"დიდი-დიდი, ახალ წლამდე გაძლონ" - კვირის პალიტრა

"დიდი-დიდი, ახალ წლამდე გაძლონ"

"ის, რაც დღეს უმაღლესი რადის წინ დადგმულ კარვებში ხდება, პოლიტიკური ფარსია და შესაფერისი ფინალიც ექნება"

მიხეილ სააკაშვილის უკრაინული ოდისეა გრძელდება - ამჯერად კარვების სოფელში, უმაღლესი რადის წინ. რა გეგმები, ან უფრო სწორად, რა შანსი აქვს სააკაშვილს და არის თუ არა მისთვის კარგი კიდევ ერთი ექსპრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს პოლიტიკაში დაბრუნება, ამ საკითხებზე უკრაინელ პოლიტოლოგ ვოლოდიმირ ფესენკოს კიევში ვესაუბრეთ:

- ის, რაც დღეს უმაღლესი რადის წინ დადგმულ კარვებში ხდება, პოლიტიკური ფარსია და შესაფერისი ფინალიც ექნება. დიდი-დიდი, ახალ წლამდე გაძლონ. სააკაშვილსა და უკრაინის მეორეხარისხოვან პოლიტიკოსებს ქვეყანაში მხარს არ უჭერენ.

- იულია ტიმოშენკოც მეორეხარისხოვანი პოლიტიკოსია?

- მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად უკრაინაში პოლიტიკური ლიდერების მიმართ უნდობლობამ რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია, ტიმოშენკო, პრეზიდენტ პოროშენკოსთან ერთად, მაინც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსად რჩება. მე ვგულისხმობ ისეთ ადამიანებს, როგორიცაა სიმონ სიმეიჩენკო, დონბასის ბატალიონის ყოფილი მეთაური, იგორ სობოლევი და სხვები...

- ანუ გამორიცხავთ იმ სცენარს, რომ სააკაშვილი შეძლებს თავის გარშემო გააერთიანოს უკრაინული ოპოზიცია?

- ამის შანსი არსებობდა სექტემბერში, როდესაც მოქალაქეობაჩამორთმეული სააკაშვილი ეფექტურად შეიჭრა უკრაინაში. აი, მაშინ ნამდვილად განიხილებოდა ასეთი სცენარი როგორც ტიმოშენკოს, ასევე ლვოვის მერ სადოვის მიერ. მაგრამ რამდენიმე დღეში,

როდესაც ოპოზიციურმა ლიდერებმა მიშას მხარდაჭერა გამოუცხადეს, ნათელი გახდა, რომ სააკაშვილს სურს იყოს ერთპიროვნული ლიდერი და ძალაუფლების არავისთან გაყოფა-გაზიარებას არ აპირებს. მას უნდა თვითონ იდგეს ავანსცენაზე და ყველა სხვა დაჩრდილოს, მათ შორის, ტიმოშენკო. სწორედ ამიტომ ჩამოშორდნენ მას როგორც ტიმოშენკო, ასევე სადოვი - მათ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ტარანის, გამოყენება სურდათ პრეზიდენტ პოროშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ გზით პოლიტიკური კრიზისის შექმნა, რაც ნაადრევ არჩევნებს გამოიწვევდა. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ მის რიგ პოზიციებს ეთანხმებიან, მათ არ სურთ სააკაშვილთან ერთად იდგნენ ტრიბუნაზე.

- საინტერესო იყო ავაკოვის "ბრალდებაც", რომ სააკაშვილს იანუკოვიჩის ხელქვეითი ოლიგარქი აფინანსებს.

- თუ სააკაშვილს მართლაც აფინანსებენ ოლიგარქები, ეს ის ოლიგარქები არიან, რომელთაც იანუკოვიჩთან არ ჰქონდათ კავშირი. ყველაზე ხშირად კოლომოისკისა და გრეგორიშინს ახსენებენ.

- ეს ის კოლომოისკია, რომელსაც სააკაშვილი ცოტა ხნის წინ მწვავედ აკრიტიკებდა.

- კოლომოისკის სახელმწიფომ მისი ბიზნესის ქვაკუთხედი, "პრივატბანკის" მართვის სადავეები ჩამოართვა, ის კი ყველანაირად ცდილობს ეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ შეცვალოს - მათ შორის, იყენებს პოლიტიკურ ინსტრუმენტებსაც პრეზიდენტ პოროშენკოს წინააღმდეგ. ამიტომ არ გამოვრიცხავ სააკაშვილის კარვების სოფელსა და კოლომოისკის შორის ირიბ კავშირს.

- ისევ პასუხგაუცემელ კითხვად რჩება სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი.

- სააკაშვილს არა აქვს უკრაინის მოქალაქეობა, მას უარი უთხრეს პოლიტიკურ თავშესაფარზე და თუ მისი დაპირისპირება უკრაინულ მართლმსაჯულებასა და ხელისუფლებასთან უფრო გამწვავდება, მაშინ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ კიევის შემდეგი ნაბიჯი მისი ექსტრადიცია იქნება. ამ ეტაპზე კიევში ურჩევნიათ უფრო დიპლომატიურად იმოქმედონ, სააკაშვილის ექსტრადიცია შეიძლება უკრაინაში ახალი პოლიტიკური მღელვარების მიზეზი გახდეს.

- მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილს საქართველოში ციხე ელოდება, ექსტრადიცია ნიშნავს, რომ კიევი საბოლოოდ მოიშორებს მას თავიდან.

- სწორედ ასე ფიქრობდნენ მაშინაც, როდესაც მას მოქალაქეობა ჩამოართვეს, მაგრამ სააკაშვილმა ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენა. პოროშენკოს ბლოკმა ეს გაიაზრა და გადაწყვიტეს, რომ ხისტი მოქმედებები ზედმეტად სარისკოა. თუმცა, თუ ეს დაპირისპირება გაგრძელდება, სააკაშვილს ან უკრაინიდან თავად წასვლა მოუწევს, ან იმ თანამებრძოლების ხვედრის გაზიარება, რომლებმაც ცოტა ხნის წინ უკვე იწვნიეს ექსტრადიცია. ვფიქრობ, კიევი ხელსაყრელ მომენტს ელოდება.

- სააკაშვილმა გაასაჩივრა სარჩელი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტზე. დიდი ალბათობით, საბოლოოდ ამ სარჩელის სტრასბურგში წაღება მოუწევს.

- როცა ტიმოშენკო იანუკოვიჩის პატიმარი იყო, მან და მისმა ადვოკატებმა საქმე სტრასბურგში წაიღეს. ტიმოშენკო 2011 წელს ჩასვეს, სასამართლო პროცესი ჭიანურდებოდა და საბოლოოდ, ტიმოშენკოს თავისუფლება სტრასბურგმა კი არა, ევრომაიდანის მოვლენებმა დაუბრუნა. ასე რომ, დიდი ალბათობით, სანამ სტრასბურგში ამ საქმეს უკირკიტებენ, უკრაინაში 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდება, პოლიტიკური სიტუაციაც შეიცვლება და შეიძლება ახალი პრეზიდენტიც კი გვყავდეს.

- ახალი პრეზიდენტი ახსენეთ და, ყოფილი პრეზიდენტი იუშჩენკო პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს. რამდენად სავარაუდოა სცენარი, რომ ორ ყოფილ პრეზიდენტს ერთ ბანაკში ვიხილავთ?

- ამის ალბათობა ძალიან მცირეა. ისინი იყვნენ მეგობრები, მეტიც, მათ ნათელმირონობა აკავშირებს, ამას კი უკრაინაში ძალიან აფასებენ. მაგრამ საქმე ისაა, რომ იუშჩენკოს სხვა ნათლიმამები დღეს მის კრიტიკოსებად და მტრებადაც კი გვევლინებიან. იუშჩენკოს არა აქვს მიდრეკილება რადიკალური ოპოზიციისკენ. კი, ის მონაწილეობდა "ფორთოხლისფერ რევოლუციაში", მაგრამ ის არ არის რევოლუციონერი. ის იყო უფრო სიმბოლო, ვიდრე რეალური ხელმძღვანელი.

- ანუ ერთგვარი უკრაინელი ჯორჯ ვაშინგტონი...

- ნამდვილად, და სწორედ ამიტომ არ ჩქარობს, რომ მხარდაჭერა გამოუცხადოს რადის წინ გამართულ ამ პოლიტიკურ აქციას. მას სურს, დაბრუნდეს დიდ პოლიტიკაში, როგორც მისაღები ალტერნატივა პოროშენკოსა და ტიმოშენკოს ფონზე, მაგრამ ეს ილუზიაა. ვფიქრობ, 2019 წლის არჩევნებზე სულ სხვა პოლიტიკური ფავორიტები იქნებიან და ამიტომ ვერ ვხედავ იუშჩენკოსა და სააკაშვილს შორის პოლიტიკური ალიანსის აზრს.

- სააკაშვილის ერთ-ერთი ბოლო განცხადება ასეთი იყო: საქართველო-უკრაინის საზღვარი სოჭზე გავა, აი, სოჭი კი რომელს გვეკუთვნის, ამაზე მოვრიგდებითო. როგორ ფიქრობთ, ვინ არის ასეთი განცხადებების სამიზნე აუდიტორია?

- უკრაინას სურს ყირიმისა და დონბასის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, საქართველოს კი - აფხაზეთისა და სამაჩაბლოსი. ასე რომ, შეუძლებელია, ადეკვატურ სამიზნე აუდიტორიაზე ისაუბრო. ეს უფრო ეპატაჟური, მასმედიის ყურადღების მისაპყრობი განცხადებაა.

ვაჟა თაAვბერიძე