"მიხეილ სააკაშვილის მიღება საქართველოს მაინცდამაინც არ სურს" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის მიღება საქართველოს მაინცდამაინც არ სურს"

"საქართველოს ხელისუფლება მშვენივრად აცნობიერებს, რომ იგი დესტაბილიზაციის ფაქტორს წარმოადგენს. სადაც არ უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილისათვის დანგრევა უფრო იოლია, ვიდრე მშენებლობა"

უკრაინული «Обозреватель»-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა ალინა კუპცოვამ, უკრაინის რადას წევრს, სიტყვის თავისუფლებისა და საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ვიქტორია სიუმარს ჩამოართვა, დეპუტატი საუბრობს ქვეყანაში შექმნილ საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის შესახებ: თვალსაზრისს გამოხატავს სხვადასხვა პრობლემატურ და სკანდალურ საკითხებზე, მათ შორის ე.წ. ზურგჩანთების საქმეზე (კორუფციულ გარიგებაზე, რომელშიც, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის ვაჟიც არის გახვეული), სახელისუფლო კოალიციის, სამომავლო არჩევნებისა და ე.წ. მიხომაიდანის ირგვლივ.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან (ინტერვიუ ჩაწერილია 6 ნოემბერს):

- ვინ აკონტროლებს რადასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას - მიხეილ სააკაშვილი თუ იგორ კოლომოისკი?

- ვფიქრობ, რომ იქ არავინ არაფერს არ აკონტროლებს. იქ არიან სხვადასხვა ადამიანების უამრავი რაოდენობის ჯგუფი - ვიღაცას უნდა თავი კაზაკად იგრძნოს, ვიღაცას პოლიტიკური ამბიციები აქვს, ვიღაცას პოლიტიკური ტრიბუნა სურს, ვიღაც ფრონტიდან დაბრუნდა და არ იცის რა გააკეთოს... ამიტომაც აქციაზე ვერტიკალი არ არის. (...) ჩვენთან შინაგანი მოთხოვნილება არსებობს პურსა და სანახაობაზე. თუ პურის საქმე ცუდადაა, მაშინ საჭიროა მეტი სანახაობა. სანახაობრივი პოპულისტები ყველა ხალხში საკმაო პოპულარობით სარგებლობენ და მათ ხმას აძლევენ. შეხედეთ ამერიკას და ევროკავშირს, იქაც ხდება მსგავსი ფაქტები.

- ანუ თქვენი აზრით, უკრაინელები მიხეილ სააკაშვილს ხმას მისცემენ?

- არა, იგი ამ მხრივ გამონაკლისია და აი, რატომ: მიხეილ სააკაშვილს რეიტინგი არ აქვს. იგი უკრაინელი არ არის, უბრალოდ, გარკვეულ როლს ასრულებს. უკრაინელებს მსგავსი ტიპების მიმართ კონსერვატიული დამოკიდებულება აქვთ. უკრაინაში არასოდეს აირჩევენ პრეზიდენტად ასეთ ყბედ და მყვირალა ადამიანს, რომელსაც არაფერი გაუკეთებია. დღემდე პრეზიდენტად ყოფილი პრემიერ-მინისტრები ხდებოდნენ. რაც შეეხება პეტრო ალექსეევიჩს [პოროშენკოს], მას ძალიან ბევრ სახელმწიფო თანამდებობაზე აქვს ნამუშევარი, ამიტომაც აირჩიეს პრეზიდენტად. ვფიქრობ, ჩვენთან არ მოხდება ისე, რომ ტრიბუნიდან ვიღაც ხელს იქნევს და იგი პრეზიდენტად იქნეს არჩეული. იგი ვერც "რევოლუციის ტარანი" ვერ გახდება.

- როგორ მოხდა, რომ თქვენ და თქვენისთანა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ვიქტორ იანუკოვიჩი დაამხეთ, მხედველობიდან გამოგეპარათ მიხეილ სააკაშვილის ზრახვები?

- ვფიქრობ, აქ საქმე გვაქვს ტაქტიკურ მანევრებთან. აბა, შევხედოთ ამ მანევრების შედეგებს: აშკარაა, დღეს ისეთი საპროტესტო განწყობა, რომ ადამიანები მასობრივად ქუჩაში გამოვიდნენ, არ არსებობს. ამიტომ ეს ყველაფერი სწრაფად გარდაიქმნა ფარსად. იმისათვის, რომ პოლიტიკაში კარგი ქილერი იყო (მიხეილ სააკაშვილს კი სწორედ ქილერობა სურს), უნდა იცოდე არამარტო შენობაში შესვლა, არამედ იქიდან გამოსვლაც. სხვაგვარად ქილერი კი არა კამიკაძე ხარ. ამ ხალხმა, რომლებიც აქციაზე მოვიდნენ, არ იციან როგორ გამოვიდნენ შექმნილი სიტუაციიდან. ქილერების ნაცვლად ისინი კამიკაძეებად გადაიქცნენ...

- თქვენი აზრით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება შესაძლებელია?

- ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიღება საქართველოს მაინცდამაინც არ სურს. საქართველოს ხელისუფლება მშვენივრად აცნობიერებს, რომ იგი დესტაბილიზაციის ფაქტორს წარმოადგენს. სადაც არ უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილისათვის დანგრევა უფრო იოლია, ვიდრე მშენებლობა. ფაქტია, რომ საქართველოში მან ნამდვილად მოახდინა რევოლუცია - პოლიტიკაში ახალი თაობა მოიყვანა. ამასთან, იგი ძველს ანგრევდა, თუმცა შემდეგ ახალს სხვები აშენებდნენ, ვთქვათ, ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე. საქართველოში რევოლუცია ხელისუფლებაში თაობათა ცვლილებისთვის მოხდა, უკრაინაში კი - გეოპოლიტიკური, პროევროპული არჩევანისთვის.

სააკაშვილს ეს არ ესმის. უკრაინას ევროპული არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს და ევროპასთან ინტეგრირების გამო პეტრო პოროშენკოს რეიტინგი უკვე დადებით დინამიკას აჩვენებს. საერთოდ, რეიტინგი საქანელას ჰგავს: ზოგჯერ მაღლა მიდის, ზოგჯერ კი ვარდება. გახსოვთ, რას ამბობდა ორი წლის წინ იულია ტიმოშენკო, რომლის რეიტინგი იზრდებოდა - ზამთარში ყველა გავიყინებით, ტარიფები მაღალია... ზაფხულში - ყველა შიმშილით დავიხოცებით, რადგან მთავრობა მიწის გაყიდვას აპირებსო. გავიდა ორი წელი და არც გავყინულვართ, არც დავხოცილვართ და არც მიწა არ გაყიდულა... პეტრო პოროშენკოს კი პლუსად უთვლიან იმას, რომ მისი მმართველობის დროს უკრაინამ, გვიან, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიაღწია ვიზალიბერალიზებას.  (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ