"ხელისუფლებასთან ენის მოჩლექით საუბარს არ ვაპირებ" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებასთან ენის მოჩლექით საუბარს არ ვაპირებ"

"მიუხედავად ყველაფრისა, ახლა გაათმაგებული ენერგიით დავუპირისპირდები ქვეყანაში არსებულ უსამართლობას"

ალექსანდრე ელისაშვილისგან განსხვავებით, სახელისუფლებო კანდიდატს გამარჯვებას არ ულოცავს "ნაციონალური მოძრაობა", მეტიც, ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკურ ვაჭრობაზე მიანიშნებს:

- არჩევნები სამართლიან გარემოში რომ ჩატარებულიყო, შედეგი სულ სხვანაირი იქნებოდა. "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები კი არა, მთელი საქართველოს მასშტაბით სპეცოპერაცია ჩაატარა. მობილიზებული იყო ადმინისტრაციული რესურსი, დაფიქსირდა უამრავი დარღვევა, ადამიანებს აშინებდნენ, იყო"კარუსელის" შემთხვევები. ყველამ დაინახა ე.წ. მაყურებლების სრული მობილიზება. ადამიანები, რომლებიც აკონტროლებდნენ უბნებზე მოსულ პირებს, მათ მითითებებს აძლევდნენ და ვინც არ იყო საარჩევნო უბანთან მოსული, პირად ნომრებზე ურეკავდნენ და ხმის მისაცემად მისვლას აიძულებდნენ. საკუთარი ამომრჩეველი ძალით მიჰყავდათ არჩევნებზე. ყველაფერი გააკეთა "ოცნებამ", რომ მეორე ტური არ დანიშნულიყო.

კომისიის წევრები დაბარებული იყვნენ და შეჯამებული შედეგების გადასწორება მიდიოდა, რომ ცესკო-ს გამოცხადებული შედეგებისთვის მიეახლოებინათ.

მიუხედავად ყველაფრისა, ახლა გაათმაგებული ენერგიით დავუპირისპირდები ქვეყანაში არსებულ უსამართლობას, ხელისუფლებასთან ენით მოჩლექით საუბარს არც არასდროს ვაპირებდი და არც მომავალში ვაპირებ.

- რაზე მიანიშნებთ?

- ადგილებთან დაკავშირებით მიდის უღირსი პოლიტიკური ვაჭრობა და არ ვაპირებ ამის განხილვას.