ფრუსტრაცია - კვირის პალიტრა

ფრუსტრაცია

ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი "ფრუსტრაცია". ეს არის მდგომარეობა, რომელსაც წარმოშობს იმედგაცრუება, როცა რაც შენთვის მნიშვნელოვანია, რასაც ეყრდნობი, ინგრევა, ფეხქვეშ გეცლება. არჩევნების შემდეგ სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვარ. ოღონდ ერთი წუთითაც არ იფიქროთ, რომ ეს ოპოზიციის დამარცხების გამო დამემართა.

როგორ გეკადრებათ! უბრალოდ, არჩევნების შემდეგ გამიჩნდა განცდა, რომ ჩვენ არასდროს გვეღირსება დემოკრატია, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი არა აქვს, რომ არჩევნებით საქართველოში ხელისუფლება არასოდეს შეიცვლება, ჩვენ ავტორიტარიზმისა და შემდეგ ავტორიტარული ხელისუფლებების რევოლუციის გზით დამხობისთვის ვართ განწირული. არადა, ეს ოხერი რევოლუცია შეიძლება, ჰა და ჰა, ას წელიწადში ერთხელ იყოს, ყოველ ოთხ წელიწადში რევოლუცია რა უბედურებაა?

არ იფიქროთ, ასეთი ვითარება მხოლოდ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების დამსახურებაა. არა, ობიექტური რეალობაა ასეთი. ჩვენთან ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იქნება დემოკრატიული. ამას განაპირობებს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური ფაქტორები. სუბიექტური არის ის, რომ არც ერთი ხელისუფლება არ იტყვის უარს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და ქართველი საზოგადოებაც ამას ყოველთვის შეეგუება (ეს ყველაზე უკეთ 30 მაისის არჩევნებზე გამოჩნდა), ხოლო ობიექტური არის ეროვნული უმცირესობების ფაქტორი (ადგილობრივ არჩევნებში იმდენად არა, რამდენადაც საერთო-ეროვნულში), რომლებიც ხმას ყოველთვის ხელისუფლებას აძლევენ და არ აინტერესებთ, როგორია ეს ხელისუფლება.

ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი თავს ქართული სახელმწიფოს ნაწილად არ გრძნობენ. არ აინტერესებთ, რა ხდება ქართულ პოლიტიკაში, უბრალოდ, ვერ ერკვევიან, თან ენაც არ იციან. შედეგად ვიღებთ იმას, რომ  ახალქალაქელმა სომეხმა კარგად იცის, რა ხდება სომხეთისა და რუსეთის პოლიტიკაში, მაგრამ გაგებაში არაა, რა ხდება ქართულში.

იცის მხოლოდ, ვინ არის ხელისუფლებაში და მორჩა. იგივე ითქმის ჩვენს აზერბაიჯანელ მოქალაქეებზე. ეროვნული უმცირესობები საერთო ამომრჩევლების მინიმუმ 15%-ს ხომ მაინც შეადგენენ? დაუმატეთ ამას იმ პირთა რიცხვი, რომლებიც საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობენ და რომლებიც ამის გამო თავს ვალდებულად მიიჩნევენ (ან აიძულებენ, რომ მიიჩნიონ), ხმა ხელისუფლებას მისცენ. ეს კიდევ 15% ხომ იქნება? ამას დაუმატეთ პატიმრებისა და პრობაციონერების ახლობლების ხმები, ვთქვათ, მინიმუმ 5% და საბოლოოდ ასეთ შედეგს ვიღებთ: ხელისუფლებას აქვს მინიმუმ 35%-იანი ფორა.

ეს ძალიან დიდი ციფრია. როდესაც ხელისუფლებას ასეთი ფორა აქვს, მისი დამარცხება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ხელისუფლების რეალური რეიტინგი ნულს ქვემოთ თუ არა, ძალიან დაბალი მაინც იქნება (ვთქვათ, არა უმეტეს 10%-ისა), ასეთი ხელისუფლება კი ბუნებაში ძალიან იშვიათად არსებობს.

ყველაზე უვარგის ხელისუფლებასაც კი ჰყავს მხარდამჭერები. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა დაეცეს სააკაშვილის რეიტინგი, რომ მას 30%-იანმა ფორამაც ვერ უშველოს?! ეს, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. ეს რეიტინგი კი, 30%-იან ფორასთან ერთად, ყოველთვის უზრუნველყოფს მის გამარჯვებას. ამიტომ ოპოზიციამ, თუ შნო აქვს, სწორედ ამ ფორის გაქრობაზე უნდა იმუშაოს. როგორ, ნამდვილად არ ვიცი. ახლა ხომ ხვდებით, რატომაც ვარ

ფრუსტრირებული?

"ალიანსის" შეცდომები

ალასანიამ და "ალიანსმა" წინასაარჩევნოდ რამდენიმე მძიმე შეცდომა დაუშვეს. ჭადრაკის სასახლეზე უკვე ბევრი ისაუბრეს. აქ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს: ზოგი ფიქრობს, რომ ალასანია იმ პროცესში უნდა დარჩენილიყო, რომელიც ჭადრაკის სასახლეში დაიწყო და მაშინ შეცდომა სწორედ უკან დახევა იყო. მე კიდევ პირიქით მგონია: ალასანიას შეცდომა იქ მისვლა იყო, ალასანიას იქ არაფერი ესაქმებოდა. ამას წინათ კოკა გუნცაძემ, რომელმაც "ალიანსი" დატოვა, მითხრა, შეიძლება ნოღაიდელთან გაერთიანება ბოროტებაა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენა უფრო დიდი ბოროტებაა და მას გამარჯვების გამო ორ ბოროტებას შორის ნაკლები ბოროტება უნდა აერჩიაო. ასეთ ლოგიკას ვერაფრით გავიზიარებ.

თუ ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილიც ბოროტებაა და ნოღაიდელიც, რატომ უნდათ ერთი ბოროტების მეორით დამარცხება? პოლიტიკაში მთავარი პრინციპების ერთგულება და თანამიმდევრულობა უნდა იყოს და თუ დღეს ქართულ პოლიტიკაში ასე არ არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენც ისე უნდა მოიქცე, როგორც ყველა. შენი შანსი დღეს სწორედ განსხვავებულობაშია. სამწუხაროდ, ალასანიას მაშინ არ ეყო არც პოლიტიკური გამოცდილება და არც ალღო, ამას მიმხვდარიყო. ამან კი მისი რეიტინგი საგრძნობლად დასცა.

მეორე შეცდომა ასევე ყბადაღებული, დუნე საარჩევნო კამპანიაა. ჩემი აზრით "ალიანსის" კამპანიის მთავარი მინუსი ის იყო, რომ კამპანია ერთი მიმართულებით წაიყვანეს, მაშინ როდესაც ხელისუფლების საარჩევნო კამპანიას ორი მიმართულება ჰქონდა. ერთი მხრივ, ხელისუფლება გვიყვებოდა, რა გააკეთა და მეორე მხრივ - რას გააკეთებს. ბუნებრივია, "ალიანსი" ვერ მოჰყვებოდა, რა გააკეთა, რადგან ის ხელისუფლებაში არასდროს ყოფილა. სწორედ ამიტომ მისი მეორე მიმართულება უნდა ყოფილიყო, ხელისუფლებამ რა ვერ გააკეთა (და რა დააშავა), ანუ, "ალიანსის" კამპანია მარტო პოზიტივზე არ უნდა ყოფილიყო აგებული.

მესამე დიდი შეცდომა "ალიანსმა" არჩევნების შემდეგ დაუშვა, როდესაც განაცხადა, არჩევნები არ წაგვიგიაო. თავიდან ისიც კი თქვეს, გავიმარჯვეთო, მაგრამ შემდეგ გამოასწორეს და ოდნავ უკან დაიხიეს: არც გამარჯვებული ვართ და არც დამარცხებული, რადგან საარჩევნო ბარიერიც გადავლახეთ და ოპოზიციაში ყველაზე უკეთესი შედეგი ვაჩვენეთო.

ასეთი პოზიცია ერთი-ერთზე იმეორებს სააკაშვილისას, რომელიც მას რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჰქონდა. სააკაშვილმა ჯერ სცადა, დამარცხება გამარჯვებად გაესაღებინა, როდესაც ეს არ გამოუვიდა, თქვა, ომი ვერ მოვიგეთ, მაგრამ არც დავმარცხებულვართ, რადგან რუსეთმა თბილისი ვერ აიღოო. თუ ასეთი მსჯელობა სწორია, მაშინ აღარც სააკაშვილი უნდა გაგვეკრიტიკებინა.

თუმცა, ამ კონტექსტში ყველაზე საინტერესო კითხვა მაინც ასე ჟღერს: "ალიანსს" ეს და სხვა შეცდომები რომ არ დაეშვა, მოიგებდა არჩევნებს?