რას "ერჩოდა" პრეზიდენტი თავის პრესმდივანს?! - კვირის პალიტრა

რას "ერჩოდა" პრეზიდენტი თავის პრესმდივანს?!

პრეზიდენტს უყვარს ხუმრობა, ნაცმოძრაობას კი - პრეზიდენტის ხუმრობა! ამიტომაც ეგზიტპოლებით გამარჯვებული უგულავას წარდგენისას პრეზიდენტმა ჩვეულებისამებრ იხუმრა:

"დღეს მე არა მაქვს საარჩევნო კომისიის უფლება, ჯერ არც წვერი გამიზრდია და არც ისეთი მომხიბლავი პრესმდივანი მყავს, როგორიც ჩვენს საარჩევნო კომისიასა და მის თავმჯდომარეს, ამიტომ მხოლოდ როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელსაც არც კი აქვს თეორიული უფლება, ჩაერიოს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში (რა მწარე რამეა დემოკრატია!),

მინდა წარმოგიდგინოთ ბრწყინვალე თბილისელი, ნამდვილი პატრიოტი და  ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, გიგი უგულავა!" - ამ სიტყვებზე დარბაზს გამარჯვებულ სახეებზე ღიმილმა გადაურბინა, "უკბილო" ხუმრობას აჰყვნენ... თუმცა, ალბათ, ვერავინ მიხვდა, რას "ერჩოდა" პრეზიდენტი თავის პრესმდივანს.  მოგეხსენებათ, მისი პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე გახლავთ, პრესსამსახურის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის) უფროსი კი ალანა გაგლოევაა.

ღმერთმა უწყის, "არც ისე სიმპათიურში" რომელი ერთი იგულისხმა ეგზიტპოლების შედეგით აღტყინებულმა პრეზიდენტმა. ისე, სააკაშვილს იმდენი ამყოლ-დამყოლი ჰყავს, არ არის გამორიცხული, ვინმე ბედოვლათს ხელისუფლების წარმომადგენელთა პრესმდივნებს შორის სილამაზის კონკურსის მოწყობის იდეაც გაუჩნდეს.

ასეთ შემთხვევაში უფრო სამართლიანად და საფუძვლიანად გაირკვევა, ვის მიენიჭოს და ვის არა "უფრო  ლამაზისა" და "სიმპათიურის" ტიტული, თორემ პრეზიდენტის პრესმდივნის ღირსება აშკარად შეილახა. ახლა კი რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის რეკლამირებულ პრესმდივანს, გაცნობებთ, რომ   ჯული გიორგაძე დასაოჯახებელია და არჩევნების შედეგების გამოცხადების გარდა, ცომის მოზელაც და გაბრტყელებაც კარგად ეხერხება. ასე რომ, მას მაინცდამაინც ოპოზიციურად განწყობილი და არჩევნების შედეგებით განაწყენებული  მოქალაქეები ნუ გამოეხმაურებიან.

ჯული გიორგაძის ფოტოებმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება უკვე დაიმსახურა. "აი, რითი ვერთობოდი ბაქოში!"  - ვკითხულობთ ფოტოზე მინაწერს, რომლის ქვემოთაც აურაცხელი კომპლიმენტია, მათ შორის ასეთიც: "შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა"...