"მე ამ დამარცხებას ღირსეულად ვაღიარებ" - კვირის პალიტრა

"მე ამ დამარცხებას ღირსეულად ვაღიარებ"

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კონკურენტს, უკვე თბილისის მერ კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა:

- პოლიტიკაში მოსვლის დღიდანვე ვთქვი, რომ ჩემი მთავარი ამოცანა არა ზიზღისა თუ სიძულვილის ენაზე კონკურენტებთან საუბარი, არამედ ახალი, ცივილიზებული პოლიტიკური კლასის დამკვიდრება იქნებოდა. ცივილიზებული კონკურენციის მეთოდები ჩემმა კონკურენტებმა ვერ აითვისეს, თუმცა პრინციპებს არასოდეს ვღალატობ - პოლიტიკური კულტურა დამარცხების აღიარებასაც გულისხმობს და მე ამ დამარცხებას ღირსეულად ვაღიარებ. ვულოცავ კახა კალაძეს გამარჯვებას და გულწრფელად მინდა, ის დედაქალაქის წარმატებული მერი იყოს, თუმცა აქვე გულდაწყვეტილი გეტყვით, რომ თბილისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" ხელში ნამდვილად მენანება.

- არჩევნების დღეს აცხადებდით, საარჩევნო უბნებზე დარღვევებია, ხელისუფლებას მეორე ტურის ეშინია, თუმცა ის მაინც ჩატარდებაო. მეორე ტურშიც ვერ მოხვდით. ეს რა გზავნილია თქვენთვის?

- ხელისუფლება არჩევნების დღეს სამარცხვინოდ მოიქცა, ამომრჩევლებს ძალით მიერეკებოდა საარჩევნო ყუთებთან, რაც დადასტურებულია ფაქტებით. არათანაბარ პირობებში ვიყავით წინასაარჩევნო პერიოდშიც, როდესაც ერთ მხარეს იყო დიდძალი როგორც ლეგალური, ისე არალეგალური ფული, მეორე მხარეს კი - უფულო დამოუკიდებელი კანდიდატი. უთანასწორო ბრძოლაში "ქართული ოცნება""დაუსხლტა მეორე ტურს. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ბრძოლას ვაგრძელებ დედაქალაქის განვითარებისთვის - თბილისი უკეთესს იმსახურებს.