"რუსეთისათვის ძირის გამოთხრა და სომხეთის იზოლირება?" - სომხეთი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს რუსული შეიარაღებით პასუხობს?! - კვირის პალიტრა

"რუსეთისათვის ძირის გამოთხრა და სომხეთის იზოლირება?" - სომხეთი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს რუსული შეიარაღებით პასუხობს?!

30 ოქტომბერს, ისტორიული მოვლენის მონაწილეეები გავხდით - პირველი მატარებელი უკვე გავიდა მარშრუტზე, რომელმაც აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი დააკავშირა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ასევე ყაზახეთის პრემიერ- მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა.

საქართველოზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის 254-კილომეტრიანი მონაკვეთი გადის, აქედან 29 კილომეტრის მაგისტრალი სრულიად ახალია. ახალ რკინიგზას ექნება პოტენციალი წელიწადში 1 მილიონი მგზავრი გადაიყვანოს და პირველ ეტაპზე 6.5 მილიონი ტვირთი გაატაროს. საბოლოოდ, რკინიგზის გამტარუნარიანობის 17 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება.

რკინიგზას აზერბაიჯან-ყაზახეთს შორის არსებული საბორნე ხაზით ჩინური ტვირთების ევროპაში ტრანსპორტირება 15 დღეში შეეძლება.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. საქართველოს მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში გაიარა. პროექტის შეფერხების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი თურქეთის მხარეს რკინიგზის მშენებლობის დაბალი ტემპი გახდა.

ამ მოვლენას ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ეხმაურება უცხოური პრესა, განსაკუთრებით ბევრი იწერება სომხურ მედიაში. გთავაზობთ ამ საკითხის გარშემო მსოფლიო მედიაში გამოქვეყნებული სტატიების მოკლე მიმოხილვას.

"რუსეთისათვის ძირის გამოთხრა და სომხეთის იზოლირება?" - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია ცნობილმა ეკონომიკურმა გამოცემა «Forbes»-მა.

"ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულებით აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდნენ, სომხეთი კი კიდევ უფრო მეტად იზოლირებულ მდგომარეობაში მოექცა", - ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორიც უეიდ შეპარდია.

სტატიაში გადმოცემულია როგორც პროექტის ისტორია (რომელიც ჯერ კიდევ 1993 წელს გაჩნდა, როცა აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის სარკინიგზო კავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო შეწყდა), ასევე მისი მშენებლობის დაწყება (2007 წლის შეთანხმებით) და თანამედროვე მდგომარეობა.

"სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელზეც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გადის, ევრაზიული სუბკონტინენტის გულში მდებარეობს. ეს არის მასიური ბაზარი, რომელშიც დედამიწის მოსახლეობის 65% ცხოვრობს, 75% ენერგორესურსებით და 40%-იანი მთლიანი შიდა პროდუქტით. ეს რკინიგზა ის სატრანსპორტო მაგისტრალია, რომელიც აბრეშუმის ახალ გზას აკლდა. როგორც კი ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი სრულ სიმძლავრეს მიაღწევს, სამი სახელმწიფო - საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ამ უსაფრთხო და შედარებით მოკლე სატრანზიტო მიმართულებით ბევრ სიკეთეს მიიღებენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მიმზიდველი ისაა, რომ რკინიგზა გვერდს უქცევს რუსეთს, რომელსაც დასავლეთმა ეკონომიკური სანქციები გამოუცხადა. შესაბამისად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მეტი პროდუქციის გადაზიდვა შეიძლება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და პირიქით".

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს რკინიგზა შეიძლება სომხეთზე დამატებითი ზეწოლის ბერკეტადაც იქნეს გამოყენებული, რათა ერევანმა აზერბაიჯანის მიწების ოკუპაცია შეწყვიტოს. გარდა ამისა, საშუალებას მისცემს საქართველოსაც სრულად გააკონტროლოს ჯავახეთის რეგიონი, სადაც მოსახლეობის უმეტესობას სომხები შეადგენენ. "ენერგეტიკულ პროექტებთან ერთად, ეს სატრანსპორტო პროექტი ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის დერეფნის სახელმწიფოების ინტეგრირების პროცესს, ერთის გამოკლებით: სომხეთი სულ უფრო იზოლირებული რჩება იმ რეგიონში, რომელიც სწრაფად ხდება ევრაზიის მთავარი გზაჯვარედინი".

"ჩვენი პასუხი ბაქო-თბილისი-ყარსს..." - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას სომხური გამოცემა «Lragir», რომლის ავტორიც აკოფ ბადალიანია.

"უახლოეს დღეებში სომხეთი რუსული იარაღის ახალ პარტიას მიიღებს", - განაცხადა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და აღნიშნა, რომ 200-მილიონიანი კრედიტის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება ახალ 100-მილიონიან კონტრაქტს, რომელიც სომხეთის არმიის უახლესი შეიარაღებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

სერჟ სარგსიანის განცხადება ერთგვარი პასუხია აზერბაიჯანში ბაქო-ახალქალაქი- ყარსის რკინიგზის გახსნაზე. თურქეთისა და აზერბაიჯანის მეთაურები ხაზს უსვამენ, რომ ამ რკინიგზით სომხეთი კიდევ უფრო მტკიცედ იქნება იზოლაციაში მოქცეული. ფაქტია, რომ პროექტი სომხეთის წინააღმდეგ არის მიმართული. სინამდვილეში სომხეთის რეგიონიდან გარიყვა შეუძლებელია, თუ თვითონ ერევანი არ გადაწყვეტს იზოლირებას.

შეიძლება ითქვას, რომ სომხეთმა პასუხი გასცა აზერბაიჯანს, როცა სერჟ სარგსიანმა რკინიგზის გახსნის ფონზე შეიარაღების მიწოდებაზე დაიწყო ლაპარაკი. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ხისტი სიგნალი გაუგზავნა და მიანიშნა, რომ ბაქო-ყარსის რკინიგზა შესაძლოა სომხეთის არმიის სამიზნე აღმოჩნდეს - ისევე, როგორც ნავთობსადენი ბაქო-ჯეიჰანი, თუ აზერბაიჯანი კვლავ აგრესიას დაიწყებს. ცხადია, ამ "პასუხში" თავისი წილი აქვს მოსკოვსაც, რომელიც რკინიგზის გახსნით სომხეთზე უფრო მეტს კარგავს, რადგან პერსპექტივაში ტვირთები ევროპა-აზიიდან რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით იქნება გადაზიდული.

სომხეთმა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ახალი სტატუს კვოს ავტორია, დროდადრო მეზობლებს უნდა შეახსენოს ხოლმე, თუ ვინაა კომენდანტი რეგიონში".

აზერბაიჯანულ გამოცემა «Эхо»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში კი ვკითხულობთ:

"აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობათა იმედები და მოლოდინები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თაობაზე ძალიან დიდია. ცხადია, პროექტს გარკვეული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური სარგებლიანობისა და რეგიონული კავშირების განმტკიცების მიზნით, მაგრამ იმისათვის რომ პროექტის რენტაბელობა გაიზარდოს, საერთაშორისო მასშტაბები მიიღოს და ნამდვილად ხიდი გახდეს ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად, ამისათვის ჯერ კიდევ ბევრი საკითხის გადაწყვეტაა საჭირო. ამიტომაც ნაადრევია ისეთი განცხადებების კეთება, თუ რამდენ ფულს მოუტანს ეს პროექტი ეკონომიკას. უმჯობესია თავი შევიკავოთ და რკინიგზის მომგებიანობაზე გადაჭარბებით არ ვილაპარაკოთ".

თურქული «Daily Sabah» ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ისტორიულ-თანამედროვე მნიშვნელობაზე წერს

პუბლიკაციაში ყურადღება უმთავრესად ეთმობა აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო ინტეგრაციას, რომლის ერთ-ერთ რგოლს სწორედ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი წარმოადგენს (მილსადენებთან ერთად).

"საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, ცივი ომის პერიოდში, რასაკვირველია, თურქეთი ვერ გამოავლენდა ინტერესს კასპიის ზღვის ენერგეტიკული პოტენციალისადმი, ამის თაობაზე ანკარა არც ფიქრობდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა თურქეთი რეგიონის ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო გახდა, მან მზერა მიმართა როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის მიმართულებით. ანკარამ მტკიცე ნაბიჯები გადადგა, რომლებიც ხელს უწყობს მისი გავლენის გაძლიერებას, თავისუფალი ბაზრის განვითარების თურქული მოდელის დანერგვა-გაფართოებას".

მოამზადა სიმონ კილაძემ