრონოლოგიურად მივყვებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,

ზვიად გამსახურდიამ აქტიურად დაიწყო სახალხო თავყრილობების ორგანიზება, რადგან მისთვის მიტინგი ხალხზე ზემოქმედების ყველაზე ეფექტიანი მეთოდი იყო, რაშიც ორატორული ნიჭი და ზუსტი ცოდნა - თუ რისი მოსმენა სურდა ხალხს მისგან - განსაკუთრებით ეხმარებოდა. სწორედ ამიტომ იმართებოდა ლამის დღეგამოშვებით მიტინგები, საბოლოოდ პიკეტირება და საყოველთაო თავშეყრის ორგანიზება მმართველობის ძირითად მიმართულებად და პროცესებში საზოგადოების ჩართულობის ერთადერთ შესაძლებლობადაც კი იქცა.

თანაც, იმ ფონზე, როდესაც საინფორმაციო სივრცე შეზღუდული იყო, ნებისმიერი მიტინგისა და მოწოდებების შესახებ ინფორმაცია უსწრაფესად ვრცელდებოდა. მახსოვს, როდესაც ხელისუფლებას გვარდია აუჯანყდა, გამსახურდიამ საზოგადოებას მიმართა, გვარდიას წინ აღვუდგეთ და მიტინგი გავმართოთო, ამ შემთხვევაშიც ჩანს, რომ გამსახურდიას მმართველობისას პროცესების მართვის ერთადერთ საშუალებას ქუჩაში გამოსვლა წარმოადგენდა და მაშინ მართვის ახალი სტილი ვერ ჩამოყალიბდა.

- შევარდნაძის პერიოდშიც იმართებოდა მიტინგები, თუმცა, პროტესტის ორგანიზების ნაცვლად, უფრო ხშირად ისმოდა სიტყვა "სტაბილურობა". რა მეთოდს მიმართავდა ედუარდ შევარდნაძე მასებზე გავლენის მოსაპოვებლად?

- სხვათა შორის, ზურაბ ჟვანიას იდეა იყო, ყველა პოლიტიკურ გამოსვლაში აქცენტი სტაბილურობაზე გაკეთებულიყო. რაც შეეხება კონკრეტულად შევარდნაძის ბერკეტებს, პირველად მან დაიწყო მედიასაშუალებებთან უშუალო კომუნიკაცია და მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება. შევარდნაძეს კარგად ესმოდა, რომ თუ მოსახლეობაზე ზემოქმედება სურდა, პირველ რიგში, მედიისგან უნდა მიეღო მხარდაჭერა. ეს დამოკიდებულება მოგვიანებით სააკაშვილმა განავითარა და მასაზე სასურველი ზეგავლენის მოსახდენად პრიორიტეტად გამოაცხადა.

კარგად გვახსოვს შევარდნაძის ყოველკვირეული რადიოგადაცემებიც, სადაც მუდმივად სტაბილურობაზე საუბრობდა - მან კარგად იცოდა, რომ სამოქალაქო ომისა და დაპირისპირების შემდეგ სწორედ მშვიდობის მოლოდინი ჰქონდა მოსახლეობას. გარდა ამისა, შევარდნაძე ყოველთვის ხაზს უსვამდა საერთაშორისო ავტორიტეტს, ხშირად ახსენებდა გენშერსა თუ ბუშს და მათ პირად მეგობრებად წარმოაჩენდა. ხალხსაც პირველ ეტაპზე სჯეროდა, რომ საქმე საერთაშორისო ფიგურასთან ჰქონდა, რომელსაც გერმანელი თუ ამერიკელი მეგობრები ნებისმიერ რთულ ვითარებაში გვერდით დაუდგებოდნენ. გარკვეულ ეტაპზე შევარდნაძის მეთოდმა საზოგადოებაზე გავლენა მოახდინა კიდეც, თუმცა, მხარდაჭერის დიდხანს შენარჩუნება მაინც ვერ შეძლო - მოსახლეობაში გაქრა მოლოდინი, რომ შევარდნაძე კორუფციასა და კრიმინალს გაუმკლავდებოდა. ის ვეღარ ინარჩუნებდა გავლენას მედიაზეც და ვერც იუმორით ახერხებდა პრობლემების გადაფარვას, ეს ვითარება კი კარგად გამოიყენა მიხეილ სააკაშვილმა და მოქმედებაც დაიწყო.

სააკაშვილს ასეთი პრინციპი ჰქონდა - რაც არ შუქდება ტელევიზიით, ქვეყანაშიც არ ხდება, ამიტომ აქცენტი მედიაზე შეაჩერა. ყოველდღიურად ტელევიზიით ჩნდებოდა, ხსნიდა სხვადასხვა ობიექტს, ზოგჯერ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რაღაცებს იგონებდა სპეციალურად იმისთვის, რომ მუხტი არ დაეგდო და ტელევიზიით ხალხისთვის მიემართა. ამას წარმატებითაც ახერხებდა, რადგან თავადაც კარგი პიარტექნოლოგია და იმ უნარებს ფლობს, რაც მასაზე გავლენის მოსახდენადაა საჭირო. ამასთან, სააკაშვილი ხშირად აიგივებდა საკუთარ თავს კონკრეტულ პიროვნებებთან - გვახსოვს გელათთან დადებული ფიცი და მინიშნებები, რომ ის 21-ე საუკუნის დავით აღმაშენებელია. ხშირად იგივდებოდა გამსახურდიასთანაც, ხალხში ხმაც ვრცელდებოდა, სააკაშვილი გამსახურდიას ეროვნულ იდეებს აცოცხლებსო.

მმართველობის მეთოდებს თუ გადავავლებთ თვალს, სააკაშვილს ყველაზე დახვეწილი პროპაგანდისტული მეთოდოლოგია ჰქონდა შემუშავებული.

- "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ეს პროპაგანდისტული მეთოდი აღარ მუშაობს?

- "ქართულ ოცნებაც" იმავეს ცდილობს, თუმცა, ან არ გამოსდის, ან შესაძლებლობა არ გააჩნია. ბიძინა ივანიშვილმა შეძლო მოსახლეობაში მითური პერსონის სახელის დამკვიდრება. კარგად გვახსოვს ლეგენდები, რომლებიც ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ქვეყანაში, სხვა ოფიციალური ინფორმაცია კი, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ესეც მასებზე ზემოქმედების ერთგვარი მეთოდია. ბიძინა ივანიშვილი წინამორბედებისგან განსხვავებით არ ზრუნავდა თავისი ქმედებების აფიშირებაზე, თუმცა, ამის შესახებ მაინც სრულიად საქართველოსთვის ხდებოდა ცნობილი.

რაც შეეხება მის გუნდს, სხვათა შორის, "ქართული ოცნების" წევრებისგან ხშირად მომისმენია, რომ სააკაშვილის პიარმეთოდების ნოსტალგია აქვთ და სურთ პროცესების რეაქტიულ რეჟიმში წარმართვა კონტროლირებადი მედიასაშუალებებით, თუმცა, ვერ ხვდებიან, რომ ამის საჭიროება ხალხში აღარ არის. პოლიტიკოსებისთვის ხალხზე მანიპულაციის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება - ჟარგონულად რომ ვთქვათ, ისე ვეღარ "გვაბოლებენ" პოლიტიკოსები, როგორც 90-იან წლებში, და რეაქტიულ პიარსვლებსაც ნაკლები ეფექტი აქვს. ამომრჩეველმა იმდენად გამოიმუშავა უნარები, რომ მათზე პოლიტიკოსების წინასწარ გათვლილი ჟესტიკულაციები და საუბრის დაყენებული მანერაც კი აღარ ახდენს გავლენას.

- მაშინ რა არის ის მთავარი ბერკეტი, რომლის გამოყენებითაც დღეს მასებზე გავლენის მოხდენაა შესაძლებელი?

- საშიშროების მოლოდინის გაჩენა - ეს არ არის ახალი მეთოდი, მას ასევე იყენებდა ზვიად გამსახურდია, რომელიც საზოგადოებას სუკ-ისა და ხუნტის საფრთხეზე მუდმივად ესაუბრებოდა და, ბუნებრივია, რეალური საფრთხის გარდა, პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა. იგივე ხდებოდა შევარდნაძის დროსაც, როდესაც ალტერნატიული ძალა ზვიადისტების დაბრუნებითა და მოგვიანებით, "აღორძინების" ხელისუფლებაში მოსვლის საშიშროებით იფუთებოდა. სააკაშვილიც საწინააღმდეგო აზრს რუსულ აგენტურას მიაწერდა და საზოგადოებას პერიოდულად ვიდეოფირებით კვებავდა. იგივე ხდება ახლაც - "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობისა" და სააკაშვილისგან შექმნა საფრთხე, რაც მასებზე ზემოქმედების ეფექტიანი მეთოდი აღმოჩნდა.

სააკაშვილსაც კი არ ჰყოლია საკონსტიტუციო უმრავლესობა, "ქართულმა ოცნებამ" კი ეს მოახერხა, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ მსგავსმა მეთოდმა მომავალ არჩევნებზე მათ სასურველი შედეგი მოუტანოს. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყოლია გლობალური დონის ლიდერები, როგორც, მაგალითად, ჩეხებს ვაცლავ ჰაველი. ლიდერები, ძირითადად, მოსახლეობაში ცრუ მოლოდინის გაჩენითა და მითების შექმნით იძერწებოდნენ. საბედნიეროდ, უკვე იკვეთება ტენდენცია, რომ დიდხანს ასეთი პოლიტიკოსები სცენაზე ვეღარ დარჩებიან - მალე მითების გამოგონებას ხალხი უკვე ციფრებითა და კონკრეტიკით საუბარს ამჯობინებს. შესაბამისად, ახალი ტიპის ლიდერების მოთხოვნა გაჩნდება - შესაძლოა, ნაკლებად ქარიზმატულისა და ცუდი ორატორის, თუმცა, საქმეში რეალიზებულის.

რუსუდან შელია