ნინო ბურჯანაძე: "საქართველოს ისეთი პრეზიდენტი სჭირდება, როგორიც ვლადიმირ პუტინია" - კვირის პალიტრა

ნინო ბურჯანაძე: "საქართველოს ისეთი პრეზიდენტი სჭირდება, როგორიც ვლადიმირ პუტინია"

"მან მუხლებზე დაჩოქილი რუსეთი ფეხზე წამოაყენა. აბა, შეადარეთ ერთმანეთს დღევანდელი და 10-15 წლის წინანდელი რუსეთი"

გერმანული ტელერადიოკომპანია Deutsche Welle-ს ჟურნალისტმა ანა ნემცოვამ ინტერვიუ ჩამოართვა პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისადმი სიმპათიებზე და საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარულ მმართველობაზე ილაპარაკა:

ნინო ბურჯანაძის აზრით, საქართველოში ყველაზე დემოკრატიული მმართველობა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მან თავი ვერ გაართვა ქვეყნის საშინაო პრობლემებს. ყველაზე ავტორიტარული რეჟიმი კი ქვეყანაში ე.წ. პროდასავლური პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დამყარდა, 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, რომელშიც თვითონ ნინო ბურჯანაძეც მონაწილეობდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ავტორიტარული სტილი მოგვიანებით გამოვლინდა, თავდაპირველად თითქოსდა არ ჩანდა, რადგან ავტორიტარიზმი თანდათან ყალიბდება. ამასთანავე, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ამჟამინდელი გადასახედიდან, იგი მაინც მიიღებდა "ვარდების რევოლუციაში" მონაწილეობას, რადგან რადიკალური ნაბიჯების გადადგმა იყო აუცილებელი - შევარდნაძის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში დემოკრატია უკვე ანარქიაში გადადიოდა, საჭირო იყო კორუფციის ალაგმვა, ბიუროკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა... ქვეყანა ჭაობში იძირებოდა. რევოლუცია ერთადერთი საშუალება იყო სიტუაციის გამოსასწორებლად. "ამასთანავე, ყოველთვის ვნანობ, რომ იმ დროს ედუარდ შევარდნაძე ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ საპარლამენტო არჩევნები განმეორებით დაენიშნა", - ამბობს ნინო ბურჯანაძე, - ჩვენ თავდაპირველად არ ვითხოვდით მის გადადგომას. ვაცნობიერებდით, რომ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით იმისთვის, რომ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა აგვეღო".

კითხვაზე, "რამდენად სამართლიანია ვლადიმირ პუტინისა და მიხეილ სააკაშვილის ერთმანეთთან შედარება იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთის პრეზიდენტიც ავტორიტარულ ლიდერს წარმოადგენს", ნინო ბურჯანაძე პასუხობს, რომ იგი არავითარ შემთხვევაში ამ ორ ლიდერს ერთმანეთს არ შეადარებს: "ვლადიმირ პუტინი სერიოზული პოლიტიკოსია, იგი სერიოზული ადამიანია. იგი ისეთი ლიდერია, რომელმაც იცის, თუ რა სჭირდება მის ქვეყანას და აკეთებს კიდეც. მისგან განსხვავებით, მიხეილ სააკაშვილი იმპულსური ადამიანია. ის, რომ დასავლეთში ვლადიმირ პუტინს აკრიტიკებენ როგორც ავტორიტარულ ლიდერს, ხოლო მიხეილ სააკაშვილზე მსგავსს არაფერს ამბობენ, ორმაგი სტანდარტების მაგალითია...დიახ, რუსეთში არის პრობლემები დემოკრატიასთან მიმართებით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი ავტორიტარული სახელმწიფოა. იქ მასმედია თავისუფალია. 10-15 და გინდაც 20 წელიწადში დემოკრატიის აშენება შეუძლებელია - ვერც დიდ რუსეთში და ვერც პატარა საქართველოში. ეს ჩვენ მშვენივრად დავინახეთ".

ნინო ბურჯანაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ვლადიმირ პუტინი გაიმარჯვებს: "მან მუხლებზე დაჩოქილი რუსეთი ფეხზე წამოაყენა. აბა, შეადარეთ ერთმანეთს დღევანდელი და 10-15 წლის წინანდელი რუსეთი. ვისურვებდი, რომ საქართველოსაც ისეთი პრეზიდენტი ჰყავდეს, როგორიც ვლადიმირ პუტინია... არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ იგი იდეალური ადამიანი და პრეზიდენტია, მაგრამ ვლადიმირ პუტინი თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს. მიხეილ სააკაშვილი უფრო მეტად არღვევდა ადამიანის უფლებებს და ზღუდავდა ოპოზიციას, ვიდრე ეს რუსეთში ხდებოდა, მაგრამ მას მაინც "დიდ დემოკრატს" უწოდებდნენ, პუტინს კი ავტორიტარად მიიჩნევენ. რატომ?". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ