"ძალიან მალე საზოგადოებას გავაცნობთ, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები მერიაში" - კვირის პალიტრა

"ძალიან მალე საზოგადოებას გავაცნობთ, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები მერიაში"

თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გუშინ ჩატარებული არჩევნები შეაფასა. მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

კალაძის განცხადებით, არჩევნებში არავინ დამარცხებულა, ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა.

"ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, დიდი პატივია ვიყო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის თბილისის მერი. თქვენი მხრიდან გამოცხადებული მაღალი მხარდაჭერა კი მიორმაგებს პასუხისმგებლობას და მაძლევს სტიმულს თავდაუზოგავად ვიმუშავო ჩვენი ქლაქის თითოეული თბილისელის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევისთვის.

ჩატარებული სამართლიანი და დემოკრატიულიარჩევნებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის დემოკრატიული სამყაროს, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ არჩევნებში არავინ დამარცხებულა, ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, გაიმარჯვა თბილისმა და თითოეულმა თბილისელმა", – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, რა იქნება მისი პირველი გადაწყვეტილება, კახა კალაძის განცხადებით, რამდენიმე ქალაქში მეორე ტური იმართება, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ არჩევნებს.

"რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ პროექტებს, ძალიან მალე ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები მერიაში, ვინც მუშაობას გააგრძელებენ. ამას ყველაფერს წარმოგიდგენთ, გაგაცნობთ და ასევე ვისაუბრებთ იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლის განხორციელებას პირველივე დღიდან დავიწყებთ", - განაცხადა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ღია იქნება თბილისის თითოეული გულშემატკივრისთვის, ნებისმიერი კონსტრუქციული ძალისთვის და თუნდაც მისი ყოფილი კონკურენტებისთვისაც, რომლებსაც "კონკრეტული რეალისტური იდეები აქვთ და სურთ, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი დედაქალაქის უკეთესი მომავლის მშენებლობაში".

"მე ამაზე უკვე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მართლაც, თუ მათ გააჩნიათ კონკრეტული ხედვები, იდეები, კონკრეტული პროექტები თბილისთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გულწრფელად ვამბობ, რომ თანამშრომლობისთვის მზად ვარ", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, რომელ კონკურენტებს გულისხმობს კონკრეტულად, კახა კალაძის განცხადებით, მან დებატების მსვლელობის დროსაც არაერთხელ განაცხადა, რომ ეს ქალაქი მარტო კახა კალაძის და მარტო "ქართული ოცნების" არ არის.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით