"უკვე წკიპზე ვარ" - კვირის პალიტრა

"უკვე წკიპზე ვარ"

"ვერ ვხედავთ, რომ პროექტის თანახმად მიდის სააკაშვილის უგულავათი ჩანაცვლება?"

"ნოღაიდელი  გაიწიოს რა ცოტა ხანს, ყველგან ნუ ეტენება"

"ხელისუფლებამ იავნანა უმღერა ოპოზიციას და 30 მაისს ლამაზად მიაძინა", - აცხადებს "ერონული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ წაგებულ თამაშში მონაწილეობა ქართველებმა "ეროვნული სპორტის" სახეობად ვაქციეთ.

- ოპოზიცია ნაღმზე აფეთქდა. ყველამ ვიზარალეთ, არჩევნებში მონაწილემაც და მანაც, ვინც არჩევნებში არ მონაწილეობდა. მიშამ ადგილობრივ არჩევნებზე სჯა-ბაასით კიდევ ერთი წელი მოიგო.

შეცდომა იყო ამ არჩევნებში მონაწილეობა. ხომ წინასწარ ვიცოდით, რომ გაყალბებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვამბობდი, გაყალბებულ ბიულეტენს არჩევნების დღეს ვერავინ იპოვის-მეთქი. მილიონამდე ყალბი პირადობის მოწმობა ჰქონდა დაბეჭდილი იუსტიციის სამინისტროს. ერთი კაცი ხუთ სხვადასხვა უბანზე აძლევდა ხმას.

- ამბობთ, ოპოზიცია აფეთქდაო, მაგრამ ირაკლი ალასანია ამბობს, "ალიანსმა" წარმატება მოიპოვაო.

- როდესაც ამბობ, წარმატებას მივაღწიე და ოპოზიციაში პირველი პარტია ვარო, უნდა გაითვალისწინო, რომ "ალიანსი" ერთი პარტია არ არის. თანაც მეორე ადგილზე საქართველოს მასშტაბით ქრისტიან-დემოკრატები გავიდნენ. თქმა, ოპოზიციაში პირველი ვარო, სწორედ იმის დადასტურებაა, რომ მეორე ადგილისათვის იბრძოდი და არა ხელისუფლების წინააღმდეგ.

- ამ არჩევნების ობიექტურობა აღიარეს აშშ-მა და უცხოელმა დამკვირვებლებმა.

- სამაგიეროდ, ამ არჩევნებზე ეუთოს დასკვნა ძალიან კრიტიკულია და მას საგულდაგულოდ მალავს ხელისუფლება. აშშ და სხვები ჩვენ გამო რატომ მოიკლავენ თავს, თუ თავად არ გვექნება წინააღმდეგობის გაწევის სურვილი? რატომ ვავალდებულებთ ქართველები მთელ სამყაროს, რომ ჩვენი საქმე მათ გააკეთონ? ჩვენს საზოგადოებას პარაზიტული აზროვნება აქვს, - ვიღაცამ უნდა მაჭამოს, მარჩინოს, ჩამიწყოს და ფული მაშოვნინოს. ჩვენ ყველაზე ღირსეულად და მამაცებად მოგვაქვს თავი და სინამდვილეში ვანოსი გვეშინია. ამ არჩევნებზე ხალხი დაშინებითა და დარეკვებით გამოიყვანეს. ზოგსაც ფული გადაუხადეს.

ორი წლის წინ რომ ვთქვი, ჩვენი ხალხის ერთი ნაწილი საქონელია-მეთქი, ვიღაცებს ეწყინათ, მაგრამ მე ისევ იმ ჭკუაზე ვარ. კაცი ოც ლარად რომ გაყიდი ხმას, ანუ სულს, საქონელი ხარ, აბა, რა? და ნუ სწყინთ, ასე რომ ვუწოდებ. საქონლებში არ ვგულისხმობ "ნაცმოძრაობის" იმ მხარდამჭერებს, რომელთაც იდეით მისცეს ხმა ნაციონალებს. ასეთებს ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ სადარბაზოში ამორძალი-კოორდინატორი რომ დაარიგებს ფულს და იმას აიღებ შენი ხმის სანაცვლოდ, შოვნაზე რომ ხარ, აბა, ეს რას ნიშნავს.

- მაგრამ რა ქნას ხალხმა, რომელსაც უნდოდა ხელისუფლების შეცვლა, გამოდიოდა ოპოზიციის ყოველ მოწოდებაზე, თვეობით იდგა აქციებზე და მაინც არაფერი გამოვიდა. ხალხს რომ გული გაუტყდა, ეს ხომ ოპოზიციის ბრალია?

- მართალი ხართ და ხალხიც მართალია ყოველთვის. საზოგადოება უფრო მზადაა ცვლილებებისათვის, ვიდრე პოლიტიკური ოპოზიცია. ავისა და კარგის გარჩევა უნდა ვისწავლოთ. ზოგიერთი პოლიტიკოსისაგან განსხვავებით ქუჩაში ფეხით, დაცვის გარეშე დავდივარ და ხშირად მეუბნებიან, ვერ გავერკვიეთ, ვის მივცეთ ხმაო. დროა, გაერკვიოთ. ამ არჩევნებმა ლუსტრირება მოახდინა, ვინ როგორია, გამოჩნდა.

არა ვარ იმ მდგომარეობაში და არც იმის ფუფუნება მაქვს, რომ ენა გადმოვაგდო და ვიღაცები ვლანძღო. თვითონ უნდა მიხვდეს ხალხი ყველაფერს. ქართველობას 5 წლის ბავშვივით არ უნდა სჭირდებოდეს ახსნა, ვინ როგორია. ფაქტია, მოიგო ხელისუფლებამ და არჩევნებიდან გაძლიერებული გამოვიდა.

- მაგრამ სწორედ "ალიანსის" ლიდერი ამბობს, ამ არჩევნებმა დამარწმუნა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძლება არჩევნებით ხელისუფლების შეცვლაო.

- ამ საარჩევნო სისტემით 7 ათასი წლის განმავლობაში ყოველთვე რომ ვატაროთ არჩევნები, ყოველთვის წააგებს ოპოზიცია. კიდევ ორი რეგიონი რომ დაკარგოს სააკაშვილმა და კიდევ ორი ომი წააგოს, მაინც გაიმარჯვებს, რადგან არჩევნების შედეგებს ცესკოში გამოწერს ხელისუფლება.

ოპოზიციონერები ამბობდნენ, ნახევარი მილიონი ამომრჩეველი თუ გამოვა, გავიმარჯვებთო, გამოვიდა ნახევარი მილიონი, მაგრამ სად არის გამარჯვება? იმასაც ხომ ამბობდნენ, ჩვენს ხმებს დავიცავთო, რატომ არ დაიცვეს? ზოგიერთები კი იმუქრებოდნენ, ვინც არჩევნებს გააყალბებს, ხელ-ფეხს დავამტვრევთო, რატომ არ დაამტვრიეს?

რაკი არ დაამტვრიეს, ე.ი. აღიარებენ ამ არჩევნებს და გამოდის, არ გაუყალბებია ხელისუფლებას.

- "ფორუმი "საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაში ხედავს ოპოზიციის წარმატების მნიშვნელოვან პირობას, მაგრამ როგორ შეცვლით კანონმდებლობას?

- ჩვენ ვერ შევცვლით. ეს საერთო-სახალხო შეკვეთა, სურვილი უნდა იყოს. სულ არის ლაპარაკი, რომ ოპოზიცია არ ერთიანდება და ხალხი სულ ბელადს ეძებს. გამოჩნდებიან ცრუბელადები, ერთი იტყვის, მე ვარ ბელადიო, მეორე იჩემებს, არა, მე შენზე მაგარი ბელადი ვარო და არ თავდება ეს ამბავი. ამიტომაც ჭკვიანი ადამიანები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები უნდა დასხდნენ და იფიქრონ, რამ შეიძლება თავი მოუყაროს ოპოზიციასა და საზოგადოებას.

ძვირფასო ქართველებო, გთავაზობთ კონკრეტული ბრძოლის თემას - ყველა ხერხით ვაიძულოთ ხელისუფლება, საარჩევნო კანონმდებლობა გამოცვალოს. შევთანხმდებით ამაზე? მერე დადგება საკითხი, რა ვადებში უნდა მოხდეს ეს. ხელისუფლება უარს კი არ ამბობს კანონმდებლობის შეცვლაზე, სახელმწიფო კომისიის შექმნას გვთავაზობს.

ოპოზიციის ერთი ნაწილი შევა ამ კომისიაში, წელიწად-ნახევარი ილაყბებს პავლე კუბლაშვილთან, მერე კი გამოვა და იტყვის, გადამაგდო ხელისუფლებამ და "ფორუმი" რატომ არ მოვიდა მახეში ჩემთან ერთად გასაბმელადო. მახეში გაბმული მე რად მეძახი, მოდი, ჩემთან ერთად იყავიო. მახე იყო, ამ კანონმდებლობით არჩევნებზე წასვლაც და შარშანდელი 26 მაისიც.

არადა, შარშან მაისში დავუდეთ ოპოზიციას ორთვიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობდა პარალელური მთავრობისა და სახალხო პატრულის შექმნას, კომიტეტების, საერთო შტაბისა და საზოგადოებრივი დარბაზის შექმნას, რეგიონებში გასვლასა და 7 აგვისტოს ქუჩაში მილიონი ქართველის გამოყვანას. ერთმა პოლიტიკოსმა ქალბატონმა (ეს ნინო ბურჯანაძე არ ყოფილა) მაშინ მითხრა, "ფორუმს" გინდათ, 7 აგვისტომდე დატოვოთ სააკაშვილი ხელისუფლებაშიო და დღეს რომელი წელი და რა რიცხვია? ხატზე შემიძლია დავიფიცო, ღამეები გვაქვს ნატეხი ოპოზიციასთან ლაპარაკში. რა არ შევთავაზეთ, მაგრამ... ძალიან ვთხოვ ჩემს კოლეგებს, თავი შეიკავონ "ფორუმის" გაკრიტიკებისაგან, თორემ უკვე წკიპზე ვარ.

- თუ ოპოზიციამ ახალ საარჩევნო კანონმდებლობაზე შეთანხმება მოახერხა, ხელისუფლებამაც დათმო, მერე რა იქნება?

- რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნა.

- "ფორუმი" ოპოზიციასთან საუბარს ნოღაიდელის გარეშე აპირებს?

- ნოღაიდელი უნდა ხვდებოდეს, რომ ხელს უშლის ოპოზიციის გაერთიანებას, რადგან ოპოზიციის ნახევარი გამორიცხავს მასთან ურთიერთობას, ამიტომაც თუ ნოღაიდელი პატრიოტია და ქვეყანა უყვარს, გაიწიოს რა ცოტა ხანს, ყველგან ნუ ეტენება. "ეროვნულ საბჭოში" ზვიად ძიძიგურსა და კობა დავითაშვილთან გვექნება ურთიერთობა და თუ მართლა უყვარს სამშობლო, ნოღაიდელი ნუ მოვა იმ შეხვედრაზე.

ჩემი მთავარი ამოცანა ახლა საარჩევნო გარემოს გამოცვლაა, თორემ ჩაგვიტარებს სააკაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს და გაგვაპობს შუაზე. ოღონდ კანდიდატი უკვე უგულავა იქნება. ვერ ვხედავთ, რომ პროექტის თანახმად მიდის სააკაშვილის უგულავათი ჩანაცვლება. მიშას მისი გარემოცვა პანღურს ამოარტყამს და გააგდებს.

ამერიკაში რომ იყო, უთხრეს, რომ უნდა წავიდეს, მაგრამ ის ახლა შანტაჟიორობს, ვანო ამას და იმას იზამსო. არ გამოვრიცხავ, რომ ესეც შეთანხმებული ჰქონდეს მერაბიშვილთან, ასე ვილაპარაკებო. მიშას დაგეგმილი აქვს, 2012 წელს დავკრავ ფეხს და წავალო, ჩვენ კი მარტო მისი აღებული ვალების პროცენტების გასტუმრება დაგვღუპავს.

წინასწარ ვაცხადებ, არ მინდა რევოლუცია, მაგრამ ჩემს ნდომაზე არ არის საქმე. არ მინდა ასე დაამთავროს ამ ხელისუფლებამ, განა იმიტომ, რომ მიყვარს, მტერმა შეიყვაროს ეგენი, ქვეყანა დაიღუპება ასე.

"ნაცმოძრაობის" აქტივისტების დევნა, ოჯახებში შევარდნა და ადგილზე დახვრეტები დაიწყება. ოჯახებს ლუკმაპური გამოაცალეს პირიდან. ამათ რომ ფეხი გადაუბრუნდებათ, ხელისუფლებას რომ ქონება "აჩუქეს", რას იზამს ის ხალხი? ან სანდრო გირგვლიანის მკვლელებს დატოვებენ ცოცხალს?

არ მინდა აქამდე მივიდეს საქმე და უკეთესს ვთავაზობ ხელისუფლებას: სასამართლოში გასამართლდებით. თუ მართლები ხართ, გამოხვალთ, თუ მტყუანები - ჩასხდებით, მაგრამ ცოცხლები დარჩებით. თუ არა და, მიშა გაიქცევა, თქვენ კი დაგხოცავენ. მე და ჩემნაირები ვართ თქვენთვის შანსი, რომ ცოცხლები დაგტოვონ და ხელი შემიწყვეთ ამაში - მშვიდობიანად წადით ხელისუფლებიდან!