მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

არაადეკვატურობა

რა არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა? რა თქმა უნდა, არაადეკვატურობა. ბუნებრივია, ამით ახალი არაფერი მითქვამს. თუმცა ბოლო დროს ეს სენი მგონი ჩვენს საზოგადოებასაც შეეყარა. ჩემთვის გასაგები იყო, 26 აგვისტოს რას ზეიმობდნენ აფხაზები და ოსები, ისინი ამ დღეს რუსეთის მხრიდან მათი დამოუკიდებლობის აღიარებას ზეიმობდნენ! მაგრამ რას ვზეიმობდით ჩვენ 26 აგვისტოს, ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება. არადა, 26-ში სოხუმსა და ცხინვალში არ გამართულა ისეთი გრანდიოზული კონცერტი, როგორიც ბათუმში.

კონცერტის სახელწოდება ცალკე თემაა. აქცია-კონცერტს ერქვა: "აფხაზეთი ჩემია".  საინტერესოა, აფხაზებისა რა არის? ბუს კვერცხები? ასეთი განცხადებებით ვაპირებთ აფხაზებთან შერიგებას? ცალკე საკითხია, როგორ შეიძლება აღიქვან, როდესაც შერიგებაზე ლაპარაკს ომში დამარცხებული მხარე იწყებს. მგონი ასეთ დროს ეს მხარე გამარჯვებულის თვალში კიდევ უფრო დამცირებულად და სასაცილოდ უნდა გამოიყურებოდეს. ყოველთვის მქონდა განცდა, რომ აფხაზები მწარედ დაგვცინიან, როდესაც ბოლო რამდენიმე წელია მათ ხან ქართულად და ხან აფხაზურად ვუმღერით და შერიგებას ვეხვეწებით, ისინი კი ზედაც არ გვიყურებენ. ყველაზე სასაცილოები კი მაშინ ვიყავით, პარალელურ რეჟიმში რომ ვემუქრებოდით კიდეც. თან ვუმღეროდით და შერიგებას ვეხვეწებოდით, თან ვემუქრებოდით, თან აფხაზებს აფხაზურ ენაზე ჩაწერილ სიმღერებს ვუგზავნიდით, თან საბრძოლო სიმღერებს ვმღეროდით, სადაც ჩვენს გმირებს ფსოუს წყლის დალევისკენ მოვუწოდებდით.  ეს სიმღერა 26 აგვისტოს კონცერტზე, რომლის მიზანიც შერიგებისკენ მოწოდება იყო, ნინი ბადურაშვილმა კიდევ ერთხელ ააჟღერა. კარგად დააკვირდით ამ სიტყვების აბსურდულობას: "დალიეთ, მშვიდობა ვუსურვოთ აფხაზეთს,  დალიეთ, გმირებო, ეს ფსოუს წყალია".

იმ დღეს ბათუმში მგონი ყველაფერი აბსურდული იყო: მერაბ სეფაშვილმა სიმღერის დაწყებამდე განაცხადა, - მინდა დღევანდელი დღე ყველას მივულოცო, ერთმანეთს მივულოცოთო. ვერაფრით მივხვდი, ვის ულოცავდა, - აფხაზებს, რომლებიც დამოუკიდებლობას აღნიშნავდნენ თუ ქართველებს? ქართველებს იმ დღეს მოსალოცი რა გვქონდა? იქნებ კონცერტის გამართვა? ჩვენი ესტრადის მომღერლები კონცერტებს ისე არიან დანატრებული, შეიძლება მათთვის მართლაც მისალოცი დღე იყო. ვერ გეტყვით.

უხერხული მომენტი

თავდაცვის მინისტრად დავით კეზერაშვილი რამდენიმე თვის დანიშნული იყო, როდესაც ერაყში წასვლა და იქ ქართველი ჯარისკაცების მონახულება გადაწყვიტა. რაც მთავარია, ტელევიზიების წაყვანაც მოიფიქრა და ტელეკომპანია "იმედიდან" ეს პატივი მე მერგო. ერაყში მოგზაურობა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მივლინება გამოდგა, თუმცა ამჯერად სამივლინებო შთაბეჭდილებების გაზიარებას არ ვაპირებ. მხოლოდ ერთი ეპიზოდი მინდა  მოგიყვეთ:

კეზერაშვილს ერაყში ამერიკელი და ქართველი სამხედროების გარდა შეხვედრა ერაყელ მაღალჩინოსნებთანაც ჰქონდა დაგეგმილი. მათ შორის ერაყის თავდაცვის მინისტრთანაც. როდესაც სამინისტროში მივედით (იქამდე ოცზე მეტმა შეჯავშნულმა და ტყვიამფრქვევით აღჭურვილმა "ჰამერმა" მიგვაცილა), აღმოჩნდა, რომ დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ეზოში იმართებოდა. ჩვენი დელეგაციის წევრებიც ერთ რიგად ჩამწკრივდნენ და ერაყის თავდაცვის მინისტრს დაელოდნენ. ქართულ დელეგაციაში კეზერაშვილის გარდა რამდენიმე ოფიცერი და გენშტაბის მაშინდელი უფროსი, ზაზა გოგავა შედიოდნენ. როდესაც ერაყის თავდაცვის მინისტრი გამოვიდა, სწორედ მაშინ შეიქმნა ის უხერხული მომენტი, რომლის გამოც ამ ამბავს გიყვებით. ჩვენი დელეგაცის ყველა წევრს ერთნაირი სამხედრო ფორმა ეცვა, მათ შორის კეზერაშვილსაც. ის და გოგავა გვერდიგვერდ იდგნენ. ერაყის თავდაცვის მინისტრის გაგება ნამდვილად შეიძლება. როგორ უნდა წარმოედგინა, რომ გოგავას გვერდით მდგომი 28 წლის ყმაწვილი შეიძლებოდა მისი კოლეგა ყოფილიყო. ალბათ უფრო ახალგაზრდა ოფიცერი ეგონა. ამიტომ მისასალმებლად და ხელის ჩამოსართმევად პირველ რიგში გოგავასკენ გაემართა. უხერხულობის განმუხტვა ბატონმა გოგავამ სწრაფი რეაქციით მოახერხა: ვიდრე ერაყელი მინისტრი მასთან მიაღწევდა, ხელით თავის გვერდით მდგომზე ანიშნა და მასპინძელმაც კურსი მარცხნივ აიღო. ჯერ თავის ქართველ კოლეგას მიესალმა, შემდეგ უკვე დელეგაციის სხვა წევრებს.

არ ვაპირებ, შევაფასო, როგორი მინისტრი იყო დავით კეზერაშვილი, არც იმის პროგნოზირებას შევეცდები, როგორი მინისტრი იქნება ბაჩო ახალაია. ყმაწვილების სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნა ჩვენი ხელისუფლების სენი თავიდანვე იყო, მაგრამ დასაწყისში თავდაცვის მინისტრებად მაინც მეტ-ნაკლებად დაღვინებული კადრები ინიშნებოდნენ. როდესაც სოფლის მეურნეობის ან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი არის ძალიან ახალგაზრდა, შეიძლება ამან იმდენი პროტესტი არ გამოიწვიოს, მაგრამ თავდაცვის მინისტრის პოსტი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობაა. ნუთუ ქვეყანაში გამოცდილი კადრების ასეთი დეფიციტია? თუ ასეა, ძალიან ცუდ დღეში ვყოფილვართ. ყველაზე მეტად უცხოური დელეგაციებისა მერიდება, სულ იმას ვფიქრობ, რას იტყვიან ისინი ჩვენზე. გენშტაბის ამჟამინდელ უფროსს დევი ჭანკოტაძეს ვურჩევ, ბატონ გოგავასთან კურსები გაიაროს თემაზე: - როგორ გამოვძვრეთ სწრაფად და ოპერატიულად უხერხული მდგომარეობიდან.