"ნებით არც ერთი დიქტატორი არ მიდის" - კვირის პალიტრა

"ნებით არც ერთი დიქტატორი არ მიდის"

"ეს დემოკრატიული კი არა, კარგად შეფუთული ყველაზე ცუდი არჩევნები იყო"

"არ მეგონა, არჩევნების დღეს ამ მოჩვენებით სიმშვიდეს ვინმე დემოკრატიას თუ  დაარქმევდა"

"ალიანსიდან" წამოსული სოზარ სუბარი მალე კიდევ ერთ ფორმულას შესთავაზებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. რას გულისხმობს სუბარის ახალი ფორმულა, რატომ დატოვა "ალიანსი" და რა მიაჩნია ოპოზიციის გამარჯვების აუცილებელ წინა პირობად, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- "ალიანსში" რომ მივდიოდი, ვფიქრობდი, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეგვეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტარულ რეჟიმში არჩევნების მოგება შეუძლებელია, თვითმმართველობის არჩევნებზე შეიძლებოდა ოპოზიციურ ბრძოლაში გარდატეხის შეტანა, რადგან თბილისშია ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის უმეტესობა. წინა ორმა არჩევნებმა ცხადყო, რომ ოპოზიცია თბილისში იმარჯვებდა.

"ალიანსი" მიმაჩნდა ძალად, რომელსაც შეეძლო, ეტვირთა გამაერთიანებლისა და დამრტყმელი ოპოზიციური ძალის ფუნქცია. ვფიქრობდი, ჩემი მისვლით "ალიანსს" გავაძლიერებდი და ის მომავალში კიდევ მეტად გაძლიერდებოდა სხვადასხვა სუბიექტის შემომატებით. აპრილში კიდევ ერთხელ ვცადე, გამარჯვების ფორმულით  ვითარება შემომეტრიალებინა, რომ რეალური გამარჯვებისათვის მიგვეღწია. გამარჯვების ფორმულაზე შეუთანხმებლობა გარანტირებული დამარცხებისაკენ სვლას ნიშნავდა. ისეთი კამპანიის პირობებში, რომელსაც "ალიანსი" აწარმოებდა, გარანტირებული კი არა, დაგეგმილი დამარცხებისაკენ მიდიოდა.

როდესაც გამარჯვების ფორმულაზე ვერ შევთანხმდით, კოლეგებს ვუთხარი, ახლა რომ გამოვეცალო "ალიანსს", მთავარ თემად მედიაში ეს იქცევა, ზოგიერთი მედიასაშუალება  "ალიანსის" დისკრედიტაციას შეეცდება, ამიტომაც არ ვიტყვი, რომ "ალიანსი" დავტოვე, მაგრამ უარს ვამბობ კენჭისყრაზე და არ ვიქნები სიის პირველი ნომერი. არჩევნების მერე ვიტყვი, რომ წავედი-მეთქი.

არ მეგონა, თუ ამას კუდი გამოებმებოდა. 30 მაისს გავოგნდი, ირაკლი ალასანიამ რომ თქვა, არჩევნები ძალიან კარგად ტარდება და ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი მეტი დემოკრატიისკენო. ლაპარაკი მეტ დემოკრატიაზე ნიშნავდა, რომ დღეს საქართველოში დემოკრატიაა. ამას არ ვეთანხმები და მეგონა, "ალიანსშიც" შეთანხმებული ვიყავით იმაზე, რომ ქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობაა. მაშინ, როდესაც  კარგად ვიცოდით, რეგიონებში როგორ ჰყავდათ დაშინებული ხალხი და კანდიდატები, გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის გარდა, არ მეგონა, არჩევნების დღეს ამ მოჩვენებით სიმშვიდეს ვინმე დემოკრატიას თუ  დაარქმევდა. ძალიან გამაოცა იმანაც, რომ 31 მაისს მარცხი, რომელიც მთლიანად ოპოზიციამ განიცადა, "ალიანსმა" გამარჯვებად შეაფასა.

თბილისის საკრებულოში 5 დეპუტატის გაყვანაა ოთხსუბიექტიანი "ალიანსისთვის" წარმატება? ნუთუ  ასეთივე წარმატებას უნდა მიაღწიოს "ალიანსმა" საპარლამენტო არჩევნებში და საქართველოს მასშტაბით 9%-ის აღების შემდეგ 6-7 დეპუტატი გაიყვანოს პარლამენტში?!

- როგორ ფიქრობთ, "ალიანსისთვის" მთავარი მეორე ადგილზე გასვლა და მხოლოდ ოპოზიციაში პირველობა იყო?

- როდესაც "ალიანსი" შევქმენით, ჩვენი ამოცანა პირველობა იყო. ვამბობდით, რომ მოვიგებდით თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნებს. ამის არა მარტო პრეტენზია, არამედ შანსიც გვქონდა.

- მაშ, რატომ არ იბრძოლა "ალიანსმა" გამარჯვებისთვის?

- მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვაში, ამას ვერ აგიხსნით. ახლა ურემი გადაბრუნებულია, შანსი, რომ თბილისი მოგვეგო, დავკარგეთ, ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ. შეიძლება ბევრი ეჭვი მქონდეს, მაგრამ, როდესაც დარწმუნებული არა ხარ, ამის თქმა არ ღირს. მე არ მიბრძოლია იმისათვის, რომ "ეროვნული საბჭოსთვის" მოგვეგო და ზვიად ძიძიგურზე მეტი ხმა ირაკლი ალასანიას მიეღო. მიზანი გიგი უგულავაზე მეტი ხმის მიღება იყო.

- "ალიანსიდან" არჩევნებამდე არ წამოსულხართ, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება ირაკლი ალასანიამ მკაცრად შეაფასა, სოზარი არ მოიქცა როგორც ნამდვილი მეგობარიო.

- მეგობრული ის იქნებოდა, აპრილის ბოლოს მეთქვა, რადგან გამარჯვების ფორმულაზე ვერ შევთანხმდით, დამარცხების ფორმულა ამუშავდა და ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ-მეთქი?

- ითქვა, რომ გამარჯვების ფორმულის ხორცშესხმას ხელი ნოღაიდელის ფიგურამ შეუშალა. გულწრფელად მითხარით, ნოღაიდელი იყო ოპოზიციის გაერთიანების ჩაშლის რეალური მიზეზი?

- არის საკითხები, რომლებზეც გულწრფელად ლაპარაკიც არ ღირს. არსებობს შიდა სამზარეულო, რომლის დეტალები არ უნდა გახმაურდეს.

- რამდენად სწორად მოიქეცით იმ ამომრჩეველთან, რომელმაც ხმა "ალიანსს" თქვენ გამო მისცა?

- მათ გულწრფელად ვუხდი ბოდიშს. ჩემი წამოსვლის შესახებ რომ ადრე მეთქვა, გაცილებით მეტ ზიანს მივაყენებდი "ალიანსს".

- "ალიანსი" ამბობს, რომ  ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვლის ხელისუფლებას, თქვენ კი გეჩქარებათ.

- როდესაც საზოგადოების განწყობილებას ხელისუფლების რეაქცია არ მოსდევს, როდესაც პოლიტიკური დუღილი არ გადადის ლეგიტიმურ ორგანოებში, მაშინ საზოგადოებაში გულგატეხილობა ისადგურებს. ეს კი შეიძლება გამოიხატოს შეგუებაში, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ კი არ შეცვლის, უფრო განამტკიცებს "ნაციონალურ მოძრაობას".

გულგატეხილობას შეიძლება მოჰყვეს ქვეყნიდან მოქალაქეთა მასობრივად წასვლა. არის მესამე ვარიანტიც, შეიძლება ეს დაუგეგმავ სოციალურ ამბოხში გადაიზარდოს, ისე მოულოდნელად ამოხეთქოს დაგროვილმა ბოღმამ, რომ წარმოუდგენელი შედეგი მივიღოთ. თავისდა უნებურად შეიძლება ამას "ალიანსმაც" შეუწყო ხელი, როდესაც გამარჯვების შანსი გავუშვით და დამარცხებას გამარჯვება დავარქვით. როდესაც აგრესიულ კამპანიაზე ვლაპარაკობ, აჯანყებას კი არ ვგულისხმობ, მინდა ხალხი დარწმუნდეს, რომ მართლა შეგვიძლია ხელისუფლების შეცვლა.

ამ არჩევნებში ზოგ ჩვენს მომხრეს მონაწილეობა არ მიუღია, ზოგსაც ისე გაუტყდა გული, რომ ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" მისცა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ნაციონალებმა თბილისში იმაზე მეტი ხმა აიღეს, ვიდრე წინა ორ არჩევნებში.

სინამდვილეში ეს დემოკრატიული კი არა,  კარგად შეფუთული ყველაზე ცუდი არჩევნები იყო.

- ბოლო დროს საქართველოს ორ გზას უსახავენ, უკრაინის ან  ბიშკეკის გზა უნდა აირჩიოსო.

- ბიშკეკის გზა საშიშია საქართველოსთვის.

შეიძლება ხელისუფლებამ ხალხი იქამდე მიიყვანოს, მოულოდნელად სოციალური აფეთქება მოხდეს. არ დაგვავიწყდეს, ჩაუშესკუ მის მიერვე გამართულ მიტინგზე დაამხეს. იგივე შეიძლება მოხდეს აქაც. ამ არჩევნების შედეგმა რევოლუცია მოაახლოვა.

ნებით არც ერთი დიქტატორი არ მიდის, მაგრამ უნდა ვაიძულოთ. ხალხს ყველაფერი შეუძლია.

მაქვს კიდევ ერთი ფორმულა, რომელიც მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ უნდა გაიტანოს. ის გულისხმობს იმას, რომ არც ერთ პარტიას არც ერთ არჩევნებზე 51%-ზე მეტის მიღების უფლება არ ჰქონდეს და თუკი რომელიმე პარტია 51%-ზე მეტს აიღებს, მისი ხმები დანაჩენებს გაუნაწილდეს. ეს იქნება ქვეყანაში იძულებითი დემოკრატიის დამყარება, ეს ხელისუფლებას არჩევნების ზომაზე მეტად გაყალბების სურვილს გაუქრობს და პლურალიზმსაც უზრუნველყოფს.