"გამიყალბეს არჩევნები" - აურზაური თიანეთში, მეჭიაური ოთხი ხმით დამარცხებას არ აღიარებს - კვირის პალიტრა

"გამიყალბეს არჩევნები" - აურზაური თიანეთში, მეჭიაური ოთხი ხმით დამარცხებას არ აღიარებს

21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. უმეტეს უბნებზე ხმები დათვლილია, თუმცა ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

ცესკოს წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში შედეგები იცვლებოდა თიანეთის თვითმმართველ თემში, სადაც ამომრჩევლის ყველაზე მეტი ხმა "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა და "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა დააგროვეს.

თავდაპირველი ინფორმაციით, 20-დან 17 უბნის მონაცემებით, 54,44%-ით "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური ლიდერობდა, თუმცა, როგორც თავად მეჭიაური აცხადებს, საბოლოო შედეგებით, მან კონკურენტთან რამდენიმე ხმით წააგო.

ამ დროისთვის, ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, 20 უბნიდან დათვლილია 20-ვე უბანი, თამაზ მეჭიაურს 3077 ხმა - 49,97% აქვს, ხოლო ლელა ქიტესაშვილს 3081 - 50,03%. ანუ სულ რაღაც 4 ხმით აგებს მეჭიაური. თიანეთში ამ ინფორმაციას მისი მომხრეები აღშფოთებით შეხვდნენ, ისინი აცხადებენ, რომ ხმების დათვლისას შედეგები გაყალბდა.

ვითარების გასარკვევად თამაზ მეჭიაურს დავუკავშირდით.

თამაზ მეჭიაური, "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" თიანეთის მერობის კანდიდატი:

"არ ვაპირებთ გაჩერებას და და დამარცხების აღიარებას, როცა რეალურად ეს არ მომხდარა. იურისტთან ერთად მოვამზადებთ საჩივარს, რომელიც გადაიგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და თუ აქ არ მოხდება რეაგირება, მივმართავთ სასამართლოს. მე გავიმარჯვე და გამიყალბეს არჩევნები.

გუშინ მეოცე უბანზე და საოლქო კომისიაში მობილიზებული იყვნენ სპეცრაზმის თანაშრომლები, რომლებიც შენობაში არავის უშვებდნენ. გეგმავდნენ თუ როგორ გაეყალბებინათ ხმები. ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც საოლქო უბანში პირველადი შედეგების ოქმების წამოსაღებად მივიდა, პოლიციამ შენობაში არ შეუშვა. 2-საათიანი ლოდინის შემდეგ შეუშვეს... ეს დრო გამოიყენეს ვითარების ისე წარმოესაჩენად ვითომდა უბნებში ბათილად გამოცხადებულ ბიულეტენებში შეცდომით ჩადებული 4 ვარგისი ბიულეტენი იპოვეს.

ჩემი ინფორმაციით, ამ გაყალბებულ ბიულეტინებს კომისიის რამდენიმე წევრმა ხელიც კი არ მოაწერა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი, მეუღლესთან ერთად შედიოდა უბნებზე, რაც პირდაპირი დარღვევაა, თუმცა ამაზე კომისიის წევრები და თავმჯდომარეც რატომღაც არ ლაპარაკობდნენ და ამბობდნენ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა".

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)