როგორ იყენებს რუსეთი "რბილ ძალას" საქართველოს წინააღმდეგ
13-11-2017
როგორ იყენებს რუსეთი "რბილ ძალას" საქართველოს წინააღმდეგ
კვლევები მოწმობს, რომ მკვეთრად გამოხატული პრორუსული პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველში მხოლოდ ნეგატიური განწყობის გაღვივებას ახერხებენ, თუმცა, შესაძლოა, მოქმედებდნენ შეუმჩნეველი ჯგუფები, რომლებსაც კრემლი თავისი გეგმების განსახორციელებლად იყენებს. კრემლის სამიზნე ჯგუფზე პოლიტიკური ანალიტიკოსი გია აბაშიძე გვესაუბრა:

- საქართველოში დასავლური კურსისკენ სწრაფვა არასოდეს შეიცვლება - ეს არის ხალხის არჩევანი, რომელზეც გავლენას ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოახდენს, თუმცა ეს სულაც არ გვაძლევს მშვიდად ძილის საშუალებას - უნდა გვახსოვდეს, რომ კრემლს საქართველოში საკუთარი ინტერესები, სტრატეგია
და გეგმები აქვს. ბოლო დროს რუსეთმა პოლიტიკა შეარბილა და მთავარ იდეოლოგიად ე.წ. რბილი ძალა გამოაცხადა. ვგულისხმობ დაპირისპირებულ ქვეყნებში კულტურის, ხელოვნების, ბიზნესის, სპორტისა თუ სხვა სფეროების წახალისებას. რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს თუ გადავხედავთ, მუდმივად კეთდება აქცენტი, რაოდენ ნიჭიერები ვართ ქართველები, თითქოს ორი ქვეყნის მოსახლეობა­ სულ უფრო მჭიდროდ
უახლოვდება ერთმანეთს, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ­ ისიც, რომ რუსეთში ქართული ანსამბლ­ების ვიზიტი გაიზარდა. გააქტიურდა რუსეთთან უვიზო მიმოსვლის მოთხოვნაც არა მხოლოდ მოსკოვის ოფიციალური პირების მხრიდან, არამედ საზოგადოებრივი წარმომადგენლებისგან. მსგავსი განცხადებები შემთხვევით არასდროს ვრცელდება.

- და რა შედეგი მიიღო რუსეთმა თუნდაც ამ "რბილი ძალის" ამუშავებით?

- მცირე, თუმცა შედეგი მაინც არის - ყოველდღე რუსეთის ყოფილ საკონსულოსთან გავლა მიწევს და ინტენსიურად იზრდება იმ ადამიანების რიგი, რომლებიც რუსეთში გამგზავრებას ცდილობენ. კოლოსალურად იზრდება რუსი ტურისტების რაოდენობაც. სწორედ ეს გახლავთ რუსეთის მთავარი ბერკეტი და არა მაგალითად "ქართული მარში" ან მსგავსი დაჯგუფებები, რომლებიც უფრო ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებიან და მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების მეასეხარისხოვან თემებზე გადატანას ცდილობენ.
ხალხთა შორის მაქსიმალურ კომუნიკაციას სათავისოდ იყენებენ კრემლის პიარტექნოლოგები და პოლიტიკოსები არა მხოლოდ საქართველოში, ევროპასა და აშშ-შიც. კატალონიის მოვლენები, "ბრექსიტი" - ყველგან იგრძნობა რუსული სტრატეგია,­ რომელიც ამ მიმართულებით კოლოსალურ თანხას ხარჯავს...

- ფაქტია, რუსეთისთვის ღიად გამო­ხატული პრორუსული ძალები მთავარ დასაყრდენად ვერ იქცნენ, თუმცა, გზავნილებში შეფარულად ხომ არ იკითხება რუსეთის ინტერესების გატარების მცდელობა?

- თუ გულისხმობთ განცხადებებს, რომ პრობლემების გასაღები მხოლოდ მოსკოვშია, ეს კარგად დავიწყებული ძველი რუსული პროპაგანდის ნაწილია... დაბალანსებული პოლიტიკის გაგრძელება აუცილებელია. რუსეთთან იაპონია წლებია კურილიის დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ეს დიპლომატიურ ჩარჩოებს არ სცდება.­ რუსეთს, როგორც ოკუპანტს, საქართველოში საკუთარი ინტერესები აქვს, თუმცა ამან სიმშვიდე და საღი გონება არ უნდა დაგვაკარგვინოს... სხვათა შორის, აფხაზეთში გარკვეულ პირებთან მაქვს კავშირი და მათგან იმედისმომცემი გზავნილები მოდის, პირად საუბრებში ამბობენ, რომ მომავალი თაობა, რომელსაც ომი არ ახსოვს, ჩვენ შორის ურთიერთობებს აუცილებლად აღადგენს - სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი გასაღები...

საზოგადოება კარგად ხვდება, რომ საუბრები - თითქოს ნატოსა და ევროკავშირში არასოდეს მიგვიღებენ, აბსურდია. რუსეთი ნატოში ბალტიისპირა ქვეყნების გაწევრებასაც ეწინააღმდეგებოდა, თუმცა პროცესს წინ ვერ აღუდგა. რუსული მედიასაშუალებები გზავნილებს ოსტატურად ფუთავენ - პოზიტივსა და ქართველების ქებას დამატებული საფრთხე, ნიჰილიზმი, რომ ევროპა საქართველოს არ სჭირდება...

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით