"ივანიშვილი დაიღალა საკუთარი გუნდის შეცდომებითა და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებით" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი დაიღალა საკუთარი გუნდის შეცდომებითა და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებით"

შედეგად თვითმმართველობაში მივიღეთ "ქართული ოცნება" "ნაციონალური ფრთებით"...

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსაკუთრებული ექსცესების გარეშე ჩატარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, "ქართულმა ოცნებამ" მთელი ქვეყნის მასშტაბით შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პროპორციული წესით არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველთა ხმების 55,66% მიიღო, მეორე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 17, 05%-ით, მესამე ადგილი და ამომრჩეველთა ხმების 10, 51% "ევროპულმა საქართველომ" დაიმსახურა.

როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე ხმის მიცემის პროცესს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ შეაფასა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- მიმაჩნია, რომ "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა ფრთებმა" (მე ასე მოვიხსენიებ "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის განაყოფ "ევროპულ საქართველოს") არჩევნებზე მიიყვანეს საკუთარი მხარდამჭერების მაქსიმალური რაოდენობა. ეს, ჩემი აზრით, მათთვის არის ოპტიმალური შედეგი... რატომ ვერ მიიყვანეს დანარჩენმა ძალებმა უბნებში უფრო მეტი ამომრჩეველი? პასუხი მარტივია: მათ ეს ამომრჩეველი არ ჰყავთ... შესაბამისად, უკვე მერამდენედ, ქართველი ამომრჩეველი ადასტურებს, რომ ამ ერთკაციან პოლიტიკურ პარტიებს პერსპექტივა არა აქვთ.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მან მოახერხა გარღვევა, როცა მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის დაპირისპირების პირობებში - ვგულისხმობ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ ფრთებს", რომელთაც კატეგორიულად არ აძლევდა ხელს ელისაშვილის მეორე ადგილი - შეძლო დიდი მხარდაჭერის მოპოვება. დღევანდელი მდგომარეობით ის მეორე ადგილზეა. რომც შეიცვალოს ეს მონაცემები და უდუმაშვილმა რაღაც მეათედებით აჯობოს, ეს ვერაფერს დააკლებს ელისაშვილის წარმატებას...

თუმცა, დარწმუნებული ვარ, მისი პოტენციური ამომრჩევლის ბაზა უფრო დიდი იყო. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო, ეს მხარდაჭერა საარჩევნო ხმებად ექცია. მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში ვამბობდი, რომ ეს იყო ელისაშვილის მთავარი გამოწვევა... ვერ მოახერხა იმიტომ, რომ მას არ ჰყავდა პარტია და არ ჰქონდა არჩევნებისთვის საჭირო საორგანიზაციო რესურსი, საარჩევნო გამოცდილება და ფინანსები.

არადა, არჩევნებისას ორგანიზაციული რესურსი უმნიშვნელოვანესია, რაც აქვს "ქართულ ოცნებას" და გადაჭარბებულად - "ნაციონალურ მოძრაობას".

მიუხედავად ამ შედეგისა, ალეკო ელისაშვილს აქვს პერსპექტივა. მან თბილისში შეძლო უდიდეს ისტებლიშმენტურ, პარტიულ ინტერესებთან გამკლავება, მეტწილად - შიშველი ხელებით და ძალიან საინტერესო, პროფესიონალი ადამიანები ამოიყენა გვერდში. დიახ, კალაძემ გაიმარჯვა და გახდა მერი, მაგრამ ალეკო ელისაშვილი დამარცხებული ნამდვილად არ არის.

...

შედეგად თვითმმართველობაში მივიღეთ "ქართული ოცნება" "ნაციონალური ფრთებით"...

ისინი ეცდებიან, უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში შეინარჩუნონ ეს სტატუს-კვო და მხოლოდ თვითონ დარჩნენ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე წონიან მოთამაშეებად. ეს არის მათი სასიცოცხლო ინტერესი. ამიტომაც იყო, რომ ასეთი მშვიდი და გაღიმებული სახით შეხვდა ოპოზიცია არჩევნების შედეგებს, თუ არ ჩავთვლით "ნაციონალური მოძრაობის" ცოტა გაბრაზებულ რამდენიმე განცხადებას, რადგან მთლად უამისობაც არ იქნებოდა.

დანარჩენ პარტიებს რა პერსპექტივა აქვთ? მათ უმეტესობას პულსი არც კი ესინჯება. ერთადერთი გამოსავალია ანტიისტებლიშმენტური მოძრაობა, რომელიც ძალიან მოდური გახდა მთელ მსოფლოში და რომლის ტალღაზეც მოვიდა აშშ-ში ტრამპი, საფრანგეთში კი - მაკრონი.

...

- ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ საარჩევნო უბანზეც კი არ გააკეთა განცხადება. რატომ დადგა ის ამ არჩევნებისგან ასე შორს?

- ივანიშვილი დაიღალა საკუთარი პოლიტიკური გუნდის შეცდომებითა და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებით. ამიტომაც გუნდი თავისუფალი ცურვისთვის მიუშვა. თან იცოდა ძალიან კარგად, რომ ამ არჩევნებზე მისი გუნდის წარმატებას საფრთხე არ ემუქრებოდა და არც აუტკივარი თავის ატკივება სჭირდებოდა. ამასთან, პასუხისმგებლობა მთლიანად გადააბარა "ქართული ოცნების" კანდიდატებს, განსაკუთრებულად - კალაძეს. ამიერიდან თბილისში ძალიან რთული იქნება ხელისუფლებისკენ მიმართული ისრების ივანიშვილისკენ გადამისამართება. წარმატების თუ წარუმატებლობის შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა კალაძეს დაეკისრება.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად