"ნინო გვენეტაძის გადადგომა სურათს ვერ შეცვლის, იუსტიციის საბჭო კი უნდა დაიშალოს!"
13-11-2017
"ნინო გვენეტაძის გადადგომა სურათს ვერ შეცვლის, იუსტიციის საბჭო კი უნდა დაიშალოს!"
სასამართლოების გადატვირთულობა და სისტემაში მყოფი სხვადასხვა გავლენიანი ჯგუფის დაპირისპირებას შეწირული მართლმსაჯულება - ექსპერტები და უფლებადამცველები სასამართლო სისტემის შეფასებისას ამ ორ ძირითად პრობლემას გამოყოფენ, არადა, თითქოს 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ სასამართლო რეფორმის სამი ტალღა განახორციელა, საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარემოც არასამთავრობო ორგანი­ზაციების კვლევებში მეტ-ნაკლებად დადებითად შეფასდა, თუმცა შედეგი მაინც სავალალოა - ძალისხმევამ ვერ შეარყია სასამართლოს მართვის მანკიერი სისტემა. სისტემაში არსებულ კრიტიკულ ზღვრამდე მისული პრობლემები თვალსაჩინო განსაკუთრებით მას შემდეგ გახ
და, რაც უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ იუსტიციის საბჭოს შეხვედრაზე, სადაც 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხი განიხილებოდა, განაცხადა:""მე დღეს ძალადობის მსხვერპლი ვარ, საჯაროდ ვამბობ, თქვენ (იუსტიციის საბჭოს წევრებს­ მიმართავს) ძალადობთ ჩემზე, თქვენს ყველა წინადადებას, რომელსაც აქ შეაჯერებთ, დავეთანხმო ისე, რომ ჩემი გრაფიკი ვერ ვნახო. ხვალ დილის 9 საათამდე,
სანამ ჩემი დატვირთვის გრაფიკს არ გავივლი და გადავალაგებ, თანხმობას ვერ მოგცემთ... თქვენ ცდილობთ გააგრძელოთ ხელების გადაგრეხის პოლიტიკა და ჩემი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიმაღებინოთ".

გათენდა მეორე დილის ცხრა საათიც და ნინო გვენეტაძემ, რომელიც 34 მოსამართლის უვადოდ გამწესებას რამდენიმე საათის წინ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და იუსტიციის საბჭოს ძალადობაში ადანაშაულებდა, საგანგებო განცხადება გაავრცელა და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ხელი ყოველგვარი დამატებითი განმარტების გარეშე მოაწერა.

რა მოხდა? რეალურად არსებობენ თუ არა სასამართლოში გავლენიანი ფიგურები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დღის წესრიგს მართლაც კარნახობენ, თუ პირიქით, ნინო გვენეტაძე აფერხებს სასამართლოში გადატვირთულობის მოწესრიგებას, "კვირის პალიტრა" იურისტ იმედა დვალიძეს ესაუბრა:

- როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლია, იუსტიციის საბჭოს ერთი წევრი კი ამტკიცებს, მე ბულინგის მსხვერპლი­ ვარო, რა ქნას მოსამართლემ, როგორ მოიქცნენ მოქალაქე და ადვოკატი, რომლებიც სიმართლის დადგენას სასამართლოს გზით წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ. გვენეტაძის ამ განცხადების შემდეგ ვფიქრობდი, რომ სისტემაში სტრუქტურული ცვლილებები დაიწყებოდა, თუმცა დაპირისპირების მეორე დღეს ნინო გვენეტაძემ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ხელი მოაწერა. მოგვიანებით იუსტიციის საბჭოშიც გამოგვიცხადეს, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდებაო.

დღეს ქვეყანაში ადამიანის უფლებებს,­ უპირველესად, სასამართლო სისტემა არღვევს, რადგან მართლმსაჯულებას ვერ უზრუნველყოფს, ეს კი სახელმწიფოს სტრუქტურულად ანგრევს. უხეში დათვლებით, ქვეყანაში, სულ ცოტა, ორჯერ ნაკლები მოსამართლეა, ვიდრე უნდა იყოს და საქმეთა ნაკადის მკვეთრი ზრდისა და მოსამართლეების უკიდურესი გადატვირთულობის გამო იუსტიციის საბჭოს სხდომაზე ერთმანეთს წარმოუდგენელი ფრაზეოლოგიით მიმართავენ. ეს უპასუხისმგებლობაა და კატასტროფულ კრიზისამდე მივალთ.

- ვინ ქმნის ამ კრიზისს? იუსტიციის საბჭო, რომლის წევრთა უმრავლესობა თვალსაჩინოა, რომ ნინო გვენეტაძეზე გავლენის მოხდენას იოლად ახერხებს, თუ უშუალოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც პროცესის მართვას, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებასა და სისტემაში მინიმალურ მენეჯმენტს ვერ უზრუნველყოფს?

- იმის თქმა, რომ სასამართლო სისტემაში გავლენის სფეროებია გადანაწილებული და დიდია ეჭვი, რომ სხვადასხვა ჯგუფი ცდილობს პროცესის მართვას, საკმარისი არ არის, მოსამართლეებმა მოქალაქეობრივი და თანამდებობრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და თავად გამოიტანონ ინფორმაცია, რა ხდება შიგნით, ვინ ცდილობს მათზე გავლენის მოხდენას და ა.შ. ფაქტია, რომ იუსტიციის საბჭო აბსოლუტურად გაუმჭვირვალე ორგანოდ იქცა, გაუგებარი კრიტერიუმებით უარს ეუბნება მოსამართლეობის მსურველთა უმრავლესობას მანტიაზე. პასუხსაც არავინ გაგცემთ, აბსოლუტურად იდენტურ ვითარებაში რატომ მიიღო რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭომ, ხშირად ჩნდება ტესტებთან დაკავშირებული კითხვებიც.

ნინო გვენეტაძეს საზოგადოებისთვის უნდა განემარტა, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ძალადობა, თუმცა აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ მოიქცა - მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის გადადგებოდა, თუმცა საგანგებო განცხადებით გვითხრა, რომ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე 34 მოსამართლის უვადოდ გამწესებას ხელი მოაწერა. გავეცანი ამ სიას - ნაწილი მეცნო, ნაწილი კი აბსოლუტურად უცნობი პირები არიან. არ ვიცი, ვის როგორ წარმოუდგენია პროცესების მართვა და გავლენების შენარჩუნება, თუმცა ზუსტად ვიცი, ასეთ ვითარებაში სასამართლო სისტემის ამგვარად ფუნქციონირება ვერ გაგრძელდება.
ეს მდგომარეობა ნინო გვენეტაძეზე ძალადობა კი არა, საზოგადოებაზე ძალადობაა, რომლისთვისაც გამართული მართლმსაჯულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

- გამოსავალი იუსტიციის საბჭოს დაშლაა?

- უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს სხვადასხვა ორგანო აკომპლექტებს - პარლამენტი, პრეზიდენტი, სასამართლო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების შტოებს შორის გონივრული კომპრომისების მიღწევა ჭირს, რასაც პიროვნულო ფაქტორები ემატება. ფაქტია, ნინო გვენეტაძის გადადგომა სურათს ვერ შეცვლის - იუსტიციის საბჭო კი უნდა დაიშალოს!

სანამ ვითარება უმართავი გამხდარა, ხელისუფლებამ საკანონმდებლო ბერკეტები უნდა აამოქმედოს და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იუსტიციის საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა უზრუნველყოს! თუ საბოტაჟთან გვაქვს საქმე და მოსამართლეებად მხოლოდ კონკრეტული პირებისთვის მისაღები ადამიანები ინიშნებიან, გადატვირთულობის პრობლემა კი არავის აწუხებს, საქმეში უსაფრთხოების სამსახურები უნდა ჩაერთონ და საკითხი დეტალურად გამოიძიონ. თუ პიროვნული ფაქტორი არაფერ შუაშია და სახელმწიფოს ფული არა აქვს ახალი მოსამართლეების დასანიშნად, აღიარონ! წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლმსაჯულების ძიებას საზოგადოება ქუჩაში შეეცდება.
თუ მოსამართლეები არ დაინიშნებიან და საქმეების განხილვა წლობით გაგრძელდება, იუსტიციის საბჭო ერთმანეთს ისევ ძალადობასა და ბულინგში დაადანაშაულებს, მოქალაქეები თავად შეეცდებიან საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, რაც უკიდურესად საშიში პროცესია. ეს პერიოდი 90-იან წლებში უკვე გავიარეთ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით