საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმის თანახმად გამარჯვებულად მეჭიაური გამოცხადდა - კვირის პალიტრა

საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმის თანახმად გამარჯვებულად მეჭიაური გამოცხადდა

თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი გამოსცა. ოქმის მიხედვით, ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა.

"კომისის სხდომაზე მოხდა შემაჯამებელი ოქმების დამტკიცება და გამარჯვებულად გამოცხადა თამაზ მეჭიაური", - განაცხადა თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ცალუღელაშვილმა.

თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებულ არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოეხმაურა:

"ყველაფერზე ციფრები მეტყველებს. ეს ციფრები არის უტყუარი, რომელიც ასახულია ოქმებში. დღეს კონიუნქტურა მუშაობს სამართლიანობის წინააღმდეგ. საზოგადოებაში არსებული კონიუნქტურა ითხოვს, რომ სადღაც ოპოზიციამ გაიმარჯვოს. არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა სუფთა არითმეტიკა იყო - აქ არც პოლიტიკა და არც იურისპრუდენცია არაფერ შუაშია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზაქარია ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მეორე ტური გარდაუვალი იყო, რადგან თიანეთში 50%-იანი ბარიერის გადალახვას 3 080 ხმა სჭირდებოდა, რაც მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.

"ოქმების მიხედვით, თიანეთში არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა 6 379-ს შეადგენს. ამას, ასევე ოქმების მონაცემების მიხედვით, ჯამში 220 ბათილი ბიულეტენი აკლდება და 50% - 3 080 ხმა გამოდის. არც ერთ კანდიდატს ამ რაოდენობის ხმა მიღებული არ აქვს - თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს 3 077 ხმა, ხოლო ლელა ქიტესაშვილს - 3 076 ხმა", - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

"ქართული ოცნება" კი თიანეთის მე-19 საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც საოლქო კომისიაში "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა პეტრე ქიტესაშვილმა განაცხადა, თიანეთში მე-2, მე-13, მე-15 და მე-18 უბნებზე 6 ბიულეტენი დაიკარგა, რასაც ქიტესაშვილის თქმით, არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლის თქმით, მიღებული მონაცემებით, 50%-იანი ბარიერი თიანეთში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

"ჩვენი პროტესტი იმან გამოიწვია, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახდა 50%-იანი ბარიერი. ვინაიდან თამაზ მეჭიაურს საბოლოო მონაცემებით 1 ხმით მეტი აქვს, დაკარგული 6 ბიულეტენი იმოქმედებს შედეგზე. საოლქო კომისიაში ჩვენს პოზიციას კომისიის სამი წევრი დაეთანხმა. ჩვენს პრეტენზიას არგუმენტირებული პასუხი ვერ გასცა კომისიის თავმჯდომარემ და ჩვენ შედეგს გავასაჩივრებთ სასამართლოში", - განაცხადა პეტრე ქიტესაშვილმა.

თავის მხრივ, მე-19 საოლქო კომისიის თავმჯდომარე "ქართული ოცნების" პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ხმები ითვლება ყუთიდან ამოსული ბიულეტენების მეშვეობით და არა დაკარგული ბიულეტენებით.

"ხმები ითვლება ყუთიდან ამოღებული ბიულეტენების ოდენობით, თორემ ბიულეტენი ბევრი იკარგება და ბევრიც ბათილდება, თუმცა დაინტერესებულ მხარეს გასაჩივრებისთვის აქვს ერთ დღიანი ვადა. შეუძლიათ კანონის ფარგლებში იმოქმედონ", - განაცხადა გიორგი ცალუღელაშვილმა.

"ქართულ ოცნებას" თიანეთის საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება ჯერ ცესკოში, შემდეგ კი სასამართლოში შეუძლია.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით