"წარსულიდან დასკვნები უნდა გამოიტანოთ, მაგრამ წარსულის ტყვეებადაც არ უნდა იქცეთ"
06-11-2017
"წარსულიდან დასკვნები უნდა გამოიტანოთ, მაგრამ წარსულის ტყვეებადაც არ უნდა იქცეთ"
"მე ვიყავი ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ფიქრობდა, რომ "ქართული ოცნება" დიდხანს ვერ გასტანდა. მაგრამ ფაქტია, გაძლო და ეს მეტწილად სწორედ საზოგადოების ფართო ფენების მხარდაჭერის დამსახურებაა"

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი დენის სამუტი სამხრეთ კავკასიის რეგიონს 90-იანი წლებიდან აკვირდება და ერთ-ერთია იმ თითზე ჩამოსათვლელი უცხოელი ექსპერტებიდან, რომლებიც საქართველოსა და მის პოლიტიკურ ცხოვრებას ზედმიწევნით იცნობენ. თბილისში მორიგი ვიზიტისას დენის სამუტმა "კვირის პალიტრას" მიმდინარე მოვლენების შესახებ თავისი ხედვა გაუზიარა.

- სამხრეთ კავკასიას ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან
იცნობთ. წლების გადმოსახედიდან, როგორია საქართველოს თქვენეული ისტორია - იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც ელექტროენერგია ფუფუნება იყო, დღევანდლამდე?

- საქართველოში პირველად 1992 წელს ჩამოვედი და მას შემდეგ წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოვდივარ. ეს მეხმარება, საქართველოზე საუბრისას არა მხოლოდ დეტალები, არამედ მთლიანი სურათი დავინახო. მახსოვს, 1994 წელს სასტუმრო "მუზაში"
ვიყავი გაჩერებული - აფხაზეთიდან დევნილები ახალი ჩამოსულნი იყვნენ, მაგრამ რამდენიმე ოთახი მაინც შენარჩუნებული ჰქონდათ სტუმრებისთვის. მაშინ ჩემი თვალით ვნახე, თუ რამხელა ტკივილი მიაყენა ომმა საქართველოსა და ქართველ ხალხს. მას შემდეგ საქართველომ გრძელი და რთული გზა განვლო. ამ გზაზე იყო როგორც ტრაგიკული, ასევე საამაყო მომენტები, ზოგჯერ ორივე ერთდროულად, მაგრამ დღეს ეს გზა განვლილია და საქართველო საკუთარი ისტორიის ახალ ფურცელს წერს. წარსულიდან დასკვნები უნდა გამოიტანოთ, მაგრამ წარსულის ტყვეებადაც არ უნდა იქცეთ. მთავარი დღეს მომავალია, იმაზე ფიქრი, თუ როგორ მივცეთ ხალხს უკეთესი ცხოვრება.

- ახლახან ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. როგორ ფიქრობთ, რა მიზეზები განაპირობებს "ქართული ოცნების" ასეთ დომინანტურ პოზიციას?

- 2012 წლიდან მოყოლებული, "ქართული ოცნება" პოლიტიკურ სცენაზე დომინირებს და ამას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს: პირველი, მათი პოლიტიკური სისტემა გულისხმობს სიმშვიდეს და არა სხვადასხვა პოლიტიკურ სიურპრიზს.
რაც შეეხება მეორე ფაქტორს - საინტერესოა ის, რომ თავიდან "ქართული ოცნების" კარი თითქმის ყველასთვის ღია იყო. ეს იყო ძალიან ფართო პოლიტიკური მოძრაობა, სადაც გაერთიანებული იყო ხალხი სხვადასხვა იდეოლოგიითა და პოლიტიკური შეხედულებით. შემდეგ კოალიციას ნაწილი ჩამოშორდა, მაგრამ ხალხის უმრავლესობისთვის "ქართული ოცნება" ისევ რჩება მოძრაობად, რომელიც ბევრ სხვადასხვა, თითქოსდა ურთიერთსაწინააღმდეგო იდეას აერთიანებს. ამის მოხერხება საკმაოდ რთულია და ვაღიარებ, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ფიქრობდა, რომ "ქართული ოცნება" დიდხანს ვერ გასტანდა. მაგრამ ფაქტია, გაძლო და ეს მეტწილად სწორედ საზოგადოების ფართო ფენების მხარდაჭერის დამსახურებაა.

სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს ოპოზიციაში. მთავარ ოპოზიციად­ მაინც ის მოძრაობა, ის ხალხი რჩება, რომ­ელიც 2003 წელს "ვარდების რევოლუციას" ჩაუდგა სათავეში. დღეს ის გაყო­ფილია ორ ჯგუფად და ამ ხნის განმავლ­ობაში ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა გუშინდელი პოლიტიკური ხედვების ნაცვლად ახალი პოლიტიკური გეგმის წარმოდგენა. სანამ არ გვეტყვიან, რას სურთ მიაღწიონ ხვალ, ხალხის ინტერესი მათ მიმართ არ გაიზრდება. და ეს უნდა მოხდეს მალე, თუ სურთ, რომ შემდეგ არჩევნებში შანსი ჰქონდეთ. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ, ასე ვთქვათ, საკუთარი ნიშები უკავიათ და ფართომასშტაბიან მხარდაჭერაზე არც აქვთ პრეტენზია.

- "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მათ ე. წ. პიროვნებების კულტი აღმოფხვრეს ქართულ პოლიტიკაში. არადა, როგორც ქართველი, ასევე დასავლელი ექსპერტები მაინც ერთი ფიგურისკენ იშვერენ თითს - ალბათ, ხვდებით, ვისზეც გეკითხებით.

- ისტორიას გადავხედოთ. ჯერ შევა­რდნაძესთან რომანით დავიწყოთ - ვფიქრობ, ისტორია მას უფრო გულმოწყალედ განსჯის, ვიდრე დღეს ქართველი ხალხი. მას ძალიან რთულ მომენტში მოუწია პრეზიდენტობამ - ძალზე ძნელი იყო იმ პირობებში ორგანიზებული სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა. შემდეგ იყო პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანა გვარიანად შეანჯღრია. საქართველოს ეს სჭირდებოდა, რადგან 2003 წელს ქვეყანა სტაგნაციაში იყო და წინ ვერ მიდიოდა. ბევრი თვლის, რომ სააკაშვილმა ამ ნჯღრევა-ნჯღრევაში გადაამლაშა. ის, რაც 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა მოახერხეს, გადამწყვეტი მომენტი იყო საქართველოს ისტორიაში და აი, რატომ: ქართველებმა თქვეს, ჩვენ უკვე გავიზარდეთ, ჩვენ შეგვიძლია ისე მოვიქცეთ, როგორც ზრდასრულებს შეეფერება და რაც საჭიროა, ის გავაკეთოთო. ის, რომ ძალაუფლების გადაცემა მშვიდობი­ანად მოხდა, ამაში წვლილი ივანიშვილსაც მიუძღვის, სააკაშვილსაც და ბევრ სხვასაც.

- და იმავდროულად, ადამიანი, რომელიც დღემდე აღიქმება მთავარ ოპოზიციურ ფიგურად საქართველოში, თბილ ტანსაცმელს იმარაგებს, კარავში ჯდება და უკრაინულ პოლიტიკაში თავის დამკვიდრებას ცდილობს.

- არავინ ვიცი, ვინც ისეთი არჩევანი­ გააკეთა, როგორიც სააკაშვილმა - მოქა­ლაქეობა შეიცვალა და ერთ ქვეყანაში პრეზიდენტობის შემდეგ, მეორეში დაიწყო­ პოლიტიკოსობა. ვერაფერს ვიტყვი, ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რითი დაკავდება იგი საბოლოოდ, მაგრამ, ვფიქრობ, თუ უკრაი­ნულმა ინიციატივამ არ გაუმართლა, მას საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ინტელექტუალურ სფეროში დაკავდეს და ამ გზით გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება სხვებს.

- დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური ანალიზი შეუძლებელია სრული იყოს, თუ რუსეთსაც არ განვიხილავთ. კრემლსა და პუტინზე თითქოს უკვე ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ რას ფიქრობთ ე. წ. რუსულ ოპოზიციაზე? იმ ალტერნატიულ რუსეთზე, რომელსაც, მაგალითად, ნავალნი და სობჩაკი გვთავაზობენ?

- ის, რაც რუსეთში ხდება, გადამ­წყვეტ გავლენას მოახდენს საქართველოზე, სომხეთზე, აზერბაიჯანზე, მთელ რეგიონზე. არ განვეკუთვნები მათ რიცხვს, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთის უკანასკნელი 10-15 წლის ისტორია მხოლოდ პუტინის მიერ დაწერილი და შექმნილი საგაა. პუტინი მხოლოდ აისბერგის წვერია, პუტინის ქვეშ კი პრობლემების მთელი აისბერგია და გულუბრყვილობაა იმის ფიქრი, რომ თუ პუტინი აღარ იქნება, რუსეთში ყველაფერი მოგვარდება. მთელი აისბერგი უნდა დადნეს, რომ სერიოზულ ცვლილებებს მივაღწიოთ რუსულ პოლიტიკაში. შესაძლებელია თუ არა ეს? ვიტყოდი, რომ ურთულესია. ასევე დავძენ, რომ, ჩემი აზრით, იმ ძალებს, რომლებიც არ უშინდ­ებიან პუტინს და მას ბრძოლაში იწვევენ, რუსი საზოგადოების საგრძნობი ნაწილი უჭერს მხარს. იქნება თუ არა ეს მხარდაჭერა საკმარისი იმისთვის, რომ აისბერგმა დნობა­ დაიწყოს? ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, ამ ყველაფერს დრო დასჭირდება. რუსეთში იზრდება ახალი თაობა, რომელიც უფრო მეტ შეკითხვას სვამს, ვიდრე მათი მშობლები. რაც უნდა იყოს, რუსეთი დღეს უფრო ღია ქვეყანაა, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო და, ვფიქრობ, სწორედ ეს ახალი რუსი თაობა დაიწყებს­ მნიშვნელოვანი შეკითხვების დასმას და იმ აისბერგის დნობას, რომელზეც პუტინის ხელისუფლება დგას.

- გადახედავს თუ არა ეს ახალი თაობა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხებს? ექნებათ კი მათ კრემლისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე?

- ვფიქრობ, მათ არა მხოლოდ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ექნებათ განსხვავებული პოზიცია, არამედ მთლიანად რუსეთის იმპერიალისტურ ხედვებსა და იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს რუსეთმა, რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.
რუსეთში ეშინიათ, რომ მტრები ჩასაფრებული არიან და ელიან მომენტს, როდესაც რუსეთი დასუსტდება. უცნაურია, არა? რუსეთი მსოფლიოს უდიდესი ქვეყ­ანაა, აქვს ბირთვული იარაღი და მაინც ყოველდღიურად შიშით ცხოვრობს.

- რუსეთს ასევე აქვს ამბიცია, სხვების "უფროსი ძმა იყოს".

- ეს კიდევ სხვა მოვლენაა. მე ყოველთვის ვამბობ, რომ რუსეთი საკვანძო მნიშვნელობის მოთამაშეა და მისი პოზიცია ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა გავლენის და ბუფერული ზონები შექმნას და, მაგალ­ითად, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრებას ვეტო დაადოს. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, მაგრამ რუსეთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო მოთამაშეა და მას უნდა ჰქონდეს ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან, როდესაც მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემებს ეხება საქმე. ახალი რუსი თაობა სწორედ ამით იქნება დაინტერესებული - როგორ გახადონ რუსეთი უსაფრთხო ისე, რომ ამისთვის სხვა ერების დაჩაგვრამ არ მოუწიოთ.
საქართველომ უნდა ისწავლოს რუსეთთან ურთიერთობის მართვა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იჯდე და რუსეთი აკრიტიკო, რა თქმა უნდა, ზოგიერთ საკითხზე ურყევი პოზიცია უნდა გქონდეთ, მაგრამ, იმავდროულად, უნდა დაიწყოს ჩართულობის პროცესი როგორც მთავრობის, ასევე ხელისუფლების დონეზე. ქართველები ადრე თავისუფლად საუბრობდნენ რუსულად, ეს უნარი დღეს დაიკარგა ახალგაზრდა თაობაში. ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომაა.

- ფიქრობთ, რომ რუსულის სწავლა ისევ სავალდებულო უნდა გახდეს?

- რუსეთი ყოველთვის იქნება საქარ­თველოს ყველაზე დიდი მეზობელი, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ეს. ის არსად წავა და ვერც თქვენ შეძლებთ, თქვენი ქვეყანა ბორბლებზე შემოდგათ და მსოფლიოს სხვა კუთხეში წაიღოთ. რუსეთთან ურთიერთობის მართვა ყოველთვის იქნება საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. აუცილებლად დაგჭირდებათ ხალხი, რომელსაც ეცოდინება, როგორ ესაუბროს რუსებს, ეცოდინება მათი კულტურული და ეროვნული თავისებურებები და ასე შემდეგ. ენის ცოდნა საამისოდ ყველაზე ელემენტარული პირველი ნაბიჯია. მე მესმის, რომ ამ საკითხს საქართველოში უნდობლობით ეკიდებიან - მშვენივრად მახსოვს, რომ ისტორიულად რუსული ენა ხშირად ქართული ენის საპირწონედ ვრცელდებოდა, ძალით ახვევდნენ ხალხს თავს და ა.შ. მაგრამ დღეს 2017 წელია და დღევანდელი გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ მოვლენებს. დღეს ფაქტია, რომ გჭირდებათ რუსეთთან ჩართულობის ახალი პლატფორმა და გჭირდებათ ხალხი, რომელსაც შეუძლია რუსებთან ურთიერთობა.

ვაჟა თავბერიძე

რედაქტორის რჩევით