"ყიზილაჯლოს ინციდენტი გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა გახდეს"
23-10-2017
"ყიზილაჯლოს ინციდენტი გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა გახდეს"
"ყიზილაჯლო არის მოდელი, როგორ განვითარდება მოვლენები სხვა დიდ აზერბაიჯანულ სოფლებშიც"

სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯეიჰუნ ჩობდაროვმა არჩევნებში გამარჯვება შეძლო, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც ჩავიდა, ვინ და რატომ ესროლა "ქართული ოცნების" შტაბს და დაჭრა ოთხი ადამიანი, მეოთხე დღეა, გაურკვეველია. კითხვებზე პასუხის ნაცვლად, შს სამინისტროში მცირე კომენტარს სჯერდებიან:""გამოძიება გრძელდება". მოსახლეობა ორ ვერსიას ვარაუდობს­ - შიდა დაპირისპირებას ან ბიზნესინტერესების თანხვედ
რას. რა მოხდა ყიზილაჯლოში არჩევნების წინაღამეს? "კვირის პალიტრა" ექსპერტ მამუკა არეშიძეს დაუკავშირდა:

- მარნეული და კონკრეტულად, ყიზილაჯლო არჩევნების პერიოდში განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩევა და ამ ვითარებას მიზეზიც აქვს - მოსახლეობის ერთი ნაწილი, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდები, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ან ისეთ ადამიანებს მიანიჭონ ძალაუფლება, რომლებზეც
გავლენას იოლად მოახდენენ.
ერთ-ერთი ასეთი გამოკვეთილი ლიდერი ამჯერად პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი აკმამედ იმამკულიევია, რომელიც საკუთარი გავლენითა და ინტელექტუალური თუ ფინანსური შესაძლებლობებით რეგიონში ანგარიშგასაწევ ფიგურად იქცა.
რაც შეეხება კონკრეტულად ჯეიჰუნ ჩობდაროვისა და მისი თანამებრძოლების დაჭრის ფაქტს, ამბობენ, რომ ეს შიდა პარტიული დაპირისპირების შედეგია, რაც არასერიოზულ ვერსიად მიმაჩნია, რადგან ყიზილაჯლოში, დიდი ხანია, ერთმანეთს უპირისპირდებიან ჯგუფები, რომლებიც იდენტურ ამოცანაზე არიან ორიენტირებული და მათთვის პარტიული კუთვნილება მნიშვნელოვანი არ არის.

ჯერჯერობით გამოძიება დუმს, თუმცა­ ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა, ბევრ რამეს მიანიშნებს. თანაც, მინისტრმა თავიდანვე ყველას მოუწოდა, თავდასხმის ფაქტს სპეკულაციის მიზეზად ნუ აქცევთო. თუ ხელისუფლებას ჰყოფნის გონიერება, ყიზილაჯლოს ინციდენტი გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა გახდეს, რადგან თითქმის ყველა დიდ აზერბაიჯანულ სოფელში მალე ასეთივე ვითარება მომწიფდება.

- რატომ გამორიცხავთ შიდა დაპირისპირებას და რას გულისხმობთ, როდესაც სხვადასხვა ჯგუფის იდენტურ ამოცანებზე ლაპარაკობთ?

- ყიზილაჯლო არის მოდელი, როგორ განვითარდება მოვლენები სხვა დიდ აზერბაიჯანულ სოფლებშიც, სადაც ლიდერები უკვე სასტარტო მდგომარეობაში არიან და ახლა რესურსებს მაქსიმალურად იძლიერებენ. ყიზილაჯლოში ეს პროცესი შედარებით ადრე დაიწყო და გამოიკვეთა ინტერესთა ჯგუფები, რომლებსაც, როგორც გითხარით, ხელისუფლებაში გავლენის მოპოვება სურთ. ჯეიჰუნ ჩობდაროვის დაჭრის ფაქტიც ამის გამოძახილი იყო - ერთმანეთს ადგილობრივი პოლიტელიტა დაუპირისპირდა, თუმცა
არავინ იფიქროს, რომ რომელიმე მათგანი კონკრეტული პარტიის ერთგულია და ამიტომ ებრძვის ერთმანეთს. ისინი მხოლოდ საკუთარ იდეოლოგიას ემსახურებიან და პარტიას იმის მიხედვით შეიცვლიან, რომელი პოლიტიკური ძალა მოვა ხელისუფლებაში.
თუ კონკრეტული ჯგუფიდან რომელიმე მათგანი სახელისუფლებო სიაში არ აღმოჩნდა, იწყება ფიზიკური დაპირისპირება იმის გასარკვევად, თუ რატომ ამჯობინა ესა თუ ის პირი მმართველმა გუნდმა მას ან მისი ჯგუფის წევრს. ანალოგიური ვითარებაა სხვა რეგიონებშიც, უბრალოდ, ქვემო ქართლში პროცესები უფრო ხისტია, რადგან იქაურები ერთმანეთთან ფიზიკურ დაპირისპირებასაც არ ერიდებიან.

- შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის ჩასვლა რატომ ვერ გახდა საფუძველი, რომ გამოძიება მალე დასრულებულიყო ან აქამდე ეჭვმიტანილი მაინც გამოევლინათ?

- მინისტრისა და მოგვიანებით, არჩევნების დღეს, მარნეულში სპეცრაზმის გამოჩენა ბუნებრივი რეაქცია იყო. ვნახეთ, რომ იქ იყვნენ ორი პარტიის მძიმეწონიანი ფიგურები: ერთი მხრივ - ბესელია, მეორე მხრივ - ბოკერია. მათ აბსოლუტურად სწორად გათვალეს საკუთარი ჩართვა პროცესებში, რათა მოსალოდნელი გართულება რომელიმე პარტიას არ დაჰბრალებოდა, თუმცა მმართველი ძალა რატომღაც ყოველთვის არჩევნების დღეზეა კონცენტრირებული და მაინცდამაინც არ აქცევს ყურადღებას, რა პროცესები მიმდინარეობს რეგიონში არჩევნების შემდეგ.

ქვემო ქართლს მეტი ყურადღება სჭირდება. იქაური გამოწვევების სისწრაფე სჭარბობს ხელისუფლების რეაგირებას, ამიტომ იმისთვის, რომ უფრო დიდი საფრთხე ავიცილოთ თავიდან, რეგიონის ხელმძღვანელ თანამდებობებზე აუცილებელია ისეთი პირების დანიშვნა, რომლებიც კარგად იცნობენ აზერბაიჯანულ მენტალიტეტს და ისლამს.
მეზობელი სახელმწიფოები აქტიურად მუშაობენ მოსახლეობასთან და მას საკუთარი ინტერესების გასატარებლად საყრდენ ძალადაც მიიჩნევენ. ამ მხრივ განსაკუთრებით ირანი და თურქეთი აქტიურობენ, თუმცა არსებობს სხვა ქვეყნის ინტერესებიც, ამიტომ საქართველოს ხელისუფლების პასიურობა და დამკვირვებლის ფუნქცია დიდხანს ვეღარ გაგრძელდება.

ვითარება სხვა აზერბაიჯანულ სოფლებშიც იფეთქებს, გამოჩნდებიან ლიდერები, რომლებსაც ქართული სპეცსამსახურები ასე იოლად ვეღარ გააკონტროლებენ. აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრაცია სხვა რეგიონებთან. ქვემო ქართლიდან განათლებული ახალგაზრდები მოდიან, რომლებიც უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ უმუშევრად რჩებიან და სარისკო ორგანიზაციებში დასაქმებაზეც აღარ ამბობენ უარს. თუ ამ ვითარებას სათანადოდ არ გავაანალიზებთ, მომავალ არჩევნებზე რეგიონში მეტი აგრესია და უკონტროლობა იჩენს თავს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები