რით და როგორ ეხმარება მიხეილ სააკაშვილი რუსეთს? - კვირის პალიტრა

რით და როგორ ეხმარება მიხეილ სააკაშვილი რუსეთს?

უკრაინაში მყოფ მიხეილ სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ საქმიანობაზე ბევრს წერს რუსული მედია. ოდესის ყოფილ გუბერნატორზე სტატიას აქვეყნებს რუსული გამოცემა «Эксперт» სათაურით "როგორ ეხმარება მიხეილ სააკაშვილი რუსეთს".

როგორც სტატიის ავტორი, გევორქ მირზოიანი წერს, უკრაინაში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ძალებმა მიხეილ სააკაშვილს და მის გარემოცვას ბრალდება წაუყენეს - "მოსკოვზე მუშაობო" და ისინი მართალნიც არიან: რა თქმა უნდა, სწორედ ჯერ თვითონ სააკაშვილი და შემდეგ რუსეთი არიან იმ პოლიტიკური ცირკის ბენეფიციარები, რასაც უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აწყობს.

---------

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციაში დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანია - იგი არამარტო უბრალოდ არ უყვართ, არამედ სძულთ კიდეც...

მაგრამ ამის მიუხედავად, დღეისათვის მიხეილ სააკაშვილი, არსებითად, უკრაინაში ერთ-ერთ იმ მთავარ პირად ითვლება, რომელიც რუსეთის ინტერესებს ატარებს. უბრალოდ იმიტომ, რომ მისი პირადი ინტერესები რუსეთის ინტერესებს ემთხვევა - ორივეს პეტრო პოროშენკოს დამხობა სურს.

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ მინსკის შეთანხმებების რეალიზების მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორს თვითონ უკრაინის ხელისუფლება წარმოადგენს. რუსეთისათვის სამწუხაროდ, პეტრო პოროშენკოს ვერც ევროკავშირი და ვერც აშშ ვერ მართავს. გავლენა კი აქვთ, მაგრამ მას ვერ მართავენ. პეტრო პოროშენკოს მოქმედება მის შინაგან ლოგიკას ექვემდებარება: მას ხელისუფლების შენარჩუნება სურს და რაც მეტად იყვირებს "რუსეთის ინტერვენციაზე უკრაინის აღმოსავლეთში" და რაც უფრო გაამწვავებს სიტუაციას, მით უფრო მოთხოვნადი იქნება მისი ხელისუფლება. ამიტომაც მოსკოვი დაინტერესებულია რაც შეიძლება მაქსიმალურად დაასუსტოს პეტრო პოროშენკო, ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ჩათვლით). და ამ დროს სცენაზე გამოდის მიხეილი.

-------

მიხეილ სააკაშვილი თავისი დაუსჯელობით ყველას აჩვენებს, თუ როგორი სუსტი და უსუსურია უკრაინის "მმართველი" რეჟიმი. რასაკვირველია, ვიღაც მაინც იტყვის, რომ პეტრო პოროშენკო სუსტი არ არის, უბრალოდ, მას დასავლელმა პარტნიორებმა მკაცრად მოსთხოვეს - მიხეილ სააკაშვილს ხელი არ ახლოო. ნაწილობრივ ეს მართალიცაა - ტყუილად კი არ იყო სააკაშვილის გვერდით საზღვრის "გარღვევის" დროს უშიშროების ყოფილი შეფი ვალენტინ ნალივაიჩენკო, რომელსაც დასავლეთის სპეცსამსახურებთან ახლო კავშირები აქვს. თუმცა ხელისუფლებას მაინც ისევ შინაგანი ლოგიკა კარნახობდა - მოსახლეობა უკმაყოფილოა და თუ მიშას საზღვარზე ხისტ წინააღმდეგობას გავუწევთ, სისხლს დავღვრით, ვაითუ 2013 წლის მაიდანი განმეორდესო. ამიტომ პეტრო პოროშენკოს სხვა გზა არ ჰქონდა - რბილად მოქმედებდა. დასავლეთი ამას ხედავს და მის თვალში პეტრო პოროშენკო პოპულარობას კარგავს. იმ შემთხვევაში, თუ ევროპა და აშშ დასკვნებს გააკეთებენ, უკრაინის თავზე, ალბათ, ვადამდელი არჩევნების აჩრდილი სულ უფრო მკვეთრად გამოჩნდება.

-------

რა თქმა უნდა, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობას ჩაუნერგოს, რომ რეჟიმი და სახელმწიფო ერთიდაიგივეა, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა ხელისუფლების (რეჟიმის) წინააღმდეგ - ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ბრძოლაა. შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ თუ უკრაინის სახელმწიფოს და მისი ხელისუფლების ფუნდამენტის მორყევას ვინმე ხელს შეუწყობს, ის რუსი შოვინისტებისა და ევროპელი ნაციონალისტების საქმეს გააკეთებსო. მინისტრი მართალია - ასეთი მოქმედება სწორედ რომ რუსეთის ინტერესებში შედის. კრემლი დაინტერესებულია დღევანდელი ანტირუსული პროექტის - "უკრაინის" დემონტაჟით. კრემლს სურს უკრაინის გადაფორმატება ნორმალურ, მულტიკულტურულ ფედერაციულ სახელმწიფოდ და რაც უფრო მეტად მოახდენს მიხეილ სააკაშვილი (მისი გარემოცვის ჩათვლით) უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტირებას, მით უფრო მალე მოხდება სახელმწიფოს გადაფორმატება.

დიახ, რასაკვირველია, არსებობს იმის საფრთხე, რომ პეტრო პოროშენკოს გვირგვინი მიხეილ სააკაშვილმა მოირგოს. თუ ასეთი როქირება მოხდება, მაშინ მოსკოვი უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, ვიდრე ახლაა. საბედნიეროდ, როქირების შანსი მინიმალურია: იმიტომ, რომ მიხეილ ნიკოლოზოვიჩი ადამიანი-სპოილერის (ანუ ყველაფრის გამფუჭებლის) როლს ასრულებს. იგი ეფექტურია ტარანის დროს, ეფექტურია პოლიტიკური ქილერის როლის შესრულებისას (ამ შემთხვევაში - პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ), მაგრამ სააკაშვილს უკრაინაში არც კავშირები და არც იმის რესურსები არ აქვს იმისთვის, რომ იგი სახელმწიფოს მეთაური გახდეს (გინდ დე-ფაქტო, გინდ დე-იურე). თუ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია წარმატებით დასრულდება, მაშინ მიხეილ სააკაშვილი სწრაფად მარგინალიზდება და გვერდზე იქნება მიწეული. მას გვერდზე გასწევს იგივე იულია ტიმოშენკო, რომელიც საკმაოდ სწრაფად გამოძებნის საერთო ენას რუსეთთან და ევროპასთან. მას ასეთი ნაბიჯი პირველად არ გადაუდგამს, იულიას ასეთ საქმეებში გამოცდილება აქვს. (წყარო)

--------

შენიშვნა: პუბლიკაციის ავტორი გევორქ მირზოიანი არის რუსეთის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის დეპარტამენტის დოცენტი.

მოამზადა სიმონ კილაძემ