"ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ არ ვტოვებთ ევროპას!"
30-10-2017
"ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ არ ვტოვებთ ევროპას!"
ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და საქართველო წელს დიპლომატიური­ ურთიერთობის აღდგენის 25-ე წლისთავს­ აღნიშნავენ. "კვირის პალიტრა" ბრიტანეთის ელჩ­ ჯასტინ­ მაკენზი სმითთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ:

- წელს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 25-ე წლისთავს ვზეიმობთ, თუმცა, ჩვენი ურთიერთობა ბევრად დიდი ხნისაა. მინდა, სიამოვნებით გავიხსენო, რომ ბრიტანეთი შედიოდა იმ ქვეყნების რიცხვში, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარეს ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობისას. თუმცა, ურთიერთობა მე-19 საუკუნეზე ადრეც დავიწყეთ. დღეს ჩვენი
ქვეყნების ურთიერთობა სამ ქვაკუთხედზე დგას: პირველი - სტაბი­ლურობაა. ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვეხმარებით მის აღდგენაში; მეორე­ - მდგრადი დემოკრატია. ვცდილობთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას საქართველოში; და მესამე - ბრიტანელ და ქართველ ხალხთა ურთიერთობა. ამის ნათელი მაგალითები გვაქვს განათლების, კულტურისა და
სპორტის სფეროში.

- რადგან ისტორიის განხილვით დავიწყეთ,­ გამოვიყენებ შანსს და გკითხავთ ერთი უხერხული ეპიზოდის შესახებ ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობაში. ვგულისხმობ სწორედ პირველი­ რესპუბლიკის პერიოდს, როდესაც ბრიტანეთის უშუალო ჩარევით საქართველოს, ფაქტობრივად, მოუწია ლორე-ტაშირის რეგიონის სომხეთისთვის დათმობამ. თითქმის­ ერთი საუკუნის მერე, როგორ შეაფასებთ ამ ინციდენტს?

- ეს შეკითხვა უფრო პრაქტიკოს ისტორიკოსებს უნდა დაუსვათ. სამაგიეროდ, სიამოვნებით გავიხსენებ იმ წლებში ტრანსკავკასიაში ბრიტანეთის კომისარ სერ ოლივერ უორდროპის მოღვაწეობას. ის ძალისხმევას არ იშურებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მსოფლიოს ეღიარებინა.

- კიდევ ერთი უხერხული შეკითხვა - კაიმანის კუნძულები, როგორც ვიცი, ბრიტანული ავტონომიაა? ახლახან საქართველოში ბევრი დააფიქრა იმ ფაქტმა, რომ კაიმანის კუნძულების სახელმწიფო ვებგვერდებზე აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწი­ფო­ებადაა მოხსენიებული. რატომ?

- ბრიტანეთის მთავრობა, და ეს შემიძლია ასპროცენტიანი გარანტიით გითხ­რათ, არ ცნობს ამ რეგიონებს როგორც ქვეყნებს.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხა­რს საქართველოს ტერი­ტ­ორიულ მთლიანობას და ეს არაერთხელ განვაცხად­ეთ ამ 25 წლის განმავლობაში.

- ბრიტანული პოლიტიკაც განვიხილოთ. ბრე­ქსიტმა საქართველოშიც ყველა გააოცა - ბევრს ვერ წარმოედგინა, რომ ვინმეს შეიძლებოდა არ ნდომოდა ევროკავშირში ყოფნა. ეს ჩვენთვის, ფაქტობრივად, აუხდენელ ოცნებად­ იქცა... რა გაკვეთილის მიღება შეუძლია ქართველ საზოგადოებას ამ ყველაფრისგან?

- ბრექსიტი ნიშნავს, რომ ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვტოვებთ ევროპას. ეს შეუძლებელია - ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ, გეოგრაფიით, ისტორიულ­ად, ფსიქოლოგიურად. ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ არ ვტოვებთ ნატოს. ვრჩებით ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად ალიანსში, რომელიც დღეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარი გარანტორია. ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს მაგრამ არ ვტოვებთ გაეროს, რაღა თქმა უნდა, ვრჩებით გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრადაც.

ასე რომ, ბრექსიტი არის გადაწყვეტ­ილება, რომელიც მხოლოდ ბრიტანეთსა­ და ევროკავშირს შორის ურთიერთობას ეხება. რაღა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს­ რომ ბრიტანეთი მხარს აღარ დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ეს არის საქართველოს ამბიცია, მისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი. ეს ღირებულებები ბრიტანული ღირებულებებიცაა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრ­იტანელებმა გადავწყვიტ­ეთ­ ევროკავშირის დატოვება, ეს არ ნიშნავს, რომ მხარს არ დავუჭერთ საქარ­თველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს ან ევროკავშირ­ის­ წევრი.

- და, ალბათ, უნდა განვიხილოთ დამოუკიდებლობის რეფერენდუმების ახალი ტალღაც ევროპაში. კატალონიამ შეძლო ის, რაც ვერ მოახერხა შოტლანდიამ. ხომ არ ფიქრობთ, რომ­ კატალონიის მაგალითი შოტლანდიელებს კიდევ ერთი ცდისკენ უბიძგებს?

- მე შოტლანდიელი ვარ და შოტლანდიელებზე ერთს ვიტყოდი - არ გვიყვარს, როდესაც ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებებს­ სხვა იღებს. კარგია თუ ცუდი, ჩვენვე გვირჩევნია, მივიღოთ გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაც ვიტვირთოთ. მოახდენს თუ არა კატალონიის ამბები გავლენას შოტლანდიაზე? ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ ბრიტანეთი მყარად უჭერს მხარს ესპანეთის კონსტიტუციის ხელშეუხებლობას. რაც შეეხება შოტლანდ­იას, 2015 წელს ჩატარებულ რეფერენ­დუმში უმრავლესობამ გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენა ამჯობინა. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და პატივს ვცემთ უმრავლესობის გადაწყვეტილებას.

- როგორ ფიქრობთ, სად გადის ბალანსი ტერიტორიულ მთლიანობასა და თვითგამორკვევის უფლებას შორის?

- ჩვენი აზრით, არსებული სტატუს-კვო საქართველოს ინტერესებში არ შედის. ეს სტატუს-კვოც არ არის - ეს უკუსვლაა. ეს ყველაფერი თავისით არ მოგვარდება - აი, ასეთია ჩვენი შეფასება. ჩვენი ჩართულობა ორმხრივია - ერთი მხრივ, ვცდილობთ საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღების მიპყრობას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა დაუშვებელია. ამას ვაკეთებთ გაეროში, ეუთოში და სხვა საერთაშორისო ფორუმებზე. ასევე ვმონაწილეობთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი გზა გრძელვადიანი გამოსავლისკენ მხოლოდ დიალოგია.

- თქვენს ერთ-ერთ წინა პოსტზე ბრიტ­ანეთ-რუსეთის ურთიერთობას კურირებდით. რას ურჩევდით საქართველოს მთავრობას, რომელიც ცდილობს რუსეთთან დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას?

- არა მგონია, საქართველოს ხელისუფლებას ჩემი რჩევა სჭირდებოდეს რუსეთთან ურთიერთობაში...

- რატომ, ხომ თქვით, რომ დიალოგი აუცილებელია, სოხუმსა და ცხინვალთან დიალოგი კი ავტომატურად მოსკოვთან დიალოგსაც ნიშნავს...

- ჩვენ ვემხრობით აბაშიძე-კარასინის ფორმატს, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რამდენად ძნელია თქვენთვის რუსეთთან დიალოგი, მაშინ როცა თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა სწორედ რუსეთის ქმედებების გამოა უგულებელყოფილი.

- საქართველოში ელჩობამდეც რამდენჯ­ერმე იყავით, მეტიც, ლაპარაკობთ ქართულად...­ თქვენი შთაბეჭდილებები საქართველოზე?

- გულწრფელად მიყვარს თქვენი ქვეყანა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მის უდიდებულესობას საქართველოში ელჩის რანგში ვემსახურები. მე ყოველდღე ვხედავ, რამხელა პოტენციალია აქ. რამხელა პოტენციალი აქვთ ქართველ ახალგაზრდებს. თუ ჩვენ, ბრიტანეთის საელჩო და პირადად მე, როგორც ელჩი, ამ ახალგაზრდებს პოტენციალის გამოვლენაში დავეხმარებით, ძალიან ბედნიერი ვიქნები.

ვაჟა თავბერიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით