კარასინი: "საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას არ გამოვრიცხავთ, თუმცა..." - კვირის პალიტრა

კარასინი: "საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას არ გამოვრიცხავთ, თუმცა..."

რუსეთი არ გამორიცხავს მომავალში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ამის შესახებ გაზეთ "იზვესტიასთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

"არ გამოვრიცხავთ პერსპექტივაში ორმხრივ საფუძველზე უვიზო რეჟიმის შემოღებას. სხვა საქმეა, რომ ამისკენ სვლა ჯერჯერობით რთულია. ამას ხელს დიპლომატიური ურთიერთობების არქონა უშლის, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, თბილისის ინიციატივით გაწყდა", - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხის მიღებისას ისეთი საფრთხეები უნდა იქნას გათვალისწინებული, როგორიც არის ტერორისტული საფრთხე და არალეგალური მიგრაცია.

გრიგორი კარასინმა დააზუსტა, რომ რუსეთის მხარემ საქართველოს კონკრეტული შეთავაზებები გადასცა ავიაეკიპაჟის წევრებისათვის უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ.

"მინდა აღვნიშნო, რომ 2016 წელს თბილისში ჩვენი ინტერესთა სექციის მიერ გაცემული ვიზების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 40 ათასი გაცემული ვიზა შეადგინა. წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება", - დასძინა კარასინმა.

"ინტერპრესნიუსი"