"ზეწოლები და ქვეწოლები", "დედააფეთქებული უბანი", "ქეიფი კაპოტზე", "წარაკუა" და ა.შ. - ფრაზები, რომელიც 2017 წლის არჩევნებმა "გვაჩუქა" - კვირის პალიტრა

"ზეწოლები და ქვეწოლები", "დედააფეთქებული უბანი", "ქეიფი კაპოტზე", "წარაკუა" და ა.შ. - ფრაზები, რომელიც 2017 წლის არჩევნებმა "გვაჩუქა"

გარდა იმისა, რომ ლამის ქართული დემოკრატიის გამოცდად იქცა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნები და თამაზ მეჭიაური, უნდა ითქვას, რომ მისი და ზაქარია ქუცნაშვილის დაპირისპირებამ, ქართულ პოლიტიკას არაერთი მარგალიტი აჩუქა... "ქეიფი კაპოტზე", "წარაკუა", "ცუანა" "ლოთი" და სხვა არაერთი ფრაზა ამ პოლიტიკოსების პოლიტიკური მოღვაწეობის ლამის გვირგვინად იქცა..

"ქუცნაშვილი დადიოდა და საარჩევნო კამპანიას ატარებდა, ამბობდა, "კაპოტზე" მოქეიფეების დრო წავიდაო, მე ლაუნჯი მაქვს და ლაუნჯების დროა ახლაო. მე ვუთხარი "კაპოტზე" ვიქეიფებ არჩევნების შემდგომ, შენ კიდევ მიხედე ლაუნჯს, მაინც კინტოს გეძახიან-თქო. ახლა მივდივარ თიანეთში "კაპოტზე" მოქეიფეების დროა და არა კინტოების", - განაცხადა მან სასამართლოს პირველ ინსტანციაში გამარჯვების შემდეგ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არანაკლებ ყურმომჭრელი ფრაზებით გამოირჩეოდნენ არჩევნების შეფასებისას სხვა პოლიტიკური კანდიდატებიც. მაგალითად, უკვე თბილისის მერმა კახი კალაძემ ოპოზიციის ბრალდებებს ამომრჩევლების ზეწოლასთან დაკავშირებით, ერთი ამოსუნთქვით უპასუხა და განაცხადა: "ზეწოლები და ქვეწოლები ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ".

რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატს კახა კუკავას, აშკარაა, რომ გაურკვევლობიდან სურს თავის დახსნა, რადგან როგორც თვითონ ამბობს, 24 უბანზე მის კანდიდატურას მისცეს ხმა თვითონ მან, დედამ, მამამ და დამ, ანუ ოთხმა ადამიანმა ოჯახიდან, არადა, ხმის დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სამი ხმა აქვს. "ეგება და დედაჩემმა არ მომცა ხმა და კალაძეს მისცა ხმა, ან იქნებ მე არ მახსოვს და მე მივეცი ხოშტარიას ხმა. გაიხსნას ეს დედააფეთქებული უბანი და ვნახოთ რა დევს შიგნით !"

არჩევნები მტკივნეული აღმოჩნდა ქუთაისის მერობის კანდიდატისთვის, იმდენად, რომ გოგი წულაიამ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებაც კი მიიღო: "მე ვარ პერსონა ნონ-გრატი ამ ქალაქში პოლიტიკურ ასპარეზზე ხელისუფლებისათვისო", თუმცა "სტრესი და გულგატეხილობა მალევე დაძლია" და პოლიტიკიდან წასვლა გადაიფიქრა: "გუშინ ცოტა მეწყინა, ავჩქარდი და განვაცხადე, რომ "ტაიმ აუტს" ვიღებ, რაც დღეს გამოძინებულზე გავაანალიზე და მივხვდი, რომ ეს არაკაცული საქციელი იქნება. ეგენი ქალაქს დედას უტირებენ და მე უნდა ვიბრძოლო ამ ბრძოლაში. ვალდებული ვარ, დავიცვა ამომრჩევლის ხმა, რომელმაც მხარი დამიჭირა".