"ჩემთვის ეს მტკივნეული და დამთრგუნველი იყო, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ეს მტკივნეული და დამთრგუნველი იყო, მაგრამ..."

"გარემოვაჭრეები არიან ის მოქალაქეები, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი დახმარება"

"მითქმა-მოთქმას, რომ იქ ვიღაც რაღაცას მაიმუნობს, წერტილს დავუსვამთ. მერიის ბიუროკრატიული მანქანა უნდა დავანგრიოთ"

ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვადა 1-ლ ნოემბრამდე აქვს, თუმცა, ყველა წინასწარი მონაცემით და 51,09%-ით კახა კალაძე უკვე თბილისის ახალარჩეული მერია. ვისთან ერთად მოდის ქალაქის მთავრობაში და რის შეცვლას გეგმავს თბილისისა და თბილისელებისთვის - ამ და სხვა თემებზე კახა კალაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას ისაუბრა.

- რამდენად განახლებული გუნდით მოდის კახა კალაძე თბილისის მთავრობაში? ინფორმაცია თქვენი გუნდის წევრების შესახებ უკვე ვრცელდება. მათ შორის სახელდებიან მაია ბითაძე და ირაკლი ხმალაძე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მინისტრის მოადგილეების თანამდებობა დატოვეს და თქვენს გუნდს წარმოადგენდნენ საარჩევნო პერიოდში...

- ეს ადამიანები იქნებიან ჩემს გუნდში, ხოლო რა მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას, ამას უახლოეს მომავალში ვეტყვით მოსახლეობას. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მთავარი არის პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და პატიოსნება. შესაბამისად, ჩვენ ვართ დიდი გამოწვევების წინაშე, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მოგვიწევს და ამისთვის საჭიროა ძლიერი გუნდი. აუცილებელია ცენტრალურ ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება. ეს ყველაფერი ჩვენს გუნდს აქვს.

ჩემს თანაგუნდელებთან ერთად შევქმენით აპლიკაცია, რომელიც შეიძლება გადმოიწეროს ნებისმიერმა მოქალაქემ თავის ტელეფონში. აპლიკაციაში მოცემულია ყველა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაგვაკონტროლოს, თუ როგორ შესრულდება ის პროექტები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში დავაანონსეთ.

- ერთ-ერთი მწვავე პრობლემა თბილისში ძველი უბნები და ავარიული სახლებია. მინდა, შეგახსენოთ შვეიცარიელი ჟურნალისტის, ბერნარ ოდენალის ბლოგი თბილისის შესახებ, სადაც ამბობს, რომ ძველი თბილისის დიდი ნაწილი საომარ ზონას ჰგავს და დარჩა შთაბეჭდილება, რომ იქ მცხოვრებთა ბედი არავის აწუხებს. როგორ აპირებთ ასეთ ავარიულ სახლებში მობინადრეთა პრობლემების მოგვარებას?

- ძველი თბილისი მართლაც საჭიროებს რეაბილიტაციას. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ძველი თბილისის რეაბილიტაციისთვის 500 მილიონი ლარი დაიხარჯება. რა თქმა უნდა, ამ თანხით ვერ ამოიწურება ძველი თბილისის რეაბილიტაციის პრობლემა, მაგრამ ოთხი წლის განმავლობაში შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ. ძველი თბილისის გარდა, ქალაქის ყველა რაიონში არის ავარიული სახლები, ეს შეიძლება იყოს "ხრუშჩოვკები", ისტორიული შენობა-ნაგებობები ან ჩვეულებრივი საცხოვრებელი ფართობები. რა თქმა უნდა, არც 500 მილიონი და არც 4 წელი არ ეყოფა მთლიანად ამ პრობლემის მოგვარებას და ეს პროცესი შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.

წელსვე ვიწყებთ ორბელიანის ქუჩის, მშრალი ხიდის, "დედაენის" ბაღისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას. მომავალ წელს ვიწყებთ გუდიაშვილის მოედნის პროექტის განხორციელებას, ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციას, განხორციელდება ზემო და ქვემო კალას სარეაბილიტაციო მასშტაბური პროექტები, ასევე იგეგმება ყოფილი ლესელიძისა და ამჟამად კოტე აფხაზის ქუჩის რეაბილიტაცია.

- ფოტოგრაფი ილია ვარლამოვის ბლოგიც მინდა შეგახსენოთ, რომელმაც ფოტორეპორტაჟი გამოაქვეყნა ვაგზლის მოედნიდან და ამბობს, რომ ეს ყველაზე შემზარავი ადგილია თბილისში და ქალაქის სირცხვილია. როგორია თქვენი ხედვა გარე ვაჭრობაზე?

- გარე ვაჭრობის პრობლემა ნაწილობრივ დარეგულირებულია და ამ მიდგომას მეც ვემხრობი, თუმცა, აქვე ვამბობ, რომ გარემოვაჭრეები არიან ის მოქალაქეები, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი დახმარება. ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები და გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება, ერთი მხრივ, მათი პროდუქციის რეალიზება, ხოლო, მეორე მხრივ, მოწესრიგდეს ამ საქმიანობის ვიზუალური მხარე. სხვათა შორის,

რუსი ჟურნალისტის კრიტიკა ჩემთვის ცოტა მიუღებელია. რაც რუსეთში და რუსეთის ქალაქებში ხდება, სრული კატასტროფაა.

ჩემი თბილისი გაცილებით ლამაზი და გამორჩეულია ისტორიით, კულტურითა და ტოლერანტობით.

- იყო შემთხვევები, როცა მერიის თანამშრომლებს კორუფციის ბრალდებით აკავებდნენ. როგორ აპირებთ ამ პრობლემასთან გამკლავებას?

- ის, ვინც ჩემთან იმუშავებს და ამას გააკეთებს, ჩემი მტერი იქნება. პირდაპირ შემიძლია ვუთხრა ასეთებს, რომ შეუძლიათ თავისი ფეხით ეძებონ ციხის კარი. ის, ვინც კორუფციაში იქნება შემჩნეული, მის მიმართ ძალიან მკაცრი დამოკიდებულება გვექნება.

- ერთი მხრივ, თქვენი გუნდი ამბობს, რომ აუცილებელია ქალაქის განვითარება, ხოლო, მეორე მხრივ, ამბობთ, რომ უნდა შენარჩუნდეს მწვანე საფარი. იმ შემთხვევაში, თუ მწვანე საფარი შენარჩუნდება, ქალაქი როგორ უნდა განვითარდეს?

- მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ ამბობს იმას, რომ ქალაქი არ უნდა განვითარდეს და თუ განვითარდება, ეს უნდა მოხდეს ეკოლოგიის ხარჯზე. ქალაქი უნდა განვითარდეს სწორად, თანამიმდევრულად და ხარისხიანად. მე საარჩევნო კამპანიის დროს ბევრჯერ ვთქვი, რომ არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა ჩემი მერობისას სპორტული მოედნების, პარკების, სკვერებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე.

იმ ქაოსური განაშენიანების შედეგი, რაც 20-25 წლის განმავლობაში გვქონდა, სახეზეა. ასე გაგრძელება შეუძლებელია.

ჩვენს შვილებს ეს ქალაქი არ უნდა დაუმახინჯონ. მე მშენებლობის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ სწორად, თანამიმდევრულად და არა ეკოლოგიის, ხეების, პარკებისა და სკვერების გაჩეხის ხარჯზე. ქალაქი განვითარდება, დაიწყება აღმშენებლობა, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება და პარალელურად დაიწყება პარკების, სკვერების რეაბილიტაცია და მშენებლობა.

- გექნებათ თუ არა მოქალაქეების მიღების დღე?

- რა თქმა უნდა. გარდა ამისა, როცა მე მქონდა მართვის პოლიტიკის პრეზენტაცია, ვთქვი, რომ ვაპირებთ მერიაში შევქმნათ ვებპლატფორმა, სადაც მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად ისარგებლებენ მუნიციპალური სერვისებით. რა თქმა უნდა, არსებული სისტემაც - მოქალაქეები მოდიან მერიაში, განცხადებას წერენ და აბარებენ - დარჩება და კიდევ უფრო გამარტივდება. ვეცდებით, ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდეს ეს ყველაფერი. ასევე,

ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც აქვს კონკრეტული ხედვა, პროექტი, იდეა ქალაქის განვითარების შესახებ, აპლიკაციის "შენი იდეა ქალაქის მერს" მეშვეობით შეუძლია წარმოადგინოს და დაინტერესების შემთხვევაში დავეხმარებით განხორციელებაში.

მინდა ყველა მოქალაქე ჩართული იყოს ქალაქის განვითარებაში. მაგალითად, თქვენ სადაც ცხოვრობთ, კონკრეტულ უბანში, მოგეცემათ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტოთ, თქვენი უბნისთვის რომელი პროექტია პრიორიტეტული. ეს შეიძლება იყოს სკვერის გაკეთება, გზის მოასფალტება, სადარბაზოს მოპირკეთება და ა.შ.

- მე თუ მეკითხებით, რა არის ჩემთვის პრიორიტეტული ჩემი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ასეთი შეკითხვა მექნება: მე პუშკინის ქუჩაზე ვცხოვრობ. ცოტა ხნის წინ 1 ლარად, თუმცა, მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულებით, მიწის ნაკვეთი გასხვისდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაზე. ნუთუ არ იყო შესაძლებელი, რომ ეს საპარკინგე ადგილი საბაზრო ფასად გასხვისებულიყო, ასე ხომ ნაკლები შეკითხვა გაგვიჩნდებოდა, მათ შორის ოპოზიციასაც?

- ეს მიღებული პრაქტიკაა და სიახლეს არ წარმოადგენს, რომ კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად ხდება კონკრეტული ადგილის გადაცემა ინვესტორისთვის, სადაც გაწერილია საინვესტიციო ვალდებულება, რომ, მაგალითად, უნდა გაკეთდეს კონკრეტული პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. გარდა ამ ერთი პროექტისა, ანალოგიური ცხრა პროექტი აქვს თბილისის მერიას. ჩატარებულია კვლევები საპარკინგე ადგილის მოწყობაზე. მოგეხსენებათ, პარკირების სისტემა მწვავე პრობლემაა ქალაქისთვის, ამიტომ არსებობს ცხრა კონკრეტული ლოკაცია, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა. ამას, რა თქმა უნდა, მერია თავისი ბიუჯეტით არ და ვერ გააკეთებს. შესაბამისად, ეს პროექტები უნდა შევთავაზოთ ინვესტორებს კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებით.

რაც შეეხება ოპოზიციას, ის ბიძინა ივანიშვილის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა. ბატონი ბიძინა ძალიან დიდ პროექტებს ახორციელებს თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით. დაახლოებით 800 მილიონი ღირებულების ინვესტიციები ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით. თბილისში, ამ კონკრეტულ პროექტებზე, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება, დაახლოებით 460 მილიონი იხარჯება, შეიქმნება მუდმივი, დაახლოებით 2 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი. აი, ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, თან ეს ყველაფერი გააკეთეს საარჩევნოდ, რომ წინ წამოეწიათ გარკვეული თემები, რომ ბიძინა ივანიშვილი თბილისის, ქვეყნის მტრად გამოეყვანათ, მაგრამ მოსახლეობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენთვის ახლა ყველაზე მთYავარი - მეტი ადამიანის დასაქმებაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთი პროექტებისთვის ხელშეწყობა. პირადად მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად შევუწყო ხელი ბიზნესს, რათა მათ მეტი ადამიანი დაასაქმონ.

- კიდევ ერთი პრობლემა მერიაში სამშენებლო ნებართვების მოპოვების გაჭიანურებული პროცესი იყო. სხვადასხვა მიზეზით არქიტექტურის სამსახური განმცხადებელს უკან უბრუნებდა დოკუმენტაციას და ყოველ ჯერზე მასში მცირე დეტალის შესწორებას სთხოვდა. ბოლოს საქმე იქამდე მიდიოდა, რომ კომპანია იძულებული იყო, მერიის მიერ შეთავაზებული არქიტექტორი დაექირავებინა, ორ-სამჯერ მეტი გადაეხადა მისი მომსახურებისთვის, რათა არქიტექტურის სამსახურს დოკუმენტაცია წარმოებაში მიეღო და გადაწყვეტილებაც გამოეტანა...

- დაგეგმილი გვაქვს არქიტექტურის სამსახურის მთლიანი რეფორმირება. თავად საბჭოებზეც გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა - იმ პრობლემებს, მითქმა-მოთქმას, რომ იქ ვიღაც რაღაცას მაიმუნობს, წერტილს დავუსვამთ. მერიის ბიუროკრატიული მანქანა უნდა დავანგრიოთ. ჩვენ გვჭირდება ინოვაციური, თანამედროვე და მოქნილი მერია, რომელიც იქნება ადამიანებზე ორიენტირებული.

- დაბოლოს მინდა გკითხოთ, მე, როგორც ჟურნალისტი, დიდი ხანია ვადევნებ თვალს თქვენს გზას ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავიდან ანგარიშგასაწევ პოლიტიკოსამდე. რამდენად რთული იყო ამ გზის გავლა?

- რთული იყო და საინტერესოც. სამტრედიის რაიონში დავიბადე, ერთ-ერთ სოფელში. როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე, მითხრეს, შენგან ფეხბურთელი არ გამოვა და აჯობებს, რამე სხვა აირჩიოო. ეს ძალიან მტკივნეული და დამთრგუნველი იყო, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მე გავაგრძელე მუშაობა და ბევრ წარმატებასაც მივაღწიე. ერთი შეხედვით თითქოს წარმატების მიღწევა იოლი ჩანს, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რა ბარიერების გადალახვა გიწევს ამის მისაღწევად. ჯერ არა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მინდა წიგნი გამოვცე ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს კარიერაზე, რა და როგორ გამოვიარე, რა სირთულეები და წარმატებები.

ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიყურებს და მინდა, მათ ვუთხრა - ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია შრომა. არის მომენტები, როცა გიჭირს რაღაცების გადალახვა და ხშირია შემთხვევა, როცა ნებდებიან. არ უნდა დანებდე, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ეს სირთულეები გადალახო. როცა ერთს გადალახავ, უფრო ძლიერი ხდები და შემდეგ სხვა სირთულეების გადალახვა უფრო გიადვილდება. მიზანდასახულობა და სწავლა, ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი შესაბამისობაში უნდა იყოს.

ემა ტუხიაშვილი