"კალაძის პიარგუნდმა წინასაარჩევნო კამპანია, ძირითადად, კრიტიკაზე ააგო " - ნაწყენია თუ არა დავით ნარმანია კახა კალაძეზე?! - კვირის პალიტრა

"კალაძის პიარგუნდმა წინასაარჩევნო კამპანია, ძირითადად, კრიტიკაზე ააგო " - ნაწყენია თუ არა დავით ნარმანია კახა კალაძეზე?!

"გერმანიაში ელჩად გამგზავრებასა და მარეგულირებელ კომისიაში ჩემს მუშაობაზე ლაპარაკი მხოლოდ ჭორია"

დავით ნარმანიას თბილისის პირველი პირის მანდატის ამოწურვამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, ახლა მისი ძირითადი საქმიანობა ახალარჩეული მერისთვის სამუშაო მაგიდაზე იმ პროექტების დახვედრებაა, რომლის შესრულებაც თავად ვერ მოასწრო. კორუფცია, შეუსრულებელი დაპირებები და მენეჯმენტის გაუმართაობა - როგორ პასუხობს მისი სამწლიანი მერობის პერიოდში დაგროვილ შეკითხვებს, "კვირის პალიტრა" თბილისის ჯერ კიდევ მოქმედ მერს, დავით ნარმანიას ესაუბრა:

- სამწლიანი მუშაობის შემდეგ ახალ მერს მაგიდაზე ბევრი პროექტი დახვდება და გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმაა, რომელზე მუშაობაც რამდენიმე დღის წინ დამთავრდა. გეგმაში სრულად არის გათვალისწინებული ექსპერტების შენიშვნები და ახლა საკრებულოსგან დამტკიცებას ელოდება.

- თუმცა კახა კალაძემ განაცხადა, რომ განაშენიანების გენერალურ გეგმაში ზოგიერთი საკითხის შეცვლას გეგმავს, არადა, თქვენი მერობისას, დოკუმენტის მომზადებისთვის ორი მილიონი ლარი გამოიყო და თუ ის ისევ უნდა შეიცვალოს, ამდენი ფული და დრო რისთვის დაიხარჯა?

- გენერალური გეგმა მერიის ახალი გუნდის პროგრამას უნდა შეესაბამებოდეს. შეიძლება, ახალ მერს განსხვავებული შეხედულებები აქვს, ამიტომ ცუდი არ არის, თუ დოკუმენტს გადახედავს. განხილვის პროცესს ფული არ სჭირდება, თანაც ბევრს გენგეგმის დასრულებული ვარიანტი არც კი უნახავს და მისი თავიდან ბოლომდე წაკითხვა აინტერესებს.

გენერალური გეგმის გარდა, ახალ მერს მზად დახვდება მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმაც, რომელზეც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვიმუშავეთ. ამ გეგმაში ლაპარაკია არა მხოლოდ გამწვანების საკითხებზე, არამედ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ძირითად მიმართულებებზეც. ჩვენ ჩავატარეთ მუნიციპალური ტრანსპორტის კვლევაც. ცალკე შევისწავლეთ ავტობუსების საკითხი, რის საფუძველზეც ქალაქში ახალი ავტობუსები შემოვიყვანეთ.

- კვლევების ჩატარებას უფრო მეტი დრო ხომ არ მოანდომეთ, ვიდრე მათ აღსრულებას? მაგალითად, მერიის ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა დედაქალაქში დაავადებული ხეების აღსაწერად, არადა არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია, სად რომელი ხის მოჭრა იყო აუცილებელი...

- ეს კვლევა აუცილებელი იყო მწვანე საფრის ინვენტარიზაციისთვის. რაც შეეხება დროს - კვლევის გარეშე ნებისმიერი რთული გადაწყვეტილების მიღებას ახლავს სუბიექტური მიდგომის საფრთხე და შეცდომის დაშვების რისკიც მაღალია. თანაც დონორი ორგანიზაციები მოლაპარაკებისას მტკიცე დასაბუთებას ითხოვენ დამატებითი ფინანსების გამოსაყოფად. ბუნებრივია, კვლევებზე დრო და ფინანსური რესურსი დაიხარჯა, მაგრამ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე მუშაობენ და ამ პროცესს საქმის კეთებაში ხელი არც ჩვენთვის შეუშლია. ყველაზე მსხვილ პროექტებს ჩამოვთვლი: გაკეთდა შინდისი-კრწანისის, სამება-მახათის, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელი გზები, ძირეული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ნუცუბიძისა და პეკინის ქუჩებს. მოეწყო ე.წ. ახალი ტფილისი აღმაშენებლის გამზირზე, განახლდა ღვინის აღმართი, ამასთან, თუ წინამორბედმა ხელისუფლებამ 49 ბაღი დახურა, ჩვენ სამი წლის განმავლობაში 12 საბავშვო ბაღი ავაშენეთ, ცამეტი ახლა შენდება. დავრგეთ 700 ათასზე მეტი ხე-მცენარე, ავაშენეთ სპორტდარბაზები, განახლდა 50-მდე მეტროს ვაგონი, სადგურებს - "ახმეტელის თეატრსა" და "ვარკეთილს" ჩაუტარდა რეაბილიტაცია...

- სანამ თქვენს შეუსრულებელ დაპირებებს შეგახსენებთ, საინტერესოა, აღვნიშნოთ, რომ კახა კალაძეს საარჩევნო კამპანია თქვენს განხორციელებულ პროექტებზე არ აუგია და ძირითადად, ოპოზიციონერის პათოსით ლაპარაკობდა. მის ერთ-ერთ ბოლო განცხადებას შეგახსენებთ: "მერია, როგორც ბიუროკრატიული სისტემა, უნდა დაინგრეს".

- მერიაში 25 ათასი ადამიანი მუშაობდა, ამ მასშტაბის სამსახურს კი ბუნებრივია, ბიუროკრატიაც ახლავს. თუმცა, როდესაც ელექტრონულ მმართველობით სისტემაზე გადავედით, ბიუროკრატიის მასშტაბი მნიშვნელოვნად შევამცირეთ. ბიუროკრატია საჯარო სექტორში ყოველთვის იქნება.

- კალაძის მმართველობის პირობებშიც?

- რაც შეეხება კახა კალაძეს, ვფიქრობ, მისმა პიარგუნდმა მოიფიქრა, რომ წინასაარჩევნო კამპანია, ძირითადად, კრიტიკაზე აეგო და სწორედ ამაზე დაეფუძნებინა პროგრამული მიმართულებები. ვერ გეტყვით, ეს სწორი სტრატეგია იყო თუ არა, მაგრამ უამრავ მოქმედ სტრატეგიას შორის ასეთიც არსებობს და მისი გამოყენება შეიძლება.

- მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნაწყენი ხართ, არც კალაძის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულხართ... მომგებიანი სახე არ იყავით გუნდისთვის, თუ ეს კალაძის კრიტიკაზე თქვენი პასუხი იყო?

- წინასაარჩევნო კამპანიაში ნაწილობრივ ჩართული ვიყავი - ვეხმარებოდი სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდებით. შეხვედრებში კი მონაწილეობა არ მიმიღია.

- დავუბრუნდეთ თქვენს წინასაარჩევნო დაპირებებს: საცობების განტვირთვა, მტკვრის დასუფთავება და სანაპიროებზე რეკრეაციული ზონების მოწყობა, ზოოპარკისა და "მზიურის" ხიდით დაკავშირება და ცენტრალური პარკის მოწყობა...

- მტკვარი დიღმიდან ორთაჭალამდე ხე-მცენარეებისგან გაიწმინდა, გენერალურმა გეგმამ კი ორი ადგილი შემოგვთავაზა, სადაც მტკვართან მისასვლელი გაკეთდება. რაც შეეხება "მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორიას, ზოოპარკის გადატანის პროცესი დაიწყო, თუმცა 13 ივნისის სტიქიამ ხელი შეგვიშალა, ორი წელი კი პროექტის განსახორციელებლად საკმარისი არ იყო. ქალაქის საცობებისგან განსატვირთად პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგა, სწორედ ამ კონტექსტში მოიაზრებოდა შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზის გაკეთებაც.

სხვა პროექტები მზად არის და ახალ მერს უკვე შეუძლია, მათზე ტენდერი გამოაცხადოს.

- თქვენ ასობით სამშენებლო ნებართვა გაეცით; სამშენებლო სამუშაოები ლამის ტროტუარებზე მიმდინარეობს; ექვს მილიონზე მეტ კვმ ფართობზე გაცემული ნებართვა ჯერ ასათვისებელია...

- კერძო სექტორი მშენებლობებს ითხოვდა, პროექტებს კი ზონალურ საბჭოსთან ერთად განვიხილავდით. ექვს მილიონზე სამშენებლო ნებართვა არ არის გაცემული - ნაწილზე განაშენიანების გეგმაა მომზადებული, რომლის შემდეგაც ინვესტორს უფლება აქვს, სამშენებლო ნებართვაზე განაცხადი შემოიტანოს. სწორედ ამიტომ შევზღუდეთ კ2 კოეფიციენტის გაცემა.

- თუმცა ოპონენტები ხშირად გახსენებენ კ2-ის დარღვევის ფაქტებსაც, მათ შორის - ატენის ქუჩაზე...

- ატენის ქუჩა სადავო საკითხია და იქ მოსახლეობასა და ინვესტორს შორის მიმდინარეობს დავა. გამონაკლისი იყო სასტუმროები, რომლებზეც ინტენსივობის კოეფიციენტი არ ვრცელდება.

ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმაც სწორედ ამაზეა აწყობილი - თბილისის ცენტრალური ნაწილის განაშენიანება არ უნდა მოხდეს.

- მოუგვარებელს ტოვებთ "სითი პარკის" საკითხსაც...

- "სითი პარკთან" მძიმე შეხვედრები გვქონდა, თუმცა მოლაპარაკებაზე არ დაგვთანხმდნენ, ჩვენ კი, კაბალური ხელშეკრულების გამო, შეცვლის უფლება არ გვქონდა. მართალია, კომპანია რამდენჯერმე დავაჯარიმეთ, მაგრამ სითი პარკს დღესაც უფრო მეტი მიაქვს ქალაქიდან, ვიდრე ბიუჯეტში შემოაქვს.

- დაბოლოს, სად სჭირდებით დღეს გუნდს, ან თვითონ თუ გეგმავთ სახელმწიფო სტრუქტურებში საქმიანობის გაგრძელებას?

- 10 ნოემბერს სამი წლის ანგარიშს წარვადგენ და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, სად გავაგრძელებ მუშაობას, გერმანიაში ელჩად გამგზავრებასა და მარეგულირებელ კომისიაში ჩემს მუშაობაზე ლაპარაკი კი მხოლოდ ჭორია.

იხილეთ ასევე: "ჩნდება კითხვა - ეს კომპანია არაკანონიერად მოქმედებს?!" - კალაძე "სითი პარკის" წინააღმდეგ

რუსუდან შელია